ავტორი: თამთა მელაშვილი
ცოტა ხნის წინ ბევრჯერ “დაშეარებულ” და “დაჰაჰავებულ” შუშანიკის “გაფეისბუკებულ” კარიკატურას წავაწყდი. ალბათ, სწავლისგან გაბეზრებულმა თინეიჯერმა დახატა გულის და მეგობრების გასამხიარულებლად. კარიკატურაზე ვარსქენი შუშანიკს ასტამს უქნევს, ცემს – ერთი სიტყვით. მრავალ დამლაიქებელს შორის იაკობ ხუცესიცაა, ის შუშანიკს კომენტარსაც უწერს: “ეს ასტამი მეცნობა”. თინეიჯერს აშკარად აქვს წარმოსახვის უნარი და წამით შეიძლება იფიქრო, რომ ეს ყველაფერი მართლა ძალიან სასაცილოა, მაგრამ წამი ალბათ მათთვისაა, ვინც ძალადობის ამოცნობა და მასზე სახელის დარქმევა უკვე ვიცით და შესაბამისად – აღარ გვეცინება.
წამი წამად არ გრძელდება ბევრისთვის, მათ შორის კარგა ხნის წინანდელი მოსწავლეებისთვის და ახლანდელი მასწავლებლებისთვისაც, მათ კარიკატურაზე სიცილი დიდხანს შეუძლიათ. ძალადობის სცენას კი ხედავენ, მაგრამ ის იმდენად ნორმალურია (და მისაღები), რომ მისი ოდნავი გაშარჟებაც კი სიცილს იწვევს. 25 წლის წინ ფეისბუკი რომ ყოფილიყო, მსგავსი რამ შეიძლება მე თვითონ დამეხატა და მერე მთელი დღე მეხორხოცა მეგობრებთან ერთად. პრინციპში, ფეისბუკის გარეშეც ასე იყო. ვხორხოცებდით. რთული და გაუგებარი ტექსტისგან გულგაწვრილებულებს “მოუქნია ასტამი” იყო, რაც ყველაზე მეტად გვამახსოვრდებოდა იმიტომ, რომ გვეცნობოდა. ძალადობა გვეცნობოდა. იმიტომ, რომ “მოუქნია ასტამი” საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა კულტურის შესისხლხორცებულ ნაწილად.
მაგრამ ამ საუკუნეების ფონზეც კი, 25 წელი მაინც საკმარისი დრო მგონია იმისთვის, რომ ასტამს სახელი დავარქვათ, უფრო სწორად გადავარქვათ და ვთქვათ, რომ ის ქალზე ძალადობაა, ცუდია და ნორმალური სულაც არ არის. ‘შუშანიკის წამება” ძალადობის ნორმალიზებისთვის კი არა, მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოვიყენოთ. ეს ტექსტი, საბოლოო ჯამში, ხომ ამიტომ – ძალადობის საწინააღმდეგოდ დაიწერა. მითუმეტეს, როცა ქართულის მასწავლებლების უმეტესობა ქალები ხართ და მითუმეტეს, როცა “ასტამი” მახვილად (თუ ასტამად) თქვენ თავზეც ისევე კიდია, როგორც ყველა დანარჩენი ქალის თავზე – მათ შორის თქვენი მოსწავლე გოგონების.