ქალზე ძალადობა

დაღესტანში პოლიციელები კრიზისულ ბინაში შეიჭრნენ და ძალადობის მსხვერპლი გოგონა გაიტაცეს

მაჰაჩყალაში პოლიციელები იმ ბინაში შეიჭრნენ, რომელშიც კრიზისული ცენტრია განთავსებული. აქ ჩეჩენი ხალიმატ ტარამოვა იმყოფებოდა, რომელიც სახლიდან ძალადობას გაექცა. პოლიციელებმა ბინაში შეჭრა შემდეგნაირად მოახერხეს: როდესაც მათ კარი გაუღეს, თავშესაფარში ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი შევარდა და ყველა იქ მყოფი დააპატიმრა, გარდა ჩეჩნეთიდან გამოქცეული გოგონასი. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, ბინაში კომუფლაჟში გამოწყობილი ჩეჩენი ძალოვნები შეცვივდნენ და ტარამოვა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ხალიმატ ტარამოვა სამი დღის წინ შინიდან გაიქცა მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ძალადობის გამო. გაქცევის შემდეგ, გოგონამ პოლიციას ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა, რომელშიც იხვეწებოდა, არ ჩაეგდოთ ნათესავების ხელში.

“მას უსასტიკესად გაუსწორდებიან, შესაძლოა, კადიროველებმა იგი მოკლან კიდეც. ხალიმატი სახლიდან სასტიკ ძალადობას გაექცა”, – ამბობს უფლებადამცველი სვეტლანა ანოხინა.

ხალიმატ ტარამოვა აიუბ ტარამოვის ქალიშვილია, რომელსაც 2000 წელს ჩეჩნეთის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, შემდეგ კი – რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის პირველი მოადგილის.

იურისტები აცხადებენ, რომ რუსეთში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც “ოჯახის შენარჩუნების” საბაბით, დაზარალებულებს ისე ეძებენ, როგორც – კრიმინალებს, მაშინ, როდესაც თავად დამნაშავეები თავს უკიდურესად კომფორტულად გრძნობენ.

zona.media