ქალების ტვიტები ჰეშთეგით #MaybeHeDoesntHitYou, შეგვახსენებს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ისეთივე დამანგრეველი იყოს, როგორც ფიზიკური ძალადობა.
ამა წლის მაისში, ტვიტერის სივრცეში ახალი ჰეშთეგი გაჩნდა: #MaybeHeDoesntHitYou. მას ის ადამიანები იყენებენ, რომლებიც ოდესმე ემოციური ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან.
ოჯახში ძალადობაზე საუბრისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეს ყოველთვის ფიზიკური შეურაცხყოფა როდია. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება იყოს ისეთივე საშინელი, როგორც ფიზიკური ძალადობა, ზოგ შემთხვევებში კი მასზე ბევრად უარესი.
ცნობილმა მწერალმა და მხატვარმა ზაჰირა კელიმ (Zahira Kelly), ტვიტერზე ჰეშთეგი #MaybeHeDoesntHitYou იმისთვის შექმნა, რათა ემოციური ძალადობის საკუთარი გამოცდილება დანარჩენი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა.
დასახელებულმა ნაბიჯმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ბევრ ქალს ემოციური ძალადობის საკუთარი ისტორიების გახსენებისკენ უბიძგა. ისინი დღეს ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე საჯაროდ საუბრობენ.
„მე არ მაქვს შინ წასვლის, მეგობრების ხშირად ან ზოგადად ნახვის უფლება“, „მაიძულებს ვიფიქრო, რომ მისი სიყვარულისა და ყურადღების ღირსი არ ვარ“, „მეუბნება, რომ მის გარეშე არარაობა ვარ და მაიძულებს, ვიფიქრო, რომ საშინელებას წარმოვადგენ“, „იგი მუდმივად მადარებს სხვა ქალებს, აკრიტიკებს ჩემს სხეულს და მარწმუნებს, რომ აუცილებლად უნდა შევიცვალო“, „იგი აკონტროლებს ჩემს მეგობრებს და მიმითითებს ადამიანებზე, ვისთან მეგობრობის ნებასაც მრთავს“, „იგი მაიძულებს, მუდმივად ბოდიშები ვუხადო იმის გამო, რომ „ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ვარ“, „როდესაც მატყუებს, ისევ მე მაბრალებს, რადგან მისი თქმით, იმაში, რომ „მისი გაბედნიერება ვერ შევძელი“, თავად ვარ დამნაშავე“, „იგი მუდმივად ტყუილში მადანაშაულებს და თვითმკლელობით მემუქრება, როდესაც მის ჩემგან წასვლას არ ვეწინააღმდეგები“ – ვკითხულობთ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ქალების ტვიტებში.