ავტორი: გიორგი თუმანიშვილი
ეძღვნება ორსული ქართველი ქალების ტოქსიკოზს.
როდესაც დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ, თურმე საშინელი ტოქსიკოზი ჰქონია, მაგრამ საკმარისი ცოდნის არქონის გამო, მისი პრევენცია არ მოუხდენიათ და ყველაფერი უბრალოდ ფეხმძიმობის თანხლებ პროცესებს მიაწერეს. ჩემ ძმაზე ფეხმძიმობის დროს კი, სიმპტომები საერთოდ გაუორმაგდა. მე უკვე იმ ასაკში ვიყავი, რომ მახსოვს დედას გაუსაძლისი ყოფა, სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარი, ხელებში ჩარგული თავით. სასიცოცხლო ძალებისგან სრულებით დაცლილი, გამოფიტული იყო, ტირილის თავიც კი აღარ ჰქონდა. ან რა აზრი ჰქონდა ტირილს?!
დიდი ხნის წინ შეეგუა დედა, რომ სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, რომ მისი ბედი მხოლოდ ეს ყოფილა. ჩუმად მივიდოდი ამ დროს დედასთან, თან გავიხმაურებდი, რომ არ შემეშინებინა ისედაც გულგახეთქილი. გვერდზე მივუჯდებოდი და ვცდილობდი შემეგრძნო ის ყოვლადმომცველი ტერორი, რასაც დედა თავის სიცოცხლეს ეძახდა. ზედაპირულ დონეზე, ნამდვილად აღვიქვამდი, სადამდეც ჩემივე ნეგატიური გამოცდილებები მაძლევდა ამის საშუალებას. დედას ტკივილს ვუკავშირებდი ჩემს პატარ-პატარა ტკივილებს, რომლებიც უკვე საკმაოდ ბევრი მქონდა იმ ასაკში, იქნებოდა ეს ვინმეს გარდაცვალება, შინაური ცხოველის სიკვდილი, მამას მიერ საახალწლოდ ყელგამოჭრილი ღორის ხორხიდან ამოხეთქილი სისხლი, ორთქლი და ხავილი ერთად, გატეხილი სათამაშო, თუ უბრალოდ დედას ჩუმი ტირილები, რომელიც ცდილობდა, ჩემთვის არ გაეგონებინა, არ დაენახებინა ცრემლები. მაგრამ, მე მაინც ყველაფერი ვიცოდი, პატარა ტვინში ყოველ ასეთ ფაქტს აღვნიშნავდი და ჩემს თავს გამუდმებით ვუმეორებდი, რომ ადამიანს, რომელთან ერთადაც ცხოვრებას გადავწყვეტდი, ამ კონდიციამდე არასდროს მივიყვანდი.
მამა ისევ მთვრალი მოვიდა! ამ დროს ყოველთვის რამეს მოაყოლებდა ხელს, დედას წინაშე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვის მიზნით, გამოსაჩენ ადგილზე დაყრიდა საჩუქრებს და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდებოდა უხმოდ. დედას კი, როგორც მოახლეს, უნდა შეეწყვიტა ყოველგვარი საქმიანობა და სამზარეულოში გამოცხადებულიყო, უნდა ეკითხა, თუ “როგორი დღე იყო?”, და თან პროცესში მაგიდა უნდა გაეწყო.
მე ამ დროს საჩუქრებს ვათვალიერებდი და საერთოდ ვერიდებოდი სამზარეულოში შესვლას, რადგან მშობლებს შორის დაძაბულობა საშინელ შეგრძნებებს მანიჭებდა. მხოლოდ რამდენიმეჯერ ვცადე ამ დროს ჭამა, მიხაროდა მამასთან ერთად ჭამა, მაგრამ სწორედ ამ დაძაბულობის გამო, მალევე გავშორებივარ სამზარეულოს.
მამა რომ მოვიდა, დედა ამ დროს მორიგ ღებინების შეგრძნებას საპირფარეშოში გამოემწყვდია. მამამ ჩვეული რიტუალი ჩაატარა და სამზარეულოსკენ გაეშურა იმ იმედით, რომ საკმაოდ ცივი დღის შემდეგ, ცხელ კერძს მიირთმევდა. დედამ დააგვიანა და მამამ მაშინვე იაკივით დაიწყო ხვნეშა. დედა რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა ხელების წინსაფარზე მშრალებით და მისთვის უკვე ორგანული კითხვა უნდა დაესვა, “როგორი დღე იყო?”, მაგრამ მამას მიუახლოვდა თუ არა, მამასგან წამოსულმა საშინელმა სასმელის სუნმა ისევ ღებინება მოგვარა და მამას კუჭის წვენი კინაღამ თავზე გადაავლო. ხელი მიიფარა პირზე დედამ და ტოქსიკოზის გადამკიდე, მისთვის ყველაზე ძვირფასს, უნიტაზს ჩაეხუტა. დედამ კიდევ რამდენიმე წუთით დააგვიანა, ის კი უკვე მინოტავრივით ქშინავდა. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, მწარე ნერწყვი გადაყლაპა და მამას კიდევ ერთხელ, უხმოდ აჭამა.
მათ შორის აღარ არსებობდა არავითარი გრძნობა და რომც ყოფილიყო, ის იმდენად იყო გადაფარული აგრესიით და ყოველდღიური ფრუსტრაციით, რომ ჩვენი ოჯახი პატარა წყალბადის ბომბს ემსგავსებოდა, და როდის მოხდებოდა დეტონაცია, კაცმა არ იცოდა. მხოლოდ პრიმიტიულ დონეზე ცდილობდა ორივე ურთიერთობის გამოსწორებას, მაგრამ ძირეული ცვლილებებისთვის არც ერთს გააჩნდა არც მოტივაცია და არც ძალები. ჩემზე კი, ჩემი ყველა ნეგატიური გამოცდილებებიდან, სწორედ ამ გამოცდილებამ იმოქმედა ყველაზე მეტად და წარუშლელი ტკივილი დამიტოვა.
მათი ურთიერთობიდან, “ბედნიერი” მხოლოდ ის სურათები დარჩნენ, რომლებიც საქორწინო სახლის კიბეებზე მთელმა სანათესაო-საახლობლომ ერთად გადაიღო.