გუშინ, 29 ნოემბერს, “ფაბრიკაში”, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრემია სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკა სხილაძეს გადაეცა.
2013 წელს, ქალთა ფონდმა საქართველოში „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ დააწესა, რომელიც ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გაიცემა. მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფემინისტი აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია ყოველწლიურად საქართველოში მოღვაწე ერთ ქალს გადაეცემა, რომლის საქმიანობაც ქალთა უფლებების დაცვას უკავშირდება. პრემიის საპრიზო თანხა 1,500 ევროს შეადგენს.
ეკა სხილაძე კოორდინაციას უწევს სახალხო დამცველის აპარატის შემდეგი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას: გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი, თანასწორობის დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა აკადემია და ბავშვის უფლებათა ცენტრი.
პრემიის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედური ქალთა ფონდის “კვინა ტილ კვინა” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა და ჰოლანდიური ქალთა ფონდი „მამა ქეში“.
2013 წელს, კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გახდა. 2014 წელს, პრემია ქალთა ფონდი „ტასოს“ გენერალურ დირექტორს მარინა თაბუკაშვილს გადაეცა. 2015 წელს კი, პრემია ფემინისტ მხატვარსა და ქალთა უფლებების აქტივისტს ლია უკლებას ხვდა წილად.