კეიტ მერფი KATE MURPHY
ჩვენ იმ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელიც ინდივიდუალიზმსა და თავდაჯერებულობას ქადაგებს, თუმცა, ჩვენ, ადამიანები, სათუთ სოციალურ სახეობას განვეკუთვნებით; თავს კარგად ვგრძნობთ კარგ კამპანიაში და ვიტანჯებით იზოლაციისას. ყველაზე მეტად, ჩვენს ცხოვრებას ინტიმური ურთიერთობების ქონა-არქონა განსაზღვრავს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური კავშირების ამხსნელი ბევრი სკოლა არსებობს, დაწყებული ფროიდიდან, დამთავრებული გეშტალტით, ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრულად შესწავლილი სკოლა საზოგადოებისთვის ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი.
საუბარია მიჯაჭვულობის თეორიაზე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი წლის წინ ბრიტანელმა ფსიქოანალიტიკოსმა ჯონ ბოულბიმ (John Bowlby) შეიმუშავა. სამეცნიერო თვალსაზრისით, ამერიკელი განვითარების ფსიქოლოგის, მერი ს. ეინსვორტის (Mary S. Ainsworth) მიერ განმტკიცებული მიჯაჭვულობის თეორია ახლა ყველგან გამოიყენება, – ღარიბი რაიონების სკოლამდელ დაწესებულებებშიც და აღმასრულებელთა ქოუჩინგ პროგრამებშიც. ექსპერტები ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და განათლების სფეროში ამბობენ, რომ თეორიის ძირითადი დაშვება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ადრეული მიჯაჭვულობების ხარისხი ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვიქცევით ზრდასრულობისას. ეს დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს ეპოქაში იძენს, როდესაც ადამიანები თავიანთ სმარტფონებზე მეტად არიან მიჯაჭვულნი, ვიდრე – ერთმანეთზე.
ცხოვრების პირველი წლის ბოლოს, ბავშვის ტვინში საკმაოდ ღრმა შაბლონი იქმნება იმის შესახებ, თუ როგორაა აწყობილი ურთიერთობები, თუ როგორი დამოკიდებულებები აქვთ მასთან მშობლებს თუ სხვა აღმზრდელებს. ევოლუციური თვალსაზრისით, ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენ იმთავითვე უნდა გავარკვიოთ, როგორ გადავრჩეთ ჩვენ ირგვლივ არსებული გარემოს პირობებში.
„თუ უსაფრთხოდ ხართ მიჯაჭვული, ეს შესანიშნავია, რადგან მოლოდინი გაქვთ იმისა, რომ თუ შეშფოთებული ხართ, შეგიძლიათ, დასახმარებლად ვინმეს მიმართოთ“, – ამბობს მირიამ სტილი (Miriam Steele), ნიუ-იორკის სოციალურ კვლევათა ახალი სკოლის (New School for Social Research in NewYork) Center for Attachment Research-ის თანადირექტორი.
თუ თქვენ იმ ჩვილთა 40-50%-ში შედიხართ, რომლებსაც, როგორც კვლევების მეტაანალიზი აჩვენებს, არაუსაფრთხოდ მიჯაჭვულნი არიან, ეს არცთუ ისე კარგია, რადგან მათი ადრეული გამოცდილება არაოპტიმალური აღმოჩნდა (მათი მეურვეები იყვნენ დაუდევრები, არასაიმედონი, უყურადღებონი, ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ და შესაძლოა, იმუქრებოდნენ კიდეც). „მაშინ, საკუთარი უსაფრთხოება თავადვე უნდა გამოიმუშაოთ, – ამბობს დოქტორი სტილი, – მოგვიანებით უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების გზით, რაც თქვენში არსებულ არასწორ მოდელს „გაანეიტრალებს“.
იმის გათვალისწინებით, რომ განქორწინებების მაჩვენებელი 40-დან 50%-მდე მერყეობს, ეს რთულ ამოცანად ჩანს. მართლაც, მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებსაც მიჯაჭვულობის არაუსაფრთხო მოდელები აღენიშნებათ, როგორც წესი, ეჯაჭვებიან მათ, ვინც მათ მოლოდინებს შეესაბამება, მაშინაც კი, როდესაც ამ უკანასკნელთ „ცუდად“ აღიქვამენ. ისინი ქვეცნობიერად უგრძნობ, არამყარ ან შეურაცხმყოფელ ქცევას მიმართავენ, რაც მათთვის მეტად ნაცნობია. შესაძლოა, ისინი უსაფრთხო მიჯაჭვულობას გაურბოდნენ კიდეც, რადგან ეს მათ ეუცხოვებათ.
„ჩვენი მიჯაჭვულობის სისტემას ურჩევნია, ყველაფერი იმის შესაბამისად დაინახოს, რაც წარსულში მოხდა. ეს Google-ში ძიებას ჰგავს, რომელიც ავტომატურად გიგდებს ძიების იმ შედეგებს, რაც ადრე გამოგიყენებია“, – ამბობს დოქტორი ამირ ლევინი (Amir Levine), კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრი და თანაავტორი წიგნისა „მიჯაჭვული“, რომელიც იკვლევს, თუ რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობის ქცევა თავის ტვინის ნეირონებზე.
მაგრამ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ისტორია ბედისწერა არაა. დელავარის შტატის ახალ სკოლასა და უნივერსიტეტში განხორციელებულ ინტერვენციულ პროგრამებს დიდი წარმატება აქვს. ისინი რისკის ჯგუფის წევრ მოზარდ დედებს თავიანთი, ხშირად თაობიდან თაობაზე გადასული „მიჯაჭვულობის ქცევის“ უფრო უსაფრთხო ქცევით ჩანაცვლებაში ეხმარება. ასევე ეფექტური აღმოჩნდა მიჯაჭვულობაში ინტერვენციის მეორე სტრატეგია, სახელწოდებით „უსაფრთხოების წრე“ (Circle of Security), რომელსაც 20 ქვეყანაში 19 000 დატრეინინგებული ფასილიტატორი ჰყავს.
ამ პროტოკოლებს ერთი რამ აერთიანებს – მონაწილეების ინფორმირებულობა მათი მიჯაჭვულობის ნაირსახეობისა და მასთან დაკავშირებული საბოტაჟების შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაბალანსდეს ურთიერთობებში მოწყვლადობა და დამოუკიდებლობა.
„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ბოლო დროს მიჯაჭვულობის თეორია ბოლო დროს ძალზე პოპულარული გახდა, ისაა, რომ მისი იდეები და დაკვირვებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად აშკარაა“, ამბობს კენეტ ლევი (Kenneth Levy), პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, რომელიც მიჯაჭვულობაზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას შეისწავლის.
მართლაც, თუ მიჯაჭვულობის სტილის კლასიკურ კატეგორიებს გადავხედავთ – უსაფრთხო; არაუსაფრთხო მშფოთავი; არაუსაფრთხო თავდაჯერების არმქონე, არაუსაფრთხო ავოიდანტი და არაუსაფრთხო, არაორგანიზებული – ადვილი მისახვედრია, თუ რომელი მათგანი მოგვემართება ჩვენ ან ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ადამიანებს. ეს კატეგორიები დაფუძნებულია ჩვილებსა და ბავშვებზე ჩატარებულ ათობით ათას დაკვირვებაზე, ვისაც აღმზრდელი ცოტა ხნით მარტოს ან უცხო ადამიანთან ტოვებს, შემდეგ კი ბრუნდება. ამ ტესტს „უცნაური სიტუაცია“ ეწოდება (“strange situation“). ეს განსაზღვრება შეიძლება გამოვიყენოთ იმ შემთხვევაშიც, თუ როგორ იქცევიან ახლობლებთან ზრდასრული ადამიანები სტრესის დროს.
უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები ცუდ ხასიათზე დგებიან, როდესაც მათი აღმზრდელი მიდის და როდესაც ბრუნდება, მას გაშლილი ხელებით ეგებებიან. ისინი აღმზრდელს ეხუტებიან და სწრაფად მშვიდდებიან. უსაფრთხოდ მიჯაჭვული ზრდასრული ადამიანიც მიმართავს საყვარელ ადამიანს მხარდაჭერის მოპოვებისა და კომფორტულად ყოფნის იმედით მაშინ, როცა, სამსახურში მისი დაწინაურება ჩავარდა და თავს ცუდად გრძნობს.
ბავშვები, რომლებიც სპექტრის არაუსაფრთხო, შფოთვიან მხარეს იმყოფებიან, ცუდ ხასიათზე დგებიან, როდესაც აღმზრდელი მიდის და როდესაც ბრუნდება, მაშინაც არაფერი იცვლება. როგორც წესი, ასეთი ბავშვების დამშვიდება ადვილი არაა, რადგან მისი მეურვე წარსულში კომფორტის არასაიმედო გარანტი აღმოჩნდა. მათ შეუძლიათ, გაიფარჩხონ და სიბრაზე ასე გამოხატონ. როგორც უფროსები, ისინიც მიჯაჭვულნი არიან თავიანთ ურთიერთობებზე და შეუძლიათ, იყვნენ ძალზე დრამატულნი, რათა ყურადღება მიიქციონ.
არაუსაფრთხო ავოიდანტის მქონე ბავშვები არ შფოთავენ, როდესაც მათი აღმზრდელი მიდის, თუმცა, ამ დროს მათში სტრესის ჰორმონებმა და გულისცემამ, შესაძლოა, მოიმატოს. ისინი დიდ ინტერესს არც მაშინ ავლენენ, როდესაც აღმზრდელი მოდის, რადგან მიჩვეულნი არიან იგნორსა და უარყოფას. ასეთ ზრდასრულებშიც, როგორც წესი, სიახლოვესთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს. ისინი ხშირად წყვეტენ ურთიერთობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის. მათ საპასუხოდ დარეკვა არ შეუძლიათ, ეწინააღმდეგებიან თავიანთ გრძნობებზე საუბარს.
და ბოლოს, არაუსაფრთხო, არაორგანიზებული ბავშვები და დიდები როგორც შფოთვით, ასევე დამაიგნორებელ ქცევას არალოგიკური და არამყარი სახით ავლენენ. როგორც წესი, ასეთი ქცევა იმ სიტუაციის ხანგრძლივმოქმედი შედეგია, როდესაც ბავშვობის აღმზრდელი ბავშვს დაემუქრა ან შეურაცხყოფა მიაყენა.
მიჯაჭვულობის სტილის დასადგენად, შემუშავებულია მიჯაჭვულობის ინტერვიუები ზრდასრულთათვის. აღსანიშნავია, რომ არაუსაფრთხო კატეგორიას მიკუთვნებული ადამიანები, შესაძლოა, უსაფრთხო კატეგორიაში გადავიდნენ, თუ უსაფრთხო ადამიანებთან მჭიდრო კავშირი ექნებათ, და პირიქით. „საკუთარი უსაფრთხოების გრძნობის განსამტკიცებლად, თქვენ სოციალური კონტექსტი გჭირდებათ“, – ამბობს პიტერ ფონეჯი (Peter Fonagy), ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფსიქოანალიზის პროფესორი. მისი თქმით, უსაფრთხო მიჯაჭვულობების არსებობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იყო კარგი მშობელი ან პარტნიორი, არამედ – კომუნიკაციის მუდმივ ქონაში, გარდაუვალი გაუცხოების გადასალახად.
სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ: nytimes.com