“გოგონების ხმას” ახალი წევრები ჰყავს – მოზარდი გოგონები და ახალგაზრდა ქალები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან “საფარის” ფემინისტურ კლუბს შეუერთდნენ.
ფემინისტური კლუბის ძველი და ახალი წევრებისთვის “საფარმა” 3-დღიანი ღონისძიება დაგეგმა, რომლის მიზანი იყო ერთმანეთის გაცნობა, ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარება, კლუბის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა. სამივე დღეს დატვირთულ იყო როგორც საგანმანათლებლო სესიებით, ისე გასართობი აქტივობებით.
“საფარის” ციფრული კომუნიკაციის გუნდის ხელმძღვანელმა, სალომე ბარკერმა და სოციალური მედიის მენეჯერმა, ნინი სპარსიაშვილმა გოგონებს სოციალური ქსელებისთვის ვიზუალური მასალების მოსამზადებელი აპლიკაციები და ვებსაიტები გააცნეს, ასწავლეს მათი ეფექტიანი გამოყენების ხერხები. ასევე, ესაუბრნენ გუნდური მუშაობის პრინციპებსა და აპლიკაცია Safe You-ზე. მოწვეულმა ტრენერმა, დოდი ხარხელმა სოციალურ ქსელში კონტენტის, მათ შორის პოდკასტების მომზადების შესახებ ჩაატარა სესიები. “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია “გოგონების ხმის” წევრებს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიასა და ფემინისტურ აქტივიზმზე ესაუბრა, მისმა მოადგილემ, ნათია გვრიტიშვილმა კი გოგონებს “საფარის” ისტორია, პროექტები და ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც ორგანიზაცია ახალგაზრდებს სთავაზობს.
“გოგონების ხმა” არის ფემინისტური კლუბი, რომელიც “საფარის” ბაზაზე, 2020 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. კლუბის წევრი გოგონები “საფარის” მხარდაჭერით გეგმავენ და ახორციელებენ მათთვის საინტერესო, საგანმანათლებლო, გასართობ-შემეცნებით აქტივობებს: ატარებენ შეხვედრებს ე.წ. თანასწორგანმანათლებლობის პრინციპით, ქმნიან მასალებს სოციალური ქსელებისთვის და სხვ. ისინი თავიანთ სოფლებსა თუ ქალაქებში ცვლილებების აქტორები არიან და გვჯერა, რომ მომავალშიც დიდ როლს შეასრულებენ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში.