ბლოგები / ქალზე ძალადობა

დიდი პატარა ტყუილები ძალადობაზე

ავტორი ელენე ქაიხოსროშვილი

გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს სპოილერებს

BIG LITTLE LIES რამდენიმე კვირის წინ ვნახე. ჩემთვის მოვლენების ცენტრი მთელი სერიალის განმავლობაში იყო ძლიერი, დამოუკიდებელი და ემანსიპირებული ქალის გზა იმის გააზრებამდე, რომ ძალადობის მსხვერპლია და თავი უნდა დააღწიოს ძალადობის წრეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმიტომ, რომ მოძალადე კაცების და ზოგადად ოჯახში ქალზე ძალადობის შესახებ რამდენიმე მითს შეეხო.

                მოძალადე კაცები იმპულსურები არიან, ნერვები არ აქვთ წესრიგში

მთელს სერიალს ძალიან დაძაბული ვუყურებდი. სულ მეშინოდა, რომ სელესტს ქმარი კაფეში, ფსიქოლოგთან ან სკოლაში შეუვარდებოდა… მერე გამახსენდა, რომ მოძალადე კაცების დიდი ნაწილი საჯაროდ სცენებს არ მართავს. საზოგადოებაში “სახის” შენარჩუნებაა საჭირო. ვერასოდეს ვერავინ იფიქრებს, რომ პერი თავის ცოლს კვირაში რამდენჯერმე ალურჯებს.

და რა სჭირს პერის? ყოველი თმებით თრევის შემდეგ ხომ იხდის ბოდიშებს, ანუ    ხომ ხვდება, რომ “ცუდად” იქცევა? ხომ მივიდა ფსიქოლოგთან თავისი ინიციატივით?

ჰო, ვიცი, ვიცი – ძალიან იმპულსურია, არ უყვარს, როდესაც სელესტი რაღაცას თავის ნებით აკეთებს და მას არ უთანხმებს. მერე ნერვები ეშლება (სუსტი ნერვები აქვს), თავს ვერ აკონტროლებს და ცოლს თმებში წვდება.

ჰოდა თუ ასეთი იმპულსურია და ზოგ მომენტში ფიზიკურად ვერ ახერხებს “თავის მოთოკვას”, რანაირად ახერხებს, რომ შუა ცემა-ტყების დროს ეგრევე გაიღიმოს, როგორც კი ოთახში ბავშვი შემოდის? ან რანაირად ახერხებს, რომ სელესტის მეგობრებთან „წყობიდან არ გამოდის”? – ალბათ იმიტომ, რომ იმპულსები და თავშეკავების შეუძლებლობა აქ არაფერ შუაშია. მოძალადე კაცებს სუსტი ნერვები არ აქვთ. ისინი ძალიან კარგად აკონტროლებენ, როდის შეიძლება წყობიდან გამოსვლა და როდის – არა. ოჯახში ქალზე ძალადობის ექსპერტი, ლანდი ბენქროფტი, თავის წიგნში „Why Does He Do That?“ აღნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც მოძალადე ქმრის „გაუწონასწორებლობაზე“ საუბრობენ, მოგვიანებით იხსენებენ ხოლმე, რომ როდესაც ქმარი „წყობიდან გამოდის“ და ნივთების მტვრევას იწყებს, ის დასამტვრევად ძალადობის მსხვერპლის ნივთებს არჩევს. შეუძლებელია, ადამიანმა მოახერხოს და ნივთების გადარჩევა დაიწყოს, როდესაც ის „წყობიდან არის გამოსული“, აფექტის მდგომარეობაში, გაუწონასწორებელია და ა.შ.

                ძალადობა თანდაყოლილია

 დიახ, ბევრს სჯერა იმის, რომ მოძალადე კაცებს თავისებური განსაკუთრებული პენისები აქვთ და მათ მიერ ქალის გაუპატიურების დროს ნაყოფის ჩასახვის შემთხვევვაში, ნაყოფზე ეს ძალადობის „გენი“ გადადის.

სერიალის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი სწორედ ის არის, რომ არ არსებობს გენი, რომლითაც ძალადობა მომავალ თაობას გადაეცემა.

სერიალის გმირი, ჯეინი 7 წლის წინ გააუპატიურეს, რის შედეგადაც დაორსულდა და ახლა 7 წლის ზიგის მარტო ზრდის. ზიგი ძალიან საყვარელი ბიჭია, კარგი და ერთგული მეგობარი თავისი კლასელებისთვის. არადა, მას აბრალებენ, რომ პატარა გოგონას დახრჩობა სცადა. სერიალის ბოლოს აღმოჩნდება, რომ პატარა გოგონაზე არა ზიგიმ, არამედ სელესტის და პერის შვილმა იძალადა, რომელსაც მშობლების განსაკუთრებული სიფრთხილის მიუხედავად, არ გამოეპარა ის ფაქტი, რომ მის დედას ხანდახან მამის ეშინია.

ბოლო სერიაში ირკვევა, რომ პერი ასევე ის კაცია, რომელმაც 7 წლის წინ ჯეინი გააუპატიურა. ანუ, ის არის ზიგის მამა, რომელიც მას თვალით არასდროს უნახავს და შესაბამისად, მის აგრესიას ზიგიზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.

ძალადობა დასწავლადია და მას აჩენს გარემო (ამ შემთხვევაში ოჯახი), რომელიც გეუბნება, რომ ვინმეზე “დაპატრონება”, მისი კონტროლი უფრო ძლიერს გხდის. ეს ინფორმაცია ძალიან მარტივად აღსაქმელია. მომავალი თაობა ასეთ ოჯახებში აღზრდით ძალიან მარტივად უბედურდება.

კაცები ხანდახან იმიტომ ძალადობენ, რომ „მათ უკეთ იციან“, როგორ ჯობია ძალადობის მსხვერპლისთვის და ხანდახან ფეხის დაბრახუნებაა საჭირო, რომ მსხვერპლმა ეს შეიგნოს (ქალის „სასიკეთოდ“ ძალადობენ)

ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს, პერი ამბობს, რომ მისი “იმპულსურობის” მიზეზი მისი   შიშებია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ შვენიერ დღეს მისი ძალიან ლამაზი ცოლი ადგება და სხვასთან წავა. თვითონ კი ერთი საწყალი, საცოდავი კაცია, რომელსაც ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავს და რატომ არის ასეთი გაუგებარი, რომ ეშინია? სელესტი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი ქალი. ის კვალიფიციური და ძალიან წარმატებული იურისტია, რომელსაც სახლის, ანუ ძალადობის წრის გარეთ, ძალიან დიდი შანსი აქვს,        იყოს ძალიან ბედნიერი… პერის გარეშე.

როდესაც სელესტი თავისი მეგობრის სარჩელით ინტერესდება და მას ეხმარება, პერი მას ახსენებს, თუ როგორი სტრესული იყო მისთვის სამსახური და როგორ იტანჯებოდა ის ამ ყოველდღიური სტრესისგან. თუმცა, ერთადერთი შემთხვევა, სადაც სელესტი ეკრანზე თავისი ჩვეული სევდანარევი ღიმილის გარეშე წარმოგვიდგება და ბედნიერი ჩანს, არის ეპოზოდი, როდესაც ის თავის მეგობარს დავის მოგებაში ეხმარება. იმ მომენტში, მისთვის არც პერი არსებობს და არც – მისი შვილები. იმ მომენტში ვერც წარმოიდგენ, რომ ამ ქალს სახლში ურტყამენ, ალურჯებენ და აუპატიურებენ. ის ძალიან თავისუფალი ქალი და კვალიფიციური იურისტია, რომელზეც იმასაც ვერასროს ვიფიქრებთ, რომ ოდესმე რამე     საქმე აქვს წაგებული.

პერი ცდილობს სელესტი დააჯეროს, რომ სახლში ბავშვებთან დარჩენა მისივე ინტერესებში შედის (ვითომ მან სელესტზე უკეთ იცის, რა ჯობია მისთვის, როგორ უფრო იქნება ბედნიერი). ძალიან მეპარება ეჭვი, მოძალადე კაცები ოდესმე სხვისთვის ძალადობენენ. ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ძალადობენ – ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ეს ძალაუფლება ხან ჭურჭლის არგარეცხვაა, ხან – სასურველი კერძი, ხან – სუფთა „ნასკები“, ხან – ლამაზი ცოლის სახლში გამოკეტვა, რომ გარანტირებულად ერთადერთი იყოს მისთვის, ხან რა და ხან – რა. მაგრამ, მსხვერპლის კეთილდღეობა არასოდეს არაფერ შუაშია. პერის მარტო ის უნდა, რომ სელესტზე  კონტროლი ჰქონდეს, თან ისე, რომ სელესტი ბედნიერი იყოს და თავისი უბედურებით და უხასიათობით          პერის ნერვები არ მოუშალოს.

ზოგი წყვილისთვის ფიზიკური ძალადობა იმდენად სექსუალურია, რომ დალურჯების შემდეგ ეგრევე სექსით კავდება

არ ვიცი, შესაძლოა არსებობდნე ასეთი წყვილებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ორ კონკრეტულ გმირს სექსი სხვა მიზეზით აქვს.

ნაცემი ცოლი – უბედური ცოლია, ხოლო ცემის შემდეგ თუ სექსი ექნებათ, პერი ის მანიაკი აღარ იქნება, რომელმაც ცოლს სცემა. სექსის შემდეგ ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი ხდებიან, რომელსაც იმ წუთას სექსი ჰქონდა და ალბათ აღარც სელესტი გრძობს თავს ნაცემ ქალად… იმ წუთას იგი ცოლია, რომელსაც ქმართან შესაძლოა არცთუ ისე სასიამოვნო, მაგრამ მაინც სექსი ჰქონდა.

ძალადობის მსხვერპლები მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის, უმაღლესი განათლების არმქონე ქალები ხდებიან

ჯეინი, რომელიც პერიმ წლების წინ გააუპატიურა, ცდილობს, თავი დააჯეროს, რომ რაღაც “გაუგებრობას” ჰქონდა ადგილი, და რომ მისი შვილის მამა ისეთი მონსტრი არ არის, როგორც მოიქცა, რომ იქნებ მას იმ დღეს უბრალოდ “ცუდი დღე” ჰქონდა. ალბათ, არ არის მარტივი, დაიჯერო, რომ გაუპატიურების, ძალადობის მსხვერპლი ხარ. სელესტმაც იცის,  რომ ნაცემია და ჯეინმაც, რომ გააუპატიურეს. უბრალოდ, ისინი ცდილობენ, ამას რაიმე ახსნა მოუძებნონ. პერი კარგი მამაა, სულ ბოდიშებს იხდის მას შემდეგ, რაც ცოლს დაალურჯებს. ჯეინზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სანამ გააუპატიურებდა. მოძალადე კაცები ყოველთვის “ის” კაცები არიან – ვიღაც კაცები, ვისი სახლიდანაც სულ     ცოლის ყვირილი გამოდის, “უმიზეზოდ” რომ აწიოკებენ ოჯახს. ჩვენ ვერ ვიქნებით მსხვერპლები იმიტომ, რომ ჩვენ „იმ“ ქალებზე უფრო ჭკვიანები ვართ, უკეთ ვიცით: არ დაგვემართება ის, რაც მათ დაემართათ. „იმ“ ქალებს თვითონ შეეშალათ. ამიტომ, შეუძლებელია, მე მსხვერპლი ვიყო.

ჩვენზე მაშინაც ძალადობენ, როდესაც ძლიერები, დამოუკიდებლები და „აზრზე მოსულები“ ვართ. შეგვიძლია ვიმეოროთ, რომ ჩვენ ეს არ დაგვემართება, რომ იმ ვიღაც ქალებზე რომ კაცები ძალადობენ, ეს იმ ქალების დაუფიქრებლობის და გაუფრთხილებლობის ბრალია… მაგრამ, ძალადობა მხოლოდ მოძალადე კაცების ბრალია და ჩვენი სიძლიერის და დამოუკიდებლობის მიუხედავად, მათ ძალადობის წრეში ჩვენი გამოკეტვა ძალიან კარგად ეხერხებათ.

სულ მაინტერესებდა: როგორ ხდება, როდესაც ქალები ვერ ხვდებიან, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან.  ხომ საინტერესოა: რანაირად შეიძლება ძალიან წარმატებული იურისტი ქალი ტონალური კრემით იღებავდეს სილურჯეებს მთელს ტანზე და ვერ ხვდებოდეს, რომ ძალადობის მსხვერპლია? მეტიც: იგი ფსიქოლოგს შენიშვნას აძლევს, ჩემი ქმრის დემონიზებას ცდილობ ფიზიკურ ძალადობაზე კითხვების დასმითო. ზის სავარძელში, ხელებზე ტონალური უსვია, რომ სილურჯეები არ გამოუჩნდეს, ყვება, თუ რამდენი დადებითი თვისება აქვს მის ქმარს და ზოგადად, როგორი კარგია მათი ქორწინება. ფსიქოლოგს ეკითხება, როგორ შეაპაროს ქმარს, რომ სამსახურში დაბრუნება და იურისტის კარიერის გაგრძელება უნდა ისე, რომ მან ისევ არ დაალურჯოს, კიბეზე არ დააგოროს, კედელს არ მიანარცხოს, თმებით არ ითრიოს, დახრჩობა არ დაუპიროს… და როდესაც ფსიქოლოგი სელესტს ეკითხება, ეშინია თუ არა იმის, რომ ერთ დღეს შეიძლება ქმარმა მოკლას, სახტად დარჩენილი აჩერდება ფსიქოლოგს, ამას რას მეკითხებაო.

გული დამწყდა, რომ სელესტის გადაწყვეტილების მიღების დროს გადამწყვეტი ფაქტორი მისი შვილი აღმოჩნდა. მინდოდა, რომ თავისი თავისთვის მიეღო გადაწყვეტილება –  იმისთვის, რომ შიშში აღარ ეცხოვრა, რომ გაეგრძელებინა ოდესღაც ძალიან წარმატებული კარიერა და თავისუფალი ყოფილიყო. ალბათ შეუძლებელია, ბავშვებს ოჯახში ძალადობა დავუმალოთ. მგონია, რომ მათ ყოველთვის იციან და ეშინიათ, რომ დედას შეიძლება რამე დაუშავდეს. ამაზე ფიქრობენ სკოლაში გაკვეთილების დროს, ბავშვებთან თამაშის დროს, ძილის წინ, როცა დედა მამასთან მარტო რჩება.. ალბათ შეუძლებელია იყვნენ ბედნიერები, როდესაც იციან, რომ დედა უბედურია.