ვირჯინია ვულფის (ადელინ ვირჯინია სტივენი, Adeline Virginia Stephen, 1882-1941) შემოქმედება ფემინისტური ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. ქალთა ემანსიპაციის თემაზე მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები მსოფლიო ლიტერატურაში პირველი ტალღის ფემინიზმის ილუსტრაციაა. ნაწარმოებების: “მოგზაურობა”, “ღამე და დღე”, “ჯეიკობის ოთახი”, “მისის დელოვეი”, “შუქურისაკენ”, „ტალღები“, “ორლანდო”, “წლები”, ავტორის, ვირჯინიას შემოქმედებაში, ფემინისტური საკითხების გააზრება არა მხოლოდ სხვა ავტორების (მერი უოლსტონკრაფტი, ჯონ სტიუარტ მილი) ნაწარმოებების რეპლიკებია, არამედ გენდერული პრობლემების დამოუკიდებელი გაანალიზებაც.
ვირჯინია ვულფის ცხოვრების წლები დედოფალი ვიქტორიას მმართველობის ბოლოსა და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს მოიცავს. მისი ცხოვრების მანძილზე, საზოგადოებაში გენდერული როლებისა და ოჯახური ურთიერთობების კონცეფციების მკვეთრი ცვლილებები მოხდა.
XX საუკუნის დასაწყისში, იმ დროისთვის ევროპაში არსებულმა ფემინისტურმა მოძრაობამ უკვე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია (მაგალითად, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და ამერიკის რიგ შტატებში ქალებს ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ). თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის განმანათლებლობაგამოვლილ ქვეყნებში ქალები კვლავ საბაზისო პოლიტიკურ და ფინანსურ უფლებებს იყვნენ მოკლებულნი. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ინგლისში, რომლის კულტურასაც დიდწილად კონსერვატული ვიქტორიანული მემკვიდრეობა განაპირობებდა. მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების, სოციალური ძვრებისა და კულტურული ცვლილებების პერიოდად იქცა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური ცხოვრების სფეროზე აისახა. ვირჯინია ამ პარადოქსულ ცვლილებებს აღიქვამდა არა მხოლოდ როგორც მწერალი, არამედ როგორც ქალიც.
ვირჯინია ვულფის გენდერული მსოფლმხედველობის გასააზრებლად გარკვეულწილად მისი ოჯახიც გამოდგება, კერძოდ მისი ურთიერთობები მამასთან, ცნობილ ლიტერატურულ კრიტიკოსთან და პუბლიცისტთან ლესლი სტივენსთან. ლესლი ლიბერალი, პროგრესული შეხედულებების მქონე ადამიანი იყო, რომელიც პოზიტიურად ხვდებოდა სოციალური პროგრესის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის საზოგადოების დემოკრატიზაციას. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ლიტერატორი, იგი ლიტერატურის გენდერულად დეტერმინიზაციის წინააღმდეგი იყო: მისი აზრით, ავტორის სქესს ლიტერატურული ნაწარმოების ბევრ ასპექტზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, დაწყებული ტექსტის სტილისტური ერთიანობით, დამთავრებული მხატვრული სახეების სისტემით. ამ მიზეზის გამო, იგი ე.წ. „ქალურ ლიტერატურას“ ევროპული ბელეტრისტიკისგან მკვეთრად მიჯნავდა და ზოგადად ლიტერატურაში ქალის როლის მიმართ ერთობ კრიტიკულად იყო განწყობილი. მაგალითად, დები ბრონტეებისა და ჯორჯ ელიოტის ნაწარმოებებს იმის გამო იწუნებდა, რომ მათ დამაჯერებელი კაცი პერსონაჟის შექმნა არ ხელეწიფებოდათ. „მათი კაცები უბრალოდ ნიღბიანი ქალები არიან“, – წერს იგი თავის ერთ-ერთ კრიტიკულ სტატიაში.
სწორედ ვიქტორიანულ ინგლისში ქალის ინტელექტუალური შემოქმედების მიმართ არსებული ამგვარი დამოკიდებულების შესახებ დაწერს მოგვიანებით ვულფი თავის სტატიაში „საკუთარი ოთახი“: „მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში, ქალი კაცისთვის სარკე იყო, რომელიც მის ფიგურად ორჯერ გადიდებულად წარმოაჩენდა. ამ ჯადოსნური ძალის გარეშე, ალბათ, მიწა დღემდე ჯუნგლებად დარჩებოდა. მსოფლიო ვერასოდეს გაიგებდა ჩვენი უსინდისო ომების ამბავს… არავის გვირგვინით შემკობა ან თავის მოკვეთა საჭირო არ იქნებოდა… სწორედ ამიტომ დაიჟინეს ნაპოლეონმა და მუსოლინიმ ქალის დაკნინება: მას თუ არ დაადაბლებ, იგი შენი ფიგურის გადიდებას შეწყვეტს…“.
ვირჯინიას უზრუნველი ბავშვობა 13 წლის ასაკში დასრულდა, როდესაც დედა გარდაეცვალა. ამას ისიც დაემთხვა, რომ გოგონამ მათ სახლში სტუმრად მყოფი კუზენების მხრიდან გაუპატიურების მცდელობა იწვნია. მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად, მგრძნობიარე გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. მართალია, იგი ამჯერად გადაარჩინეს, მაგრამ დეპრესიული და გულჩათხრობილი ხასიათი მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა (მოგვიანებით, 1906 წელს, მან ასევე საშინლად განიცადა ძმის, ტობიასის, სიკვდილი).
ვირჯინია ვულფმა ცარიელი, დრომოჭმული ფორმები უარყო არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ სოციალურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ კულტურაში, ადამიანების ცნობიერებაშიც. ბრიტანული საშუალო კლასის საზოგადოების მიერ აღზრდითა და უსიტყვო, სასტიკი რეგლამენტით თავსმოხვეული მსოფლმხედველობის საკუთარ თავში გადალახვისკენ სწრაფვამ ბევრი მხრივ განსაზღვრა მისი შემოქმედებითი განვითარების მიმართულება. სტატიაში „ქალური პროფესიები“, იგი „ოჯახური კერის მფარველის“ მეტაფორას წარმოგვიდგენს, რომელიც ტრადიციულად ქალების უმრავლესობის ინტერესის სფეროა. მაიკლ კანინგემი ვირჯინიას გმირების ყოველდღიურ ოჯახურ ფუსფუსს მისი ტექსტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარედ განიხილავს: „ვულფმა, როგორც ქალმა, კარგად იცოდა, თუ როგორ უმწეოდ გრძნობენ თავს ქალები, რომელთა ადგილიც საზოგადოებაში არ არის. მას მტკიცედ სწამს, რომ აუცილებელი არაა, სახლის საქმეების გაძღოლასა და სტუმრების მიღებაში დახარჯული დრო ბანალური იყოს… ვულფს არ სურს იმ ფაქტორებისთვის თვალის არიდება, რასაც სხვა მწერლები უბრალოდ აიგნორებენ“, – წერს იგი.
პოეტ თომას ელიოტთან და ფილოსოფოს ბერტრან რასელთან ერთად, ვირჯინია „ბლუმსბერის წრის“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო (სახელწოდება მომდინარეობს ლონდონის ბლუმსბერის რაიონიდან, სადაც მეოცე საუკუნის ბრიტანეთის ლიტერატურული და ინტელექტუალური ფიგურები იკრიბებოდნენ). ჯგუფის თეორეტიკოსი მხატვარი, კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე როჯერ ფრაი იყო. მისი აზრით, ხელოვნებას ცხოვრება კი არ უნდა დაეკოპირებინა, არამედ მისი ალტერნატიული რეალობა შეექმნა. ვულფი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამ საკითხთან დაკავშირებულ პოლემიკაში და ამტკიცებდა, რომ მისი რომანების სოციალური რეალობა მისი გმირების პირადი ურთიერთობების საკითხში მომხდარის მხოლოდ დეკორაციაა: სოციალური არასოდეს განსაზღვრავს ფსიქოლოგიურს. განზრახ დეკლარირებული ამგვარი პოლიტიკური ინდიფერენტულობა თავისთავად გარკვეულ სოციალურ-პოლიტიკურ დეფინიციას შეიცავს. ეპოქის ჩარჩოებში, არსებული სოციალურ-პოლიტიკური საკითხების შეგნებული იგნორირება ახალი ტალღის ინტელექტუალებისთვის დამახასიათებელი თვისება იყო. ამ მხრივ, ვირჯინიას პოზიცია სრულად ემთხვევა მისი გარემოცვის შეხედულებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, რომ იგი საკუთარი შემოქმედების სოციალურ-პოლიტიკურ დეტერმინირებას გაურბოდა, მისი ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდებოდა იმდროინდელ მოვლენებს. ორი მსოფლიო ომი, სამოქალაქო ომი ესპანეთში, ფაშიზმის დაბადება, ჰოლოკოსტი, ქალთა ემანსიპაცია, დეკოლონიზაციის დასაწყისი – ეს ყველაფერი მის სიცოცხლეში ხდებოდა და იგი ამ გლობალური პროცესების მონაწილე იყო. 1939 წელს, ესპანეთის ფრონტზე მისი საყვარელი ბიძაშვილი ჯულიან ბელი დაიღუპა. თავად ვირჯინიას სიცოცხლის დასრულება ბევრად განაპირობა იმ სამხედრო ქაოსმა და ნგრევამ, რომელიც ანტისემიტური განწყობების გაძლიერებამ გამოიწვია. მისი ქმარი, გამომცემელი და ჟურნალისტი ლეონარდ ვულფი, მნიშვნელოვნად იყო აფორიაქებული მეოცე საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციით.
ვირჯინიას დაწყებული ჰქონდა ახალი, მასშტაბური რომანი „აქტებს შორის“, რომელიც უკვე მძიმე დეპრესიის, ჰალუცინაციების, ღამის კოშმარების თანხლებით იწერებოდა. ექიმები მის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობას იჟინებდნენ, – 1941 წელს ლონდონის დაბომბვის გამო, სახლი დაენგრა, ბიბლიოთეკა დაეწვა და ლამის ქმარი დაეღუპა. ამან მისი ფსიქიკა საბოლოოდ მოშალა. ომით გამოწვეული ღრმა დეპრესიით ფსიქიკურად გამოფიტულ ვირჯინიას არ უნდოდა, რომ მის ქმარს დარჩენილი ცხოვრება მასზე ზრუნვაში გაელია. ამის გამო, მან 1941 წლის 28 მარტს ჩაიდინა ის, რაც არაერთხელ უშედეგოდ უცდია და რის შესახებაც თავის ნაწარმოებებში ხშირად უსაუბრია – თავი დაიხრჩო მდინარე ოუსში.