დანია აღარ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედებას და მსოფლიოში პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც ცვლილებებისთვის მზადაა; აქ ტრანსგენდერ ადამიანებს ფსიქიკურად დაავადებულებად აღარ მოიხსენიებენ.
„ცვლილება სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანი. ფსიქიკურად დაავადებულად არ გამოგაცხადონ მაშინ, როდესაც არ ხარ, – ეს ძალზე მნიშვნელოვანია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. LGBT Danmark ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს ესაუბრა. ჩვენ შეშფოთებულნი ვიყავით, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ გამოყენებული იყო ტერმინები: „დისფორია“, „არაკონგრუენტულობა“, „აშლილობა“ ან „პრობლემები“. საბედნიეროდ, ჯანდაცვის სისტემა დაგვეთანხმა“, – ამბობს ლინდა ტორ პედერსენი (Linda Thor Pedersen), LGBT Danmark-ის წარმომადგენელი.
სიორენ ლაურსენი (Søren Laursen), LGBT Danmark-ის ხელმძღვანელი, ამ მოვლენას განმარტავს, როგორც ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ არსებული სტიგმის მოსპობას. „ისინი ფსიქიკურად დაავადებულების დამღას ამიერიდან აღარ ატარებენ. მათ მდგომარეობას ეს დეფინიციები კი არ მიესადაგება, არამედ სიტყვა „ცვლილება“, – აცხადებს იგი.
ამ ცვლილებებს დანიის პარლამენტი მხარს უჭერს. შარშან გაზაფხულზე, მან გადაწყვიტა, რომ ცვლილება ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდოდა, თუ ამ დროისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამას ვერ მოასწრებდა. ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ცვლილებები ჯერ კიდევ არ გაუტარებია, დანიას მარტო მოქმედება მოუწევს.
მიუხედავად ცვლილებებისა, ტრანსგენდერ ადამიანებს მაინც რთული ფსიქიატრიული გასინჯვები ელით წინ, ვიდრე ჰორმონულ მკურნალობასა და სქესის კორექციის ოპერაციაზე თანხმობას მიიღებენ.