ენდომეტრიოზის პრობლემა ჩვენში ბევრ ქალს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში კონკრეტული სამედიცინო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება არცთუ რთულია, ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ამ რთულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ქალებში გამოცდილებების გაზიარება იქნება შესაძლებელი, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ საჭირო საქმის ორგანიზება გადაწყვიტა ნათი ნათენაძემ, რომელმაც სპეციალური ბლოგი მიუძღვნა ენდომეტრიოზის პრობლემას. ამ პლატფორმაზე შეხვდებით როგორც პროფესიულად შედგენილ ინფორმაციას დასახელებული დაავადების შესახებ, ასევე – კონკრეტული ქალების პირად ისტორიებსა და გამოცდილებებს, რისი გაზიარებაც ნამდვილად საჭირო საქმეა. “საფარის” ვებპლატფორმა წარმატებებს უსურვებს ამ წამოწყებას და დროდადრო ბლოგზე გამოქვეყნებულ საინტერესო სტატიებსაც გაგიზიარებთ.
ენდოამბები V ნაწილი იმ სერიის გაგრძელებაა, სადაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების ისტორიები და გამოცდილებებია თავმოყრილი. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია.
მაკა 32 წლის
საიდან დავიწყო მოყოლა არც კი ვიცი. 20 წლის ვიყავი როდესაც ენდომეტრიოზის დიაგნოზი დამისვა კახა ტატიშვილმა, ექოსკოპიით მითხრა, რომ მქონდა ენდომეტროიდული კისტა (30 მმ). აქამდე მე მქონდა სასწაულად მტკივნეული პმს-მენსტრუაცია, შემჯდარი ვიყავი ნემსებზე და ასე ვარ დღემდე. მანამდე ამაზე არც გვიფიქრია, ვფიქრობდით, რომ უბრალოდ გენეტიკური იყო, რადგან დედასაც ასე სტკიოდა, ვენაში უკეთებდნენ გამაყუჩებლებს და უნივერსიტეტიდან თვეში 3 დღე ოფიციალურად ასვენებდნენ.
მაშინ დამინიშნეს დეკაპეპტილ-დეპოს თითო ინექცია მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში (მეტი ხნით მისი გამოყენება არ შეიძლებოდა რადგან ჰიპოთალამუსზე მოქმედებს), ჰოი, საოცრებავ და 6 თვეში კისტა ისე დაპატარავდა ექოსკოპიამ ვეღარ დაინახა, სასწაულიაო ამბობდნენ.
ჩემი ტკივილები კი ყოველთვე მატულობდა.. ყოველთვე უფრო და უფრო მეტი ხნით ვხდებოდი უუნარო.. თუ დავიწყე ერთი ნემსით ნელ-ნელა გადავედი 2 ზე.. მერე დღეში 2ზე.. და ასე, ვაი, ვაგლახით, მივედი 24 წლამდე, გავთხოვდი..
ამას შემდეგ ჩემმა მდგომარეობამ დამძიმება დაიწყო, ორი კისტა მარჯვენა საკვერცხეში (20 მმ, 35 მმ), სამ თვეში 50 მმ. პარალელურად მენსტრუალური ტკივილები უკვე ისეთი გაუსაძლისი გახდა, რომ ვიკეთებდი დღეში 3-4-5 ნემსს, თავს ვიკავებდი საპირფარეშოში შესვლისგან, რადგან არ შემეძლო და თუ ვდგებოდი წელში ვერ ვიმართებოდი, ნაბიჯებს ვერ ვდგამდი. ადრე თუ 2-3 დღე ვიყავი მკვდარივით, ახლა უკვე 5 დღე ვეთიშებოდი ცხოვრებას.
ერთ თვეში ჩემმა კისტამ მიაღწია 80 მმ-ს, და როცა ტკივილისგან სახეზე კაპილარები დამისკდა, დავურეკე მშობლებს და ვუთხარი ოპერაცია უნდა გავიკეთო, მე ასე აღარ შემიძლია მეთქი. მამა ექიმია, დაფაცურდა, გაიკითხ-გამოიკითხა და მივედით თოდუამდე.
2019 წლის 11 იანვარს შემიყვანეს საოპერაციოდ, ვიცოდი, რომ ოპერაცია 40 წუთს გაგრძელდებოდა და შეიძლებოდა მარჯვენა საკვერცხე მთლიანად თუ არა მისი მეტი წილი დამეკარგა, რადგან MRI-ზე ნათლად ჩანდა 80 მმ კისტა. ცუდი ის იყო, რომ ჩემი ენდომეტრიოზი ისეთი ღრმა აღმოჩნდა ოპერაცია 2 საათს გაგრძელდა, 2 საათი მქონდა მუცელი ჰაერით გაბერილი, რის გამოც პოსტოპერაციულად ფრენიკუსის ამბებმა ჭკუიდან გადამიყვანა კინაღამ. ჯოჯოხეთი იყო. მაგრამ ჩემი ძვირფასი 80 მმ.იანი კისტა, თურმე საკვერცხეში კი არა, საკვერცხეზე იყო გარედან დასკუპებული და ჭყლეტდა იმ საცოდავს ანუ მუცლის ღრუში წარმოქმნილი კისტა იყო საკვერცხეზე მიხორცებული. ენდომეტრიოზიც ხომ სწორედ ეს არის, კისტები + შეხორცებები, ეს შეხორცებები მქონდა იცოცხლე. ნაწლავებზე შეხორცებები, შარდსაწვეთზეც კი იყო ენდომეტროიდული კვანძები. ოპერაცია დასრულდა, მაგრამ გამაფრთხილეს ჰეტეროტოპიები ბოლომდე ვერ მოვაშორეთ, ძალიან ღრმა იყო და ამდენ ხანსაც ვერ გამაჩერეს ასე გაბერილი.
დამინიშნეს ვიზანა 3 თვე, გამანადგურა მორალურად ამ წამალმა. ვიზანადან ერთ თვეში დავორსულდი, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა გარე ორსულობა, თან ისეთი გარე მსოფლიოში 2% ში რომ გვხვდება და ისეთი საშიში, რომ გასკდეს საუკეთესო გამოსავალი საშვილოსნოს დაკარგვაა ან სიკვდილი. ნაყოფი საშვილოსნოს კუნთოვან შრეში იყო. 1 სანტიმეტრი დააკლდა იმ წერტილს იმისთვის, რომ ღრუში ყოფილიყო. იმ ჯოჯოხეთს ვერ მოვყვები დეტალურად. თავიდან ეგონათ რომ უბრალოდ მომეშალა. ქორიონული გონადოტროპინი (HGC), იგივე „ხეგე“ მატულობდა, იყო კონსილიუმები დამატარებდნენ ყოველდღე ექოსკოპიაზე, არა და არ ჩანდა სად ცდილობდა ფესვების გადგმას ჩემი წერტილი და როგორც იქნა ტატიშვილმა იპოვა. მსჯელობდნენ. იქნებ მედიკამენტოზურიო, კახამ მაშინ პაციენტს აუხსენით, მედიკამებტოზურით რომ არ შეწყდეს ორსულობა პაციენტს რა შეიძლება მოუვიდესო. აღარ გავაგრძელებ ბევრს. ჩემს ირგვლივ ყველას მე ვამშვიდებდი, ვირწმუნებოდი რომ კარგად ვიქნებოდი.
2019 წლის 20 ივნისს გამიკეთეს ოპერაცია, საშვილოსნოზე პატარა განაკვეთი გააკეთეს თურმე და ამოახტუნეს იქედან ის. მარცხენა მილი ენდომეტრიოზის გამო გადაგრეხილ, გადმოგრეხილ გაუბედურებული იყო, მეტი რისკი იყო საქმე გაეფუჭებინა ვიდრე გაეკეთებინა და ისიც ამომიღეს.
ერთ თვეში წავედი შემოწმებაზე ისევ. ისევ კისტა 30 მმ, თან ისევ მარჯვენაზე, სადაც მილი მქონდა. დავიკიდე, 2 თვეში ისევ წავედი – კისტა 50 მმ. დრო აღარ იცდიდა და სასწრაფოდ, შემდეგ ციკლზე ხელოვნური დაიგეგმა, მაგრამ მენსტრუაცია, რომლის ციკლშიც სტიმულაცია უნდა გამეკეთებინა აღარ გამოჩნდა. ტესტმა 2 ხაზი ამინთო გადაცდენამდე ექვსი დღით ადრე.
შემდეგი 2 კვირა ჯოჯოხეთი იყო, არ ვიცოდი სად იყო ეს მეორე წერტილი.. ექოზე მივედი და კახამ აი, მაკა, ნახე აგერ ზის და ესეც გულისცემაო. ვიტირე მეც , კახამაც, კახას თანაშემწემაც, ჩემმა ქმარმაც, ყველამ. დედას დავურეკე ტიროდა, შვილო სად არის მითხარიო.
წარსული ამბების გამო ჩვენება საკეისრო მქონდა, 8 ივლისს ვასრულებდი 40 კვირას. 37.5 კვირაზე დამეწყო მშობიარობა, 19 ივნისს იმ საშინელი ოპერაციიდან ზუსტად 1 წლის თავზე ღმერთმა მაჩუქა, ჩემი ბიჭი, ჩემი გადამრჩენელი, ჩემი ოცნება და ჩემი მზის სხივი.
თაკო 29 წლის
მკერდში მქონდა ფიბროადენომა და რადიოლოგმა მირჩია საკვერცხეზეც გადამეღო ექოსკოპია. აღმომაჩნდა პოლიკისტოზი და საკვერცხის კისტები. 22 წლის ვიყავი, მკერდიდან ამოვიკვეთე ფიბროადენომა და შევუდექი პოლიკოსტოსზე მკურნალობას. დაპატარავდებოდა და მერე ისევ იზრდებოდა კისტები. 25 წლის ასაკში 70 მმ იყო კისტა ერთ საკვერცხეზე. გადავწყვიტე ლაპარასკოპია. ქირურგმა ოპერაციის შემდეგ მითხრა, რომ მეორე საკვერცხეზეც იყოო და ბარემ ისიც ამოვიღეო (დადგინა ენდომეტროიდული კისტები). 6 თვე ვსვამდი ჰორმონს ვიზანას და 6 თვის თავზე რომ გადავამოწმე ისევ იყო კისტები, ორივე საკვერცხეზე, ოღონ უფრო პატარა ზომისები. ამის შემდეგ დავანებე ჰორმონის დალევას თავი და ვსვამდი ფუტკრის რძეს. კისტები ზოგი ქრებოდა, ზოგი ადგილზე მხვდებოდა. ექიმი სულ იმას მეუბნებოდა, რომ ბავშის გაჩენა მიშველიდა.
27 წლის ასაკში ვიქორწინე საყვარელ ადამიანზე და მეგონა მეშველა, ბავშვს გავაჩენდი და დავისვენებდი, პირველივე თვეს ექიმთან მივედი, გამსინჯა და გამომიშვა. 1 წელი თუ არ დადგა ფეხმძიმობა მერე მოდიო. ფეხმძიმობა არ დადგა. ერთი წლის თავზე ისევ მივედი ჟორდანიაში, ვიმკურნალე მაგრამ უშედეგოდ. წავედი სხვა ექიმთან. უამრავი თანხა დავხარჯე ანტისხეულების დაწევაზე, სტიმულაციებზე და კიდევ სხვა მკურნალობაში. მეგობარმა საუკეთესო ექიმი ნინო ქანთარია მირჩია. მან გამიშვა ვადიმთან ოპერაციის გასაკეთებლად. საკმაოდ რთული ოპერაცია ჩამიტარდა. ორივე საკვერცხე ერთმანეთზე იყო მიხორცებული და ასევე მქონდა კისტები, რომლებიც არ აძლევდნენ საკვერცხეს სრულყოფილად ფუნქციონირების საშუალებას. მადლობა უფალს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შემდეგ ისევ 3 თვე ვიზანა ვსვი, თუმცა თავიდან დაიწყო კისტების ზრდა. ისევ დამეწყო ნერვიულობა და შევეშვი ნელნელა ყველაფერს. მოვდუნდი და მივენდე უფალს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაც უფრო სასიამოვნო გახდა. ზუსტად როცა არც ფოლიუმი დამილევია და არც ფოლეკულის ზომები ვიცოდი, მოულოდნელად გადამიცდა და მადლობა უფალს დადგა ნანატრი ორსულობაც, ორი ოპერაციის და კვლავ კისტების ფონზე.
ნინა, 30 წლის
ციკლი დამეწყო 11 წლის ასაკში, აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვის დღეების კალენდარზე გამოთვლა, ამ დღეებში სკოლის გაცდენაც, გულის წასვლებიც.
არავის უეჭვია ადრეულ ციკლზე, რომელიც შესაძლოა სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იყოს ენდომეტრიოზის, ახლობელი გინეკოლოგის პასუხი: “გათხოვდები და გაგივლის” ეხლაც მზარავს, როცა წარმოვიდგენ რომ ასეთ ექიმებს ლიცენზია აქვთ და უჯერებენ.
ვსვამდი ყველა ტკივილგამაყუჩებელს ერთად, ცალ-ცალკეც, ხან სად ვხდებოდი ცუდად, ხან სად. ერთი სიტყვით ჩემი “მოსვლის დღეები” ყველამ იცოდა. არ მქონია არეული ან ხანგრძლივი. იყო ცუდად ყოფნის შიში, გამოჟონვის შიში, თვითშეფასების დაქვეითება: რატომ მე, როცა ყველა თანატოლი კარგადაა.
ტკივილი ნორმა გახდა წლების განმავლობაში, მტკიოდა წელიც. ცალი საკვერცხის ყრუ ტკივილით შეწუხებული ბევრჯერ მივედი ექოსკოპიაზე, ფსიქოლოგთან გადამამისამართეს და კვლავ გათხოვება დამინიშნეს, რადგან ჩემი ექოსკოპია “სუფთა” იყო.
ჭეშმარიტების გზას დავადექი, როცა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ სამსახურში იმდენად ცუდად გავხდი, რომ თანამშრომლებით სავსე ოთახში პუფთან მიხოხება ძლივს მოვახერხე. მქონდა ძლიერი სპაზმური ტკივილი, გულისრევა, არანორმალურად გამებერა მუცელი, მიჭირდა მოშარდვაც, დამეწყო პანიკური შიში.
სანამ ექიმთან მივიდოდი ჩემს თავს ენდომეტრიოზის დიაგნოზი გუგლით თავად დავუსვი. ექოსკოპიაზე მისულს ხმა ექოსავით მესმოდა: უიი, რამხელა კისტა მოგიშინაურებიაააა. 4 სმ ენდომეტრიომა. აქედან დაიწყო ჩემი მთავარი ჯოჯოხეთი. პირველმა ექიმმა გადამამისამართა სასწრაფო ოპერაციაზე ქირურგთან ასევე მითხრა, რომ უნდა გამეკეთებინა ონკომარკერი, ამ სიტყვაზე უბრალოდ კონტროლი დავკარგე და საკუთარი თავი მსუყე ცრემლებით იქვე გამოვიტირე, სანამ დაამატა რომ ეს ანალიზი კერძოდ, CA125 გაიდლაინით იყო გათვალისწინებული და კიბოზე ეჭვი არ ჰქონდათ. მოკლედ ვიყავი თან ყველაზე უბედური, რომ მკურნალობას არავინ მთავაზობდა და მეორე მხრივ ბედნიერი, რომ როგორც იქნა ვიპოვე მიზეზი.
მეორე ექიმმა დამინიშნა არასწორი მკურნალობა, კერძოდ ძილის წამალი!!(უძილობა არ მაწუხებს) რის შემდეგაც კისტა 3 თვეში მთელი 1 სმ-ით გაიზარდა. მესამე ექიმმაც დანიშნა სასწრაფო ოპერაცია თავის ქირურგთან და მითხრა, რომ მდგომარეობა დამძიმდებოდა თუ დროზე არ გავიკეთებდი.
პარალელურად მოვიძიე ინფორმაცია როგორ ხდებოდა მკურნალობა საზღვარგარეთ გავიარე კონსულტაცია გერმანელ ექიმთან, რომელმაც მითხრა ჰორმონალური მკურნალობის შესახებ. დავწერე ქალების ჯგუფებში და ვითხოვე კარგი და კეთილსინდისიერი ექიმი, რომელიც სანთლით საძებარი ყოფილა ჩვენს მრავალმხრივ უბედურ ქვეყანაში. თუ იმ პრობლემასაც არ დავუმატებთ რომ როგორც ესეთი ენდომეტრიოზის სპეციალისტი საერთოდ არ გვყავს და არჩევანი მეანებსა და რეპროდუქტოლოგებს შორის უნდა გააკეთო.
მოკლედ მივაგენი ექიმს, რომელმაც ჩახედა ჩემს ანალიზებს და ღიმილიანი სახით მკითხა: “და რატომ გინდა ოპერაცია?”
ვიზანას 6-თვიანი კურსი ჩემთვის იმდენად მარტივი და ბედნიერი იყო ციკლის გარეშე, რომ მიკვირდა კიდეც იმ გოგონების რომლებიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე წერდნენ, მეგონა იგონებდნენ ან ეჩვენებოდათ. მკურნალობის შედეგად კისტა მინიმალურად დაპატარავდა. პარალელურად, შევიცვალე ცხოვრების სტილი ძირითადად კვება, რომელზეც ცალკე დავწერ. შედეგად, endo-belly, რომელიც დიდად არ მქონდა ვიზუალურად, მაგრამ ციკლის დროს განსაკუთრებით მაწუხებდა, აღარ მაქვს.
ახლა გავდივარ ვიზანას მეორე კურსს და იმედი მაქვს ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორიც პირველი. ყოველი აბის დალევის წინ ვაკეთებ აფირმაციებს: ეს აბი ჩემზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს, ჩემს კისტას დააპატარავებს, გააქრობს, გადააშენებს
არ მაქვს მოლოდინი, რომ ჰორმონალური მკურნალობით კისტა სულ გაქრება ან ოპერაცია არასდროს დამჭირდება, ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი ბრძოლა, ახალი ცხოვრების სტილზე თანდათან გადასვლა. თუმცა ჩემი გამოცდილებით გირჩევთ მაინც მიაშველეთ ცოტა დადებითი განწყობაც, თუ გინდათ რომ ენდო დროებით მაინც მოითვინიეროთ.
თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ამ დაავადების სიმპტომებს და ეჭვი გაქვს, რომ შენც გაწუხებს, გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით.
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რადგან ენდომეტრიოზის მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!