გუშინ, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOT) დაკავშირებით, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, ებრძოლოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი ყველა სახის დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ.
„როგორც ევროკავშირში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც, ლგბტი საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად ხდებიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლნი“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ (Federica Mogherini).
მოგერინიმ აღნიშნა, რომ ლგბტი ადამიანები კვლავაც დისკრიმინაციას ექვემდებარებიან, ხოლო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ერთი სქესის მქონე ადამიანების პარტნიორობა კვლავინდებურად კრიმინალიზებულია. მისი თქმით, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას კანონი იცავს, ფართოდაა გავრცელებული სტიგმატიზაცია ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის ფონზე. ამას ადამიანები სოციალურ იზოლაციამდე მიჰყავს, ეს ყველაფერი კი ქვეყნის ეკონომიკასა და ჯანდაცვაზე აისახება.
მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც იმუშავებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
„უფლებადამცველებო, თქვენ მარტონი არ ხართ. ევროკავშირი მუდამ თქვენთანაა!“, – დასძინა მან.
წყარო: consilium.europa.eu