ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობა ნებისმიერ გარემოებაში დაუშვებელია. რწმენა იმისა, რომ ამგვარი ძალადობა ბავშვის ინტერესებს წაადგება, უკიდურესად მცდარი და დანაშაულებრივია. ძველი ქართული ანდაზის თანახმად, „შვილი მტრად უნდა გამოზარდო და მოყვარედ გამოგადგება“. სინამდვილეში, ბავშვის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ შესაძლოა ძალზე მძიმე და ხშირად გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ფიზიკური ძალადობა – ბავშვისთვის ფიზიკური ტრავმების, სხეულის სხვადასხვა დაზიანებების მიყენებაა, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ, არღვევენ მის განვითარებას და ართმევენ სიცოცხლეს. ეს არის დაჟეჟილობები, ნაიარევები, დარტყმებით, სილის გაწვნით, ცხელი საგნების ან სითხეების შეხებით, სიგარეტის მიწვით, სხვადასხვა დამაზიანებელი საგნების გამოყენებით მიყენებული დაზიანებები.
ფიზიკური ძალადობა ასევე მოიცავს ბავშვის ჩათრევას ნარკოტიკების, ალკოჰოლის გამოყენებაში, მისთვის მომწამვლელი ნივთიერებების ან/და თრობის გამომწვევი სამედიცინო პრეპარატების მიცემას (მაგალითად ძილის წამლის, რომელიც ექიმს არ გამოუწერია), ასევე ბავშვის მოგუდვის ან დახრჩობის მცდელობებს.
ზოგიერთ ოჯახში დისციპლინურ ზომებად ფიზიკური დასჯის სხვადასხვა სახეობა გამოიყენება: კეფაში წამორტყმიდან დაწყებული, ქამრით ცემით დამთავრებული. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ფიზიკური ძალადობა ნამდვილად ფიზიკური თავდასხმაა ჩვენზე გაცილებით სუსტ, უსუსურ არსებაზე, რომელსაც თითქმის ყოველთვის თან ახლავს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქიკური ტრავმები.
სექსუალური ძალადობა ან მოტყუება – არის ნებისმიერი სქესის ბავშვის გამოყენება უფროსის ან სხვა ბავშვის მიერ, საკუთარი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ან სარგებლის მიღების მიზნით. სექსუალური ძალადობა მოიცავს სექსუალურ აქტს (კოიტუსს), ორალურ ან ანალურ სექსს, ურთიერთმასტურბაციას, სასქესო ორგანოებით სხვა სხეულებრივ კონტაქტებს. სექსუალური ძალადობაა ასევე ბავშვის სექს სამუშაოში ან პორნობიზნესში ჩათრევა, ბავშვის წინაშე საკუთარი სასქესო ორგანოების ან დუნდულების გაშიშვლება, მისი თვალთვალი, როდესაც მან ამის შესახებ არ იცის: გახდის, ტუალეტში შესვლის დროს.
ფსიქოლოგიური (ემოციური) ძალადობაა მშობლების, მეურვეების, ძიძების, მასწავლებლების მხრიდან ბავშვის მუდმივი ან პერიოდული სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარები, ღირსების დაკნინება, იმაში დადანაშაულება, რაშიც ბრალი არ მიუძღვის, ბავშვის მიმართ სიძულვილის დემონსტრირება. ძალადობის ამ სახეობას განეკუთვნება ასევე ბავშვის მუდმივად მოტყუება, რის შედეგადაც იგი უფროსის ნდობას კარგავს, ასევე ბავშვის მიმართ მის ასაკობრივ შესაძლებლობებთან შეუსაბამო მოთხოვნების წაყენება.
ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების უგულებელყოფაა ბავშვის ძირითადი საჭიროებების და მოთხოვნების სათანადო უზრუნველყოფის არარსებობა (საცხოვრებელი, საკვები, ტანსაცმელი, აღზრდა, განათლება, სამედიცინო დახმარება). ბავშვების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულების ტიპური მაგალითია მათი მეთვალყურეობის გარეშე დატოვება, რაც ხშირად ბავშვისთვის უბედური შემთხვევებით, მოწამლვებითა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა შემთხვევებით მთავრდება.
ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ნებისმიერი ფორმა სხვადასხვა სახის პრობლემებად იჩენს თავს, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ – ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.
ბავშვზე ნებისმიერი სახის ძალადობას სხვადასხვა შედეგი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი რამ აერთიანებს: ბავშვის ჯანმრთელობისთვის ან მისი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე. ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება რომელიმე ორგანოს დაკარგვა ან ფუნქციის მოშლა, დაავადებების განვითარება, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევა. ფიზიკური ძალადობის შედეგად, ბავშვები სხვადასხვა სახით ზარალდებიან: იღებენ დაჟეჟილობებს, ტრავმებს, მოტეხილობებს, შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, თირკმელი, ელენთა და სხვ) დაზიანებებს. ამ დაზიანებების მოსარჩენად ბევრი დრო და ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება სასტიკად მოპყრობის ქვეშ მყოფი ბავშვის სულიერი ტრავმების, მისი ფსიქიკის გაჯანსაღებას.
ბავშვის მიმართ სასტიკ მოპყრობას ახლო და შორეული შედეგები გააჩნია.
ახლო შედეგებია ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, პირღებინების შეგრძნება, თავის ტკივილები, გონების დაკარგვა, მცირე ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი ტვინის შერყევის სინდრომი, როდესაც მათ მხარში ხელს კიდებენ და გამეტებით ანჯღრევენ. გარდა ზემოთ ხსენებული ნიშნებისა, ამ დროს ბავშვებს თვალის თეთრონებში სისხლჩაქცევების კვალი უჩნდებათ. ბავშვზე ძალადობის უახლოესი შედეგებია ასევე მათი მხრიდან მწვავე ფსიქიკური დარღვევები აგრესიის ნებისმიერ სახეზე პასუხად, განსაკუთრებით სექსუალური სახის თავდასხმისას. ამგვარი რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს აღგზნების, სადღაც გაქცევის ან დამალვის სურვილის, შენელებული რეაქციების, გარეგნული გულგრილობის სახით. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ბავშვი შეპყრობილია შიშის, განგაშისა და ბრაზის უმწვავესი განცდით. უფროსი ასაკის ბავშვებში ამ დროს შესაძლოა ღრმა დეპრესიის განვითარება, საკუთარი არასრულფასოვნების და უსარგებლობის განცდის თანხლებით.
რაც შეეხება ბავშვზე ძალადობის ხანგრძლივ შედეგებს, ისინი შესაძლოა ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე სხვადასხვაგვარად აისახოს: სხვადასხვა სომატური დაავადებებით, მენტალური და ემოციური დარღვევებით, სოციალური შედეგებით.
ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევები
იმ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების უმრავლესობაში, სადაც ბავშვებს მძიმე ფიზიკური სასჯელით უსწორდებიან, სადაც მათი მისამართით მუდმივად ლანძღვა-გინება გაისმის, სადაც მათ ოჯახის სითბო აკლიათ, ბავშვებს ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური განვითარების დარღვევები აღენიშნებათ. სპეციალისტები ბავშვის ამ მდგომარებას გაფურჩქვნის უუნარობას უწოდებენ.
ძალადობას დაქვემდებარებული ბავშვები თანატოლებს ხშირად ჩამორჩებიან სიმაღლეში, სხეულის წონის ზრდასა და სხვა მაჩვენებლებში. ისინი გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, იშვიათად იცინიან, სკოლაში გაცილებით უარესად სწავლობენ, ვიდრე თანატოლები. მათ ხშირად დასიებული, ჩაცვენილი თვალები აქვთ, მოუვლელი გარეგნობა.
ძალადობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვის მიმართ მიყენებული დაზიანებები შესაძლოა სხვადასხვა მახასიათებლებით გამოირჩეოდეს: მაგალითად, ფიზიკური ძალადობის დროს მსხვერპლს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა უბნებისა და/ან შინაგანი ორგანოების სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, ძვლების მოტეხილობა. სექსუალური ხასიათის ძალადობის დროს, ბავშვს შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ჰქონდეს: გენიტალიების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, შარდსასქესო გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ვენერიული დაავადებები, აივ ინფექცია, სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან, სწორი ნაწლავის დაზიანებები და სხვ.
ძალადობის ხასიათისდა მიუხედავად, ძალადობას დაქვემდებარებულ ბავშვებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ფსიქოსომატური დაავადებები, ანუ ისეთი დაავადებები, რომლებიც ძალადობისგან მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანს ფიზიკურ სნეულებად გარდაქმნის: წონის კატასტროფული მატება ან კლება, მადის დაქვეითება, უძილობა. ემოციურ (ფსიქიკურ) ძალადობას ხშირად მოსდევს გამონაყარი კანზე, ალერგიული პათოლოგიების, კუჭის წყლულის გაჩენა. მაშინაც კი, როდესაც გამოვლენილი არაა მუცლის ღრუს დაავადებები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ აუტანელი ტკივილები მუცლის ქვედა არეში. ძალადობას დაქვემდებარებული ბავშვები ნერვულ-ფსიქიკურ დარღვევებს ავლენენ – ნერვულ ტოკვას, კრუნჩხვებს – ჰიპერკინეზს, ანუ ე.წ. ტიკებს, აქვთ უკონტროლო მოძრაობები, ხშირად იტანჯებიან ენურეზით (უნებლიე შარდვა).