დღეს, 14:00-ზე, კავშირი “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ერთი კვირის წინ, წერეთლის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პატრულისა და შსს-ს უმოქმედობასა და მკვლელობის დროს პატრულის თანამშრომლების არაადეკვატურ რეაქციას ეხება.
ამა წლის 31 მაისს, წერეთლის გამზირზე, მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ნაქირავებ ბინაში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხოვრებ 34 წლის ელენა ბლაგოდარნაიას ესროლა და დაჭრა, შემდეგ კი მის ყოფილი მეუღლე მოკლა.
შემთხვევას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ბინის მეპატრონეც ესწრებოდნენ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია ინციდენტამდე ერთი საათით ადრე გამოიძახეს. მკვლელი პატრულთან ერთად შევიდა ბინაში; მას მანამდე შინ ელენა ბლაგოდარნაია არ უშვებდა. 15 წუთის განმავლობაში, ალექსანდრე ჯინჭველაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ელენა ბლაგოდარნაიას ბინაში იყო. ასევე, ბინაში პატრულის მისვლის შემდეგ ავიდა ელენას ყოფილი ქმარი.
აღმოჩნდა, რომ ელენე ბლაგოდარნაია ალექსანდრე ჯინჭველაშვილისგან დაცვას მისივე კოლეგებს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა. 2 სექტემბერს, მან მიმართა
შსს გენერალურ ინსპექციას და კრიმინალურ პოლიციას, თუმცა ამაოდ – ალექსანდრე ჯინჭველაშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა, მისთვის იარაღიც არ ჩამოურთმევიათ. ამ ყველაფრის შემდეგ, ჯინჭველაშვილი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.
ასევე, საყურადღებოა ელენა ბლაგოდარნაიას მძიმედ დაჭრისა და მისი ყოფილი მეუღლის მკვლელობის გარემოებები: დამნაშავემ სხვადასხვა ოთახში მყოფ ორ ადამიანს დაუბრკოლებლად ესროლა, მაშინ, როცა ინციდენტს პატრულის თანამშრომლები ესწრებოდნენ.