როგორც უკვე ვიტყობინებოდით, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, კატო მიქელაძის სახელობის პრემია სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკა სხილაძეს გადაეცა. ეკა სხილაძე საქართველოში გენდერულ პრობლემებზე 2007 წლის მარტიდან მუშაობს. ექვსი წლის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრში“ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობდა. ამის შემდეგ, 9 თვის განმავლობაში, პოლონეთში, ადგილობრივ ორგანიზაცია „აქტიურ ქალთა საზოგადოებაში“, ასევე გენდერის საკითხებით იყო დაკავებული (სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის ვორკშოფების, სემინარების და ტრეინინგების ჩატარება და ორგანიზაციის კამპანიებში მონაწილეობა). 2013 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსად. 2016 წლის ივლისიდან სახალხო დამცველის მოადგილეა.
ეკა სხილაძე: როდესაც მუშაობა დავიწყე, დეპარტამენტი სულ ახალი შექმნილი იყო, მხოლოდ ორი თანამშრომელი ვიყავით. ახლა დეპარტამენტი მდგრადი სტრუქტურული ერთეულია – ოთხი თანამშრომელი ჰყავს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ჩემი საქმიანობის ძირითად მიმართულებად დღემდე რჩება გენდერული თანასწორობის საკითხები. მას შემოემატა ისეთი ურთიერთგადამკვეთი თემები, როგორიცაა ბავშვის უფლებები, შშმ პირთა უფლებები, თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული საკითხები.
რას ნიშნავს თქვენთვის კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატობა?
ზოგადად, კატო მიქელაძის პრემიის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, მისი დაარსების დღიდან, დაჯილდოების არც ერთი ცერემონიალი არ გამომიტოვებია. ვფიქრობ, რომ ზოგადად ქალთა უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობა გარკვეულ რისკებთან – ემოციურ წნეხთან, სტრესთან არის დაკავშირებული. ამ დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა გიწევს. ჩემთვის ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ადამიანების საქმიანობის შეფასება, აღიარება და დაფასება ხდება. თუნდაც ის, რომ კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ნომინანტი ვიყავი, ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაა, რის გაკეთებაც ჩემი საქმიანობის დროსაა შესაძლებელი. ჩემთვის ეს ჯილდო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პირადად მე ძნელად თუ წარმოვიდგენდი საკუთარ თავს ნომინანტის და მით უფრო გამარჯვებულის რანგში.
ჯილდოს მონიჭებისგან მოგვრილი ეიფორიის გადავლის შემდეგ, ჩემს საქმიანობაზე უფრო მეტად დავფიქრდი, უფრო მეტის გაკეთების სურვილი მაქვს. ჩემი ჯილდო ალბათ იმ ადამიანებსაც ეკუთვნით, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს. მე ყველგან და ყოველთვის გუნდთან ერთად ვმუშაობ. ასევე, ჩემი ჯილდო ალბათ იმ ქალებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც დავხმარებივარ. ჩემთვის ყველაზე მეტად ემოციური სწორედ ეს მომენტი იყო.
თქვენი საქმიანობის პროცესში ყველაზე მეტი სირთულე რომელ საკითხთან დაკავშირებით გხვდებათ?
ყველაზე მეტი სირთულე, რაც იყო და რჩება, საზოგადოების ცნობიერებაში, დამოკიდებულებებშია. მეორე დიდი პრობლემა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების თუ ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობასა და ამ ყველაფრის საზოგადოებამდე მიტანაში მდგომარეობს. გარდა ამისა, დიდ დაბრკოლებას ვაწყდებით მაშინ, როდესაც ძალადობის მსხვერპლი მოგვმართავს. იგი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არაა, სხვა არჩევანის საშუალება არ გააჩნია, ძალადობის მსხვერპლია, არ აქვს სამსახური, არ აქვს თავშესაფარი, ოჯახი არ იღებს. ამ დროს, ჩვენ მისთვის არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ძალიან მცირე დროით, სახელმწიფო თავშესაფარში გავუშვათ. როდესაც ადამიანი მოდის და ძალადობისგან თავის დახსნის გზა არ არის, ხელფეხშეკრული ხარ. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ემოციური სტრესია, რომ ძალადობის მსხვერპლებს ყველა პრობლემას ვერ ვუგვარებთ და ბოლომდე ვერ ვეხმარებით. ასევე, პრობლემაა ძალადობის მიმართ იმ პროფესიის ადამიანების დამოკიდებულებაც, რომლებიც წესით ძალადობის მსხვერპლებს უნდა ეხმარებოდნენ: პოლიციელების, ექიმების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების პოზიცია, როდესაც ისინი საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს იზიარებენ.
ამა წლის 25 ნოემბრის აქციის მთავარი მესიჯი შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დანაყოფის შექმნის მოთხოვნა იყო, რომელიც გენდერულ ძალადობაზე იმუშავებს. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?
იქიდან მოყოლებული, რაც სახალხო დამცველი ამ საკითხებზე მუშაობს, მისი უცვლელი რეკომენდაციაც სწორედ ეს გახლავთ. ამგვარი დანაყოფის შექმნა ორგანიზაციის ინსტიტუციურ მდგრადობას და ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. შსს-სთვის ეს გადაწყვეტილება გაცილებით მარტივი იქნებოდა ტენდენციების შეფასების, სამომავლო აქტივობების უფრო ეფექტიანი დაგეგმვის, შიდაინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმუშაონ ადამიანებმა, რომლებსაც სპეციალური გამოცდილება და ცოდნა ექნებათ და შესაბამისი ერთი სტრუქტურული ერთეულის ფარგლებში იქნებიან მოქცეულნი. ამის კონტრარგუმენტად ხშირად ფინანსური რესურსების გაზრდის სირთულეს ასახელებენ, მაგრამ თუნდაც ჩვენი მაგალითით, სულ სხვა რამ ვლინდება. როდესაც ამგვარი ერთეული სახალხო დამცველმა შექმნა, ამან პირიქით, რესურსების დაზოგვა გამოიწვია. სხვა შემთხვევაში აქტივობების გაბნევა ხდებოდა და ამ საკითხებზე ყველა მუშაობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ თემაზე ინსტიტუციური მდგრადობა და მეხსიერება არ გაგვაჩნდა. შესაბამისად, ძალიან რთული იყო ამ თემაზე რაიმე რეკომენდაციის მომზადება და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ ეს ორმხრივი საჭიროება უნდა დაინახოს: ერთი მხრივ, ეს თავად მისი საქმიანობისთვის არის უფრო ეფექტური, მეორე მხრივ კი, ამ თემაზე მუშაობის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც ინდივიდუალური საქმეების, ასევე სტატისტიკური მონაცემების შესწავლისას, გამოვავლინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ის, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ყველა შემთხვევას უყურებს, როგორც ცალკე აღებულ, განკერძოებულ ფაქტს. არავინ ახდენს იმის ანალიზს, თუ რამდენჯერ იქნა კონკრეტული პირის მიერ პოლიციის გამოძახება და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ფემიციდსა და ძალადობის სასტიკ ფორმებზე ვსაუბრობთ, ისმის კითხვა, რამდენად შეუძლია შსს-ს რისკების პრევენცია? ამაში ამგვარი დანაყოფის არსებობა ძალიან დაგვეხმარება. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველსაც გაგვიადვილდება შსს-სგან ინფორმაციის ორგანიზებული მიღება და პირიქით, ამ უწყებისთვის მისი მიწოდება.
ესაუბრა შორენა გაბუნია