ჩაკოს კულტურის წარმომადგენლები (ჩრდილოეთ ამერიკა), როგორც ჩანს, მატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, სადაც ძალაუფლება და სოციალური სტატუსი დედის ხაზით გადაიცემოდა. მეცნიერები ამ დასკვნამდე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უძველეს სამარხებში დაკრძალული ნეშთების დნმ-ის შესწავლის შედეგად მივიდნენ.
ჩაკოს კანიონის ეროვნული პარკის (ნიუ-მექსიკო) ტერიტორიაზე აღმოჩენილ 650-ოთახიან ნაგებობაში, არსებობს ერთი უმდიდრესი სამარხი, სადაც დაახლოებით 40 წლის კაცის ნეშთი განისვენებს, იშვიათი ნიჟარებისა და სამკაულის გარემოცვაში. ასეთი შემკულობების რიცხვი სამარხში დაახლოებით 11 000-ია. მკვლევარებს ამის შესახებ არავითარი წერილობითი წყარო არ გააჩნიათ. ისინი უკვე დიდი ხანია, თავს იმტვრევენ იმაზე, თუ როგორ არის ორგანიზებული ჩაკოს კულტურა, რომელიც 1000 წელზე მეტი ხნისაა. სამარხების ნეშთებიდან აღებული დნმ-ის ანალიზის შედეგად, მეცნიერები გასაოცარ დასკვნამდე მივიდნენ: ამ საზოგადოებაში, ელიტის სტატუსი დედის ხაზით გადაეცემოდა, დედიდან შვილებზე.
ჩაკოელების ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის შესწავლა ძალზე რთულია, რადგან ისინი წერილობით წყაროებს არ იყენებდნენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი ქვის მრავალსართულიან შენობებში ცხოვრობდნენ, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე ძველი ნაგებობა პუებლო-ბონიტოა, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულების 800-ზე მეტი ოთახი აქვს. პუებლო ბონიტო (ესპ. Pueblo Bonito, «ჩინებული დასახლება») ანასაზის ინდიელების კულტურის უმსხვილესი დასახლება იყო IX—XII საუკუნეებში.
ძველი სამყაროს საზოგადოებების უმრავლესობა პატრიარქალური იყო, ანუ მათში სტატუსი და ხელმძღვანელი თანამდებობები მამის ხაზით გადაიცემოდა. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითად, მატრიარქალური ლიკია თურქეთის ტერიტორიაზე. მეცნიერები დიდი ხანია, კამათობენ, საზოგადოების როგორი ტიპი არსებობდა ჩაკოს კულტურაში, რომელიც მრავალსართულიან ნაგებობებს აშენებდა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავლენიან პოზიციას ფლობდა.
ამ საკითხისთვის სიცხადის მოსაფენად, მეცნიერთა ჯგუფმა პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგი დუგლას კენეტის (Douglas Kennett) ხელმძღვანელობით, დნმ-ის ანალიზი ჩაუტარა პუებლო ბონიტოს კომპლექსში ნაპოვნ იმ ნეშთებს, რომელიც ამჟამად ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში (American Museum of Natural History) ინახება.
სამარხის ყველაზე ძველი ნეშთები ჩვენი წელთაღრიცხვით 800 წლით თარიღდება, ყველაზე გვიანი პერიოდისა კი – დაახლ. 1130 წლით. ამის შემდეგ, მეცნიერთა ჯგუფმა მიცვალებულთა მიტოქონდრიალური დნმ შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ 9 მათგანი ერთმანეთთან დედის ხაზით იყო კავშირში. დნმ-ის ბირთვის საკმაო რაოდენობა ასევე მიუთითებს „დედა-ქალიშვილის“ და „ბებია-შვილიშვილის“ ხაზს. თავიანთ აღმოჩენაზე, მეცნიერებმა Nature Communications-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრეს.
„ის ფაქტი, რომ ისინი ყველანი დაკრძალულნი არიან ერთ სამარხში და ერთ მიტოქონდრიალურ დნმ-ს იზიარებენ, იმის დასტურია, რომ მათ შორის დედის ხაზით ნათესაობა არსებობს, – ამბობს კენეტი, – კრიპტას (სამარხი) სიმდიდრე ასევე იმას მოწმობს, რომ ეს ელიტური საზოგადოება იყო“. სამეცნიერო სამყარომ ეს აღმოჩენა დადებითად მიიღო, თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ გამოკვლეული სამარხი უბრალოდ ერთ-ერთ გავლენიან ოჯახს მიეკუთვნება, რომლის საერთო სტრუქტურა შესაძლოა ჩაკოს დანარჩენ წარმომადგენლებზე არც ვრცელდებოდა. ამის გამო, არქეოლოგები და გენეტიკოსები ახლა დანარჩენი სამარხების კვლევით არიან დაკავებულნი, საკუთარი ჰიპოთეზის დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად.
დაახლ. 1150 წლის შემდეგ, ჩაკოს ტომმა კანიონი ე.წ. დიდი გვალვის გამო დატოვა. ანასაზის გოლიათი სასახლეები გაუდაბურდა.