ბლოგები

დიეტა, შიმშილი და სიძულვილი თბილისში

ანა ნიკოლაძის ბლოგი

სამსახურის საერთო სამზარეულოში ვიღაცამ პური მოიტანა და აღნიშნა, თუ როგორ უყვარს პური და ზოგადად, ცომეული. მე ბოლო წლებში ნასწავლი სმოლ თოქის ეტიკეტის შესაბამისად (რომ უფრო მარტივია, თქვა რამე უმნიშვნელო, ვიდრე ჩუმად იყო და ამით უხერხულობა შექმნა), ვთქვი, რომ პური მეც ძალიან მიყვარს, თუმცა არც ისე ხშირად ვჭამ. ერთ-ერთმა თანამშრომელმა თანაგრძნობით შემომხედა და მითხრა: “შენ ადგილას მეც აუცილებლად მოვერიდებოდი”.

მთელი დღე განვიცდიდი რომ მაშინვე ვერაფერი ვუპასუხე. ძილის წინ სხაპასხუპით მომდიოდა თავში ერთმანეთზე ენამოსწრებული კომენტარები — რომ მისთვის აზრი არავის უკითხავს, რომ მეც ბევრ რამეს გავაკეთებდი სხვანაირად მის ადგილას და ასე შემდეგ, თუმცა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, აბა რაღას ვუპასუხებდი. სკოლამდელი ასაკის თავს რომ მოვერიე, რაციონალურმა აზრებმაც დაიწყო ზედაპირზე ამოჟონვა; გამახსენდა, რომ ეს თანამშრომელი ოფისში იმით არის ცნობილი (და ამაყი), რომ შეუძლია, დღე მხოლოდ რამდენიმე კოვზ უმარილო წიწიბურაზე გადაატაროს და დავმშვიდდი. ჯერ დავმშვიდდი, შემდეგ გული ჩამწყდა.

“იდეალურ წონამდე” დაახლოებით 10 კილოგრამი მაშორებს. იმის მიუხედავად, რომ ჯანმრთელი ვარ, საკმაოდ ჯანსაღად ვიკვებები და ფიზიკურადაც საშუალოზე აქტიური ვარ, ყოველდღე ვისმენ კომენტარებს არამკითხე, კეთილმოსურნე ნაცნობებისგან. თუ სალათი შევუკვეთე, “დიეტაზე ვარ,” თუ შავი ჩავიცვი “როგორ გავხდი და როგორ მიხდება”. ჩემი ჯანმრთელი, ძლიერი (და დიახაც, ლამაზი) სხეული მუდმივი განსჯის საგანია მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცების აზრით ის საკმარისად გამხდარი, საკმარისად ლამაზი, საკმარისად სექსუალური არ არის — ეს სამი ხომ სინონიმებია — “ზედმეტი” წონის დაკლება და შენარჩუნება კი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და ტიტანურ გმირობას უტოლდება.

ტრადიციული თუ ციფრული მედია სავსეა ცნობილი ადამიანების საფირმო დიეტებით, რჩევებით, თუ როგორ დავიკლოთ 10 კილო 7 დღეში, როგორ ამოვიღოთ რაციონიდან ყველაფერი გემრიელი, როგორ არ წაგვივიდეს გული ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ქატოს ან კომბოსტოს ჭამის შემდეგ. გამხდარი ადამიანები ახლად გამხდრებს ტაშს უკრავენ და ნებისყოფას უქებენ, ვისმენთ თავმომწონე ისტორიებს კვირების მანძილზე მხოლოდ თაფლიანი წყლის მსმელებისგან, პურის წლობით უნახავებისგან, დედებისგან, რომლებმაც რაღაც მანქანებით სამ დღეში დაიბრუნეს მშობიარობამდელი სხეული და რატომღაც არ გვიჩნდება კითხვა, თუ რის ფასად ხდება ეს ყველაფერი.

საქართველოში კვებითი აშლილობის ოფიციალური სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა ჯერ რომ ყველაზე გავრცელებული აშლილობების — ანორექსია ნერვოზას და ბულემია ნერვოზას სიმპტომებს გადავხედოთ, შემდეგ კი გარშემო მიმოვიხედოთ, მივხვდებით, რომ მდგომარეობა იმაზე ბევრად საგანგაშოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

სიმართლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ადვილია არ მოუსმინო “კეთილ რჩევებს” და ეჭვქვეშ არ დააყენო საკუთარი ღირებულებები, სხეული და სილამაზე. რთულია, ყოველდღე გახსოვდეს, რომ ის გამოსახულება, რომელსაც სარკეში ხედავ, სიყვარულს იმსახურებს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, არც ისე ახლოს იყოს იდეალური ქალის იმ ხატთან, ბავშვობიდან რომ გიბეჭდავდნენ თავში და რომ ეს ხატი არაჯანსაღი, ავადმყოფურ ღირებულებებზე დაპროგრამებული საზოგადოების გამოძერწილია. რთულია, თუმცა აუცილებელია, ვისწავლოთ განსხვავება შინაგან ხმასა და იმ ჭიას შორის, ქალად დაბადებისთანავე რომ გვინერგავენ თავში და გაუთავებლად რომ ჩაგვჩიჩინებს, როგორი უნდა და როგორი არ უნდა იყოს “ნამდვილი ქალი.”

დიდი ძალისხმევის და მრავალწლიანი თვითშეგონების შედეგად (და იმ ავად გასახსენებელი პერიოდის გავლით, როცა დღის მანძილზე მხოლოდ ჭიქა რძეს და რამდენიმე კოვზ შვრიას მოვიხმარდი), 26 წლის ასაკში შევძელი და გავაჩუმე საკუთარ თავში ის საშინელი ხმები, განუწყვეტლივ რომ მომიწოდებენ, ნაკლები ვჭამო და მეტი ვიფიქრო საკუთარ გარეგნობაზე, ან, როგორც ამბობენ, “თავს მოვუარო.” ჩემთვის ახლა, როგორც იქნა, თავის მოვლა სიმშვიდესთან, ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან და ნაკლებ სტრესთან ასოცირდება. ცხადია, ეს არ ნიშნავს ფიზიკურ სხეულზე ხელის ჩაქნევას, თუმცა აუცილებელია, დავინახოთ გარშემომყოფების განსჯისგან თავისუფალი საკუთარი თავი და მოგვეწონოს (ან არც მოგვეწონოს) ის, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე (ან უფრო ხშირად საკუთარ თავებზე) მეზობლები, ნათესავები და თანამშრომლები.

მე გამიმართლა და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი, სწორ ადამიანებს შევხვდი, სწორი გაკვეთილები ვისწავლე და სწორი — დავივიწყე, თუმცა ზედმეტად ბევრი ქალი და გოგო ჩემ გარშემო ყოველდღე იტანჯება სრულყოფილების თავს მოხვეული, მიუღწეველი იდეალების გაუთავებელი დევნით. ხშირად მიფიქრია, თუ რამდენი ძვირფასი დრო და სახსრები ხმარდება ამ სისულელეებს და რამდენი სხვა, უფრო საინტერესო, უფრო ღირებული რამისკენ შეიძლება მიიმართოს ეს ენერგია. სხვების დროის განკარგვა, ცხადია, ჩემი საქმე საერთოდ არ არის, თუმცა ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ხანდახან მაინც, დიეტებსა და განტვირთვის დღეებს შორის, გავჩერდებით, შევხედავთ საკუთარ სხეულებს როგორც ამტან, მაგარ, ყოვლისშემძლე ბიოლოგიურ მანქანებს და მათი ფიზიკური სრულყოფის მცდელობის ნაცვლად, უბრალოდ მადლობას ვეტყვით იმისათვის, რომ ყოველდღე ასე ერთგულად გვემსახურებიან.