სტატიები

ევიტა პერონი – ღატაკთა ღვთისმშობელი

დღეს ევიტას 99 წელი შეუსრულდებოდა

1952 წლის 26 ივლისს, მთელი არგენტინა გაყუჩდა. ყველა რადიოგადაცემა და სპექტაკლი გაწყდა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. „ერის სულიერმა ლიდერმა, არგენტინის პირველმა ლედიმ ევიტა პერონმა მარადიულობაში გადაინაცვლა“, – წარმოთქვა ხმააკანკალებულმა დიქტორმა. მის კვალად, მთელი ქვეყანა აქვითინდა.

ქვეყანა უბრალოდ ქალს კი არა, თავის ბედნიერ მომავალს დასტიროდა, რომელსაც აღსრულება აღარ ეწერა, და სასოებას, რომლის გაღვივებაც ამიერიდან აღარავის შეეძლო. მთელი ნაციის ბედნიერება და იმედი ერთ სიფრიფანა ქალში იყო განსხეულებული.

ისტორიაში ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი ქალის ხანმოკლე ცხოვრება გარდასახვებითაა აღსავსე. უღარიბესი ოჯახის შვილმა, დიდების მწვერვალს მიაღწია, ღატაკი გოგონადან მთელი ქვეყნის სიმბოლოდ იქცა.

ევა დუარტე 1919 წლის 7 მაისს დაიბადა, მესაქონლეობით ცნობილ პატარა სოფელ ლოს-ტოლდოსში, რომელიც ბუენოს-აირესიდან 300 კილომეტრითაა დაშორებული. ევა-მარია ხუანა იბარგურენის მეხუთე ბავშვი იყო, ისევე, როგორც მისი სამი და და ერთი ძმა, – უკანონოდ შობილი. სენიორა იბარგურენის ყველა ბავშვის მამა ხუან დუარტე იყო, პატარა ფერმის მეპატრონე. იგი 20 წლის წინ დაქორწინდა და კანონიერ ქორწინებაში სამი გოგონა ჰყავდა.

1926 წელს ხუან დუარტე საავტომობილო ავარიაში დაიღუპა. იბარგურენების ოჯახი იძულებული გახდა, ლოს-ტოლდოსიდან პატარა ქალაქ ხუნინში გადასულიყო. სენიორა ხუანამ აქ თავი ყველას დუარტეს ქვრივად გააცნო და პანსიონი გახსნა. ევას დები დათხოვდნენ, ძმა სამხედრო სამსახურში მოეწყო. ევას სურდა, ბუენოს-აირესში გადასულიყო და მსახიობი გამხდარიყო. 15 წლისამ დედა დაარწმუნა, იგი დედაქალაქში გაეშვა.

ბუენოს-აირესში ევას ცხოვრების პირველი წლების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ თავდაპირველად, მას ძალიან გაუჭირდა – არც სამსახური ჰქონდა და არც – თავშესაფარი.

უკანონოდ შობილ გოგონას სოფლად სამი გზა ჰქონდა – ან მონასტერში წასვლა, ან გათხოვება, ან უკანონო ბავშვების გაჩენა. ყველა შემთხვევაში, მას ბევრი და მძიმე სამუშაო უნდა შეესრულებინა. ევა დედაქალაქში უფულოდ ჩავიდა, პროვინციული აქცენტით და გლეხის მანერებით. მას ერთადერთი ქვედაბოლო და ბლუზა ჰქონდა და ის, რომ შიმშილით არ მოკვდა, უკვე სასწაული იყო.

ყმაწვილობისას, ევიტას პურის ფულის შოვნა უამრავი საშუალებით უხდებოდა

წელიწადზე მეტ ხანს, იგი ამაოდ ატალახებდა თეატრებისა და რადიოსტუდიების ზღურბლს, წარუმატებლად ცდილობდა, ემუშავა ოფიციანტად ან მანეკენად, ეროტიკულ ღია ბარათებში გადაღებაზეც თანახმა იყო.

დიდი წვალების შემდეგ, ევა თეატრ „კომედიაში“ მოეწყო. რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლი კინოში, სამსახური რადიოში და მდიდარი მფარველები ის ფუნდამენტი იყო, რაზეც რამდენიმე წელიწადში ევიტას სახელოვანი ფიგურა დაფუძნდა.

1943 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა როგორც ქვეყნისთვის, ისევე – ევიტასთვის. ევასთვის იმიტომ, რომ მისმა მორიგმა მფარველმა იგი ორსული მიატოვა და იატაკქვეშა აბორტის გაკეთებისას, ამ ამბავს ლამის გადაჰყვა. ვიდრე გამოჯანმრთელდებოდა, ევას ყველა კონტრაქტი დასრულდა, და საავადმყოფოდან უმუშევარი, უპოვარი და ავადმყოფი გამოეწერა.

იმ წელს, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის იდეოლოგიც პოლკოვნიკი ხუან დომინგო პერონი გახდა. ახალ მთავრობაში მან თავდაპირველად შრომის სამდივნოს ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. გადატრიალებამ შეცვალა ქვეყანა და იხსნა ევა: იგი უგონოდ შეუყვარდა პოლკოვნიკ ანიბალ ფრანსისკო იმბერტს, ფოსტა-ტელეგრაფის ახალ დირექტორს. მას არგენტინის ყველა რადიოსადგური ექვემდებარებოდა. გასაკვირი არაა, რომ ევას მალე რადიოში უამრავი კონტრაქტი გაუფორმეს.

თავდაპირველად, ამ რადიოგადაცემების მოსმენა რთული იყო – ევას საუბრის გაუთლელი მანერა მისი პერსონაჟების მაღალ სტილს სრულიად არ ერგებოდა, მაგრამ თანდათანობით, მან მეტყველება დახვეწა. მალე, იგი არგენტინის რადიოს აღიარებული ვარსკვლავი გახდა. „რადიო ბელგრანოს“ მეპატრონემ ხაიმ იანკელევიჩმა მას სოციალური თემებისადმი მიძღვნილი გადაცემის „ხუთი წუთი ხალხისთვის“ წაყვანა შესთავაზა.

დასახელებული პროგრამა უბრალო ხალხის ყოველდღიურობას ეძღვნებოდა. ევამ იცოდა, რაზე ესაუბრა: მას შესანიშნავად ესმოდა ყველა დამცირება, საჭიროება და სირთულე, რომელიც გამოევლო, და ამის დავიწყებას არც აპირებდა. ეთერის დროს, იგი საბრალო ღატაკებზე საუბრობდა, და ხმა ჭმუნვისგან ებზარებოდა. მილიონობით ადამიანს, რომელიც უსმენდა „ხუთ წუთს ხალხისთვის“, სჯეროდა ევასი და უყვარდა იგი. ასე დაიწყო საყოველთაო აღიარებაც.

ქვეყნის პირველი პირი, 47 წლის ხუან პერონი, ხუთი წლის დაქვრივებული იყო. ბრწყინვალე კარიერის მქონე პოლკოვნიკს ქვეყნის განვითარების საკუთარი სქემა ჰქონდა შემუშავებული: სამხედრო ნეიტრალიტეტი, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მრეწველობის განვითარება. არგენტინა კონტინენტზე წამყვანი ქვეყანა უნდა გამხდარიყო. ამისთვის, პერონი მზად იყო, დღე და ღამე გაესწორებინა. მის მიერ შექმნილმა „პოლკოვნიკთა ლიგამ“ – ოფიცერთა ჯგუფმა – 1943 წელს პრეზიდენტი კასტილიო დაამხო და ხელისუფლებაში სამხედროები მოიყვანა. ამ მთავრობაში, პერონს უკვე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჰქონდა. მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ სწორედ იგი მართავდა არგენტინას.

ევა დუარტე და ხუან პერონი ერთმანეთს 1944 წლის 22 იანვარს შეხვდნენ, საქველმოქმედო საღამოზე. ევა პერონს მიეახლა და უთხრა: „მადლობა, პოლკოვნიკო, რომ არსებობთ“. ის ღამე მათ ერთად გაატარეს, და მას შემდეგ, ერთმანეთს აღარ დასცილებიან.

თავდაპირველად, პერონმა ევას კინოში მთავარი როლები და შრომის სამდივნოში თანამდებობა შესთავაზა, რადიოში 5-წუთიანი გადაცემა კი ნახევარ საათამდე გახანგრძლივდა. ევამ მალე გაკვირვებით აღმოაჩინა, რომ პერონის მიმართ არა მხოლოდ მადლიერებას, არამედ სიყვარულსაც გრძნობდა. პერონი ის კაცი იყო, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა: ჭკვიანი, ძლიერი, ნებისყოფიანი. მან კარგად იცოდა, რომ პერონის გარემოცვა – სამხედროები, პოლიტიკოსები, ბანკირები – მას ავი თვალით უყურებდა. მათთვის ევა უპოვარი თვითმარქვია იყო, შემთხვევითი ხარჭა. ევამ გადაწყვიტა, ეს ადამიანები გადაერწმუნებინა.

რამდენიმე თვეში, ფერმიხდილი ჭუპრიდან იგი მშვენიერ პეპლად გადაიქცა. იგი პერონისთვის სასარგებლო და აუცილებელი ადამიანი გახდა. მისი მომხრეებისთვის, ევამ სალონი მოაწყო, სადაც დიასახლისის ფუნქცია შეითავსა. ევამ პერონის ყველა გეგმის, ინტრიგის შესახებ შეიტყო. პატრიარქალური არგენტინისთვის წარმოუდგენელი რამ ხდებოდა – ევა ხუანს მიტინგებსა და პროფკავშირების შეკრებებზე თან ახლდა. თავის რადიოგადაცემას იგი იმისთვის იყენებდა, რომ პერონისთვის ათასობით მომხრე შეეძინა. „ჩემი მუდმივი იდეალი პერონი და ჩემი ხალხია, მე ჩემს დროშას პერონისთვის აღვმართავ“, – ამბობდა იგი, და მის სიტყვებს ათასობით არგენტინელი იმეორებდა.

1945 წელს, მორიგი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, პერონი დააპატიმრეს. ევა სამსახურიდან გაუშვეს, მის მანქანას ქვები დაუშინეს. ამ დროს, მან პერონისგან წერილი მიიღო: „ახლაღა მივხვდი, როგორ მიყვარხარ. როგორც კი გავთავისუფლდები, დავქორწინდეთ“.

ევამ პროფკავშირების ლიდერებს მიმართა, რომლებსაც პერონი მფარველობდა, და ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა, რომ პერონის დაპატიმრება ქვეყნის უბედურებას ნიშნავდა. ორ დღეში, გადატრიალება ჩახშობილ იქნა, პერონი გაათავისუფლეს.

მომდევნო დღეს, ევა დუარტე და ხუან პერონი დაქორწინდნენ. პერონმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ევა მას მუდამ თან ახლდა: პერონი თავის პოლიტიკაზე საუბრობდა, ევიტა კი – მისადმი სიყვარულზე. პერონისტებს გათვლა სწორედ იმ ღატაკ ფენაზე ჰქონდათ, საიდანაც ევა მოდიოდა. ყველამ იცოდა, რომ ევა ჭურჭლის მრეცხავისა და მესაქონლის უკანონოდშობილი შვილი იყო. ამიტომაც, მშრომელი კლასი მას თავისიანად თვლიდა, რაც მას იმედს უსახავდა, რომ მონდომების და შრომის შედეგად, ევას მაგალითზე, ქვეყნის სათავეში მოქცევაც შესაძლებელი იყო.

ჯერ კიდევ პირველი ლედის სტატუსის მიღებამდე, ევიტა ხალხში ყველაზე საყვარელ პოლიტიკოსად იქცა. აქამდე ლათინური ამერიკის ვერც ერთი ქალი ვერ გახდა ისეთი გავლენიანი, როგორიც ის. ბევრი აღნიშნავდა, რომ 1946 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ხუან პერონმა კი არა, ევიტამ მოიგო.

პრეზიდენტობისას, პერონს ნაკლები დრო რჩებოდა. ამიტომაც, ხალხთან ურთიერთობის საკითხი მთლიანად ევიტას ხელში გადავიდა. იგი დილის სამ საათზე დგებოდა, ხუთზე უკვე შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ითხოვდა, მთელს ქვეყანაში დადიოდა, პირადად იღებდა ათასობით ადამიანს. მისი ცხოვრების მთავარ მიზნად ღატაკი ადამიანებისთვის ყოფის შემსუბუქება იქცა. ევიტას ძალისხმევით, რამდენიმე კანონი მიიღეს, რომელიც მშრომელი ხალხის ცხოვრებას ამსუბუქებდა, ხოლო პარლამენტისადმი მისი პირადი მიმართვის შედეგად, არგენტინაში ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიენიჭათ.

რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარების მიზნით, 1946 წელს ევიტამ თავისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი დააარსა. მასში ირიცხებოდა ხელფასის დაქვითვები, მოგების პროცენტები, ნებაყოფლობითი შემოწირულობები და ვაჭრობისგან მიღებული მოგება. თანხებს პირადად ევიტა ანაწილებდა. შრომის საყოველთაო კანცელარიის შენობაში ასეულობით ათასი ადამიანი იყრიდა თავს მთელი ქვეყნიდან: ევიტას სთხოვდნენ სათამაშოებს, დახმარებას, საკერავ მანქანებს, საქორწილო კაბებს, კბილის პროთეზებს, ავეჯს, ბინებს, მოგზაურობისთვის თანხებს.

ამ ყველაფერს ევიტა რეალობად აქცევდა: სტატისტიკის თანახმად, მან გასცა ორნახევარი ათასი სახლი და ბინა, სამნახევარი ათასი სტიპენდია, შვიდი ათას რვაასჯერ გახდა ნათლია და ექვსი ათასჯერ დაესწრო ღარიბი ადამიანების ქორწილებს. ფონდის სახსრებით, იგი ხსნიდა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს, თავშესაფრებსა და ბიბლიოთეკებს. ყოველწლიურად, იგი მილიონზე მეტ სასაჩუქრე ამანათს გზავნიდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ მშრომელი ადამიანები მასზე ფაქტიურად ლოცულობდნენ: მისი პორტრეტი არგენტინის ლამის ყველა სახლში მოიძევებოდა.

ბუენოს-აირესის მდიდარ კვარტლებში მადამ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარი იყო. „ღატაკების რჩეული თვითმარქვია“ არგენტინელ არისტოკრატებს ვერც მოეწონებოდათ. თუმცა, ევიტამ მათაც გამოუძებნა გამოყენება და თავისი ფონდისთვის მოზრდილ შემოწირულობებს ართმევდა.

1947 წელს, ევიტა პერონი ევროპაში გაემგზავრა: მოინახულა ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ვატიკანი. ომით დაძაბუნებული ევროპიდან მან მილიარდების საფასურის კონტრაქტები მოიტანა, ხორცისა და მარცვლეულის მოწოდებაზე.

უსაზღვრო გავლენის მქონეს, არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა. 1951 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ევიტას თავში აზრად მოუვიდა, საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხი ამ გადაწყვეტილებას დიდი სიხარულით შეხვდა.

მაგრამ, სამხედროებმა, რომლებსაც პერონის ხელისუფლება ეყრდნობოდა, მას მიანიშნეს, რომ ევიტა პრემიერად არ გამოდგებოდა, რომ იგი თავად პერონს დაჩრდილავდა, რომ მთელს ფულს ღარიბებს დაურიგებდა, და ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ქალი იყო!

ევიტა იძულებული გახდა, თავის გეგმებზე უარი ეთქვა. მის უკანდახევას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა: იგი მალ-მალე იღლებოდა, წონაში იკლებდა და სუსტდებოდა თვალსა და ხელს შუა. ადრინდელივით, დღე-ღამეში 20 საათით მუშაობა აღარ შეეძლო. მალე, იგი საავადმყოფოში მოხვდა, ძლიერი ანემიის დიაგნოზით: აღმოჩნდა, რომ უხარისხო აბორტის გამო, მას საშვილოსნოს კიბო განუვითარდა.

ბოლოჯერ, იგი ხალხის წინ 1952 წლის 4 ივნისს, პერონის მეორე ინაუგურაციაზე გამოჩნდა. 33 წლისა, 32 კილოგრამს იწონიდა. იგი იმდენად დასუსტებული იყო, რომ ხელით დაჰყავდათ. ევიტას ბოლო სიტყვები ლეგენდად იქცა: „მუდამ პერონის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რაც გამაჩნია. ჩემი სიცოცხლე ჩემი საკუთრება კი არა, პერონისა და ჩემი ხალხისაა. ისინი არიან ჩემი მუდმივი იდეალები. ნუ სტირი ჩემთვის, არგენტინა, მე მივდივარ, მაგრამ გიტოვებ ჩემთვის უძვირფასესს – პერონს“.

როცა ევიტა გარდაიცვალა, ვატიკანში 40 000-ზე მეტი წერილი შევიდა, მისი წმინდანად კანონიზირების თხოვნით.

ხუან პერონმა შესანიშნავად იცოდა, რომ ევიტას გარეშე მისი ძალაუფლება დასრულებული იყო. მაგრამ, მან თუ მისი სულის შენარჩუნება ვერ შეძლო, სამაგიეროდ, შეინახა მისი ნეშთი. ექიმმა პათანატომმა პედრო არამ ევიტას ცხედარი ისე დააბალზამა, თითქოს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ცხედარს ხალხი 13 დღის მანძილზე ემშვიდობებოდა. არც ერთი დღე არ იყო ისეთი, როდესაც მის კუბოსთან ვინმეს თავის მოკვლა არ უცდია. სამი წლის მანძილზე, ნეშთი შრომის საყოველთაო კონფედერაციის შენობაში ესვენა, ვიდრე 1955 წელს, პერონის რეჟიმი არ დაემხო.

ახალ რეჟიმს არაფრად სჭირდებოდა პერონისა და ევიტას კულტები. გადაწყდა, ევიტას ნეშთი გადაემალათ. ხუთი წლის მანძილზე, იგი ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰქონდათ. სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო იგი, მყისვე სანთლებით და ცოცხალი ყვავილებით იმკობოდა. სანამ ნეშთი სამუდამო განსასვენებელს ჰპოვებდა, უამრავი ადგილი იცვალა, ქვეყნის რეგიონებით დაწყებული, საზღვარგარეთის ქვეყნებით დამთავრებული. არგენტინაში დღემდე აღმერთებენ ახალგაზრდა, ოქროსფერთმიან ქალს, რომელმაც მისთვის ყველაფერი ძვირფასი ხალხს უძღვნა.

1996 წელს, რეჟისორმა ალან პარკერმა ენდრიუ ლოიდ ვებერის იმავე სახელწოდების მიუზიკლის მიხედვით, კინოფილმი “ევიტა” გადაიღო, სადაც ევა დუარტეს როლს პოპმომღერალი მადონა ასრულებს.