"საფარის" აქტივობები / განძი

დღეს ქართულ-სომხურენოვანი პლატფორმა “განძის” პრეზენტაცია გაიმართა

მოგეხსენებათ, გაეროს მოსახლეობის ფონდის #UNFPA საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის პარტნიორობის ფარგლებში დღეს თბილისში ქართულ-სომხურენოვანი საინფორმაციო პლატფორმა “განძის” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი პლატფორმა,  სახელად ,,განძი’’, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიტანას და მათი ცნობიერების ამაღლებას. ეს ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს ადამიანთა უფლებებს, უფლებების დაცვას, ადრეულ ქორწინებას, ოჯახში ძალადობას, გენდერულ თანასწორობას, ქალთა უფლებების დისკრემინაციას, მათზე ძალადობის ფაქტების შემცირებისთვის გზების პოვნას, რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ა.შ.

ამ ყველაფერის ავტორები იქნებიან სწორედ ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ეს იქნება ერთგვარი შესაძლებლობა, რომ ყველას თავისუფლად გაუზიარონ საკუთარ თემში არსებული პრობლემები, მავნე პრაქტიკები, ხმამაღლა ისაუბრონ იმ უარყოფით ფაქტორებზე, რომლებიც მათ და სხვა ახალგაზრდებსაც, წლების განმავლობაში არ აძლევდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსს. ამგვარად, ისინი ამ პრობლემებზე და მავნე პრაქტიკებზე დაიწყებენ ერთობლივად მუშაობას.

ამ ახალგაზრდებმა, მათთვის მშობლურ ენაზე, უნდა დაწერონ სტატიები, ბლოგპოსტები, მათ შეუძლიათ გადაიღონ ვიდეოები ზემოთ აღნიშნულ და სხვა მათთვის სასურველ თემებზე, რაც განთავსდება ,,განძის’’ პლატფორმაზე. ეს ყველაფერი, ამ ახალგაზრდებისთვის იქნება ერთგვარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი ისინი გახდებიან საკუთარი თემების სხვა ახალგაზრდებისთვის სტიმულის მომცემი ლიდერები.

გარდა ამისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გზით მოხდება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობაც. თუ ჩვენ ინფორმაცია გვექნება ერთმანეთის წეს-ჩვეულებებზე, ტრადიციებზე, პრობლემებზე, ყოველდღიურებაზე, ჩვენ უფრო ინტენსიურად დავიწყებთ ურთიერთობას, უფრო მეტად ვეცდებით ერთმანეთის დახმარებას, და უფრო მეტი საერთო მიზანი გვექნება მომავლისთვის.

გოჰარ აღჯოიანი

ფოტო: UNFPA Georgia