იცოდით, რომ გადასახადებს გენდერი აქვს?
მე პირველად ამის შესახებ საფარის მიერ ორგანიზებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საზაფხულო სკოლაში გავიგე. თავიდან პროტესტი გამიჩნდა, მერე რაც უფრო მეტს ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, აღმოვაჩინე, რომ ქვეყნის მიერ არჩეული საგდასახადო პოლიტიკა გავლენას ახდენს გენდერულ საკითხებზე და ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება.
გენდერის თემის ინკლუზიურ ეკონომიკაში შემოტანას რაციონალური საფუძვლები აქვს. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, ისე მართოს ხელთ არსებული რესურსები, რომ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების წესი შესთავაზოს და შექმნას პლატფორმა, სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოში არსებული შესაძლებლობები.
ამ ბლოგით მინდა, დავაკავშიროთ საგდასახადო სისტემის სამართლიანობა და გენდერული თანასწორობა. მოდი, ერთად გავერკვეთ საკითხში.
დავიწყოთ თავიდან:
ფისკალური სამართლიანობა გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშომესავლო, ისე ხარჯვითი ნაწილის თანაბრად განაწილებას ყველა მონაწილე მხარის ინტერესების და უფლებების, როგორც კორპორაციების, ისე ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გათვალისწინებას. სახელმწიფოსა და მოქალაქეებს/კორპორაციებს შორის ურთიერთობის ცენტრალური ნაწილი ეფუძნება ე. წ. „სოციალურ კონტრაქტის“ პრინციპს, რომლის ფარგლებშიც სთეიქჰოლდერები, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით უნდა იხდიდნენ გადასახადებს ბიუჯეტში და ასევე, თანაბრადვე იღებდნენ წვდომას ყველა იმ მომსახურებასა თუ სიკეთეზე, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.
სინამდვილეში ეს ასე არაა, ფისკალური პოლიტიკა ისე მუშაობს, რომ მათ ვისაც მეტი აქვს, არ იხდის მეტს, არამედ პირიქით, საბიუჯეტო შემოსავლების უდიდესი ნაწილი ფორმირდება სწორედ იმ სთეიქჰოლდერების მიერ, რომელთა შემოსავალიც ნაკლებია. თუ გადავხედავთ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების სტრუქტურას, დავინახავთ, რომ საშემოსავლო ნაწილში ყველაზე დიდი წილი (43%) დღგ-ს უკავია (იხ. გრაფიკი N1), რაც არასამართლიანი დაბეგვრის ნათელ მაგალითად შეგვიძლია, განვიხილოთ. ლოგიკა მარტივია – აბსოლუტურ გამოხატულებაში უფრო მეტი შემოსავლების მქონე უფრო მეტს იხდის, თუმცა არა – მთლიან შემოსავლებთან პროპორციის თვალსაზრისით. ისინი, ვისაც აქვთ უფრო ნაკლები შემოსავლები, იხდიან პროპორციულად უფრო მეტს, რადგანაც შემოსავლების უდიდეს ნაწილს ხარჯავენ პროდუქტებსა და მოსახურებაზე და შესაბამისად, მათი შემოსავლის პროპორციულად, უფრო დიდი წილი იხარჯება არაპირდაპირ გადასახადებზე, დღგ-ს სახით. სწორედ აქ ირღვევა თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპი, მათ შორის – გენდერულის.
გენდერული იმიტომ, რომ ქალები, ტრადიციულად, გვევლინებიან ნაკლებადშემოსავლიანი მოსახლეობის ნაწილად. შესაბამისად, არასამართლიანი საგადასახადო სისტემა ხდის ქალებს უფრო მოწყვლადს. გარდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილისა, იმის მიხედვით, თუ როგორ ხარჯავს სახელმწიფო გადასახადების გზით აკუმულირებულ საბიუჯეტო სახსრებს, პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს თანასწორობასა და გენდერზე, რადგანაც ქალები, საზოგადოებაში „მორგებული“ როლის და ე. წ. „ქალური“ სამუშაო პოზიციების გამო, უფრო მეტად არიან დამოკიდებული სახელმწიფო სერვისებიზე.
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქალებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს სამართლიან საგადასახადო სისტემა, რადგან საზოგადოებრივი სერვისები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:
- ქალები უფრო მეტად არიან ჩართულნი შინამეურნების მიმდინარე, არაანაზღაურებად პროცესებში. ამგვარად, ავტომატურად მიეკუთვნებიან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად და ფინანსურად არასტაბილურ ყველაზე დიდ ჯგუფს, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა, რომელსაც უზრუნველყოფს სახელმწიფო;
- ქალები უფრო მეტად არიან ჩართულნი სხვა ადამიანების „მოვლის და ზრუნვის“ პროცესებში. ისინი თავადვე შესაძლოა, საჭიროებდნენ სხვადასხვა სოციალურ სერვისებს თუ შეღავათებს, და თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამ მომსახურებებს, მაშინ, ქალებს, თავიანთი ისედაც მწირი ფინანსური შემოსავლებიდან კიდევ უფრო მეტის დახარჯვა უწევთ ამგვარ სერვისებზე, რაც ავტომატურად ხდის მათ, ფინანსურად კიდევ უფრო მოწყვლადებს და ხშირ შემთხვევაში, თავად უწევთ ამ შრომის გაწევა ანაზრაურების გარეშე;
- რაც უფრო ნაკლებია შემოსავალი, მით უფრო იზრდება არაპირდაპირი გადასახადების (მაგ. დღგ-ს) ხვედრითი წილი შემოსავლებთან მიმართებაში. როგორც ზემოთ ვნახეთ, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი ფორმირდება ფინანსურად ყველაზე არაუზრუნველყოფილი მოსახლეობის მიერ და განსაკუთრებით აქტუალური ხდება გენდერის და სამართლიანობის საკითხი;
- ქალები უფრო მეტად არიან დამოკედებულნი საზოგადოებრივ მომსხურებაზე, რაც გულისხმობს მშობიარობასთან, ჯანმრთელობასთან, რეპროდუქციასთან და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ სერვისებს, რომლებზე ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვანია;
შესაბამისად, გენდერული თანასწორობის პრინციპი და ასევე გადასახადების პოლიტიკა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. თუ გვინდა, რომ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების წესი შევუქმნათ და ქვეყანაში კეთილდღეობა გავზარდოთ, არსებული საგადასახადო სისტემის სტრუქტურა გადააზრებული უნდა იქნას ისე, რომ საგადასახადო წნეხი არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარეობდეს და ზოგადი ფონის გაუმჯობესებას ემსახურებოდეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დადგა დრო, სახელმწიფომ გადასახადების სტრუქტურას ალტერნატიულად შეხედოს და დღის წესრიგში დააყენოს პროგრესული დაბეგვრის კონცეფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ გაიზარდოს კორპორაციული გადასახადების წილი ბიუჯეტში და უფრო მეტი შემოსავლების მოქნე ადამიანებმა და ორგანიზაციებმა მეტი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში.
ავტორი: ლარისა პატარაია.
პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.