ბლოგები / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

ეს საქართველოში ხდება

ესმა გუმბერიძის ბლოგი

იმას, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობას სისტემური ხასიათი აქვს და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, საბოლოოდ მივხვდი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ერთ–ერთ მთიან რეგიონში არსებულ ვითარებაზე ჩემს ერთ ნაცნობთან საუბრისას. მან მიამბო, თუ როგორ გადაუწვა ერთმა პირმა მეორეს სახლი ორიოდე წლის წინ მხოლოდ იმის გამო, რომ მან თავისი ქალიშვილის მისთვის ცოლად შერთვაზე უარი განაცხადა, რადგან მეორე დღეს უკვე იმ გოგონას ქორწილი იყო (თავის დანიშნულზე ათხოვებდნენ).

გოგონების დანიშვნა, ხშირად, მათი აზრის დაუკითხავად და გაუთვალისწინებლად ხდება. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მამაკაცი ქორწინდება ქალზე; ის ქალი ზრდის შვილებს, უვლის საქონელს, ამზადებს ყველს, მთელი წლის მანძილზე მუხლჩაუხრელად შრომობს, ქმარი კი ყველსა თუ ცოლის მიერ დამზადებულ სხვა პროდუქტებს ყიდის, მიღებული ფულის დიდ ნაწილს კი თვითონ ხარჯავს (მაგალითად, მუდმივი საყვარელის სარჩენად, რომელიც მას შეიძლება, მეორე ცოლივით ჰყავდეს სადმე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში). შესაძლოა, ცოლს ამ შემოსავლიდან მხოლოდ მცირედი გაუნაწილოს. ყოფილა შემთხვევა, როცა კაცს სხვა ქალი ზაფხულში დასასვენებლად მიუყვანია თავის სახლში, სადაც ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ცოლი კვლავინდებურად მთელი წლის განმავლობაში ეწეოდა ჭაპანს ოჯახისა და ქმრის სარჩენად.

ამბის მომყოლმა ისიც მითხრა, რომ დედამთილებს ბავშვის „მამებად“ აღიქვამს, რადგან სწორედ დედამთილები ეხმარებიან ხოლმე რძლებს ბავშვების გაზრდაში, მამები კი ხშირად საერთოდ არ მონაწილეობენ შვილების აღზრდა–გაზრდა–მოვლაში. მან ასევე მიამბო ერთი ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელთანაც მას მუშაობა მოუწია და რომელმაც უთხრა, რომ ერთგვარად შურდა მისი, რადგან მას, ისეთივე გოგონას, ჰქონდა სამსახურიც და უნივერსიტეტშიც სწავლობდა, რაც მას არ დასცალდა. თურმე, ძალიან უნდოდა უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ მის ოჯახს ფული არ ჰქონდა. საქმროს ოჯახი დაპირდა, სწავლის ფულს გადაგიხდით და განათლების მიღებაში ხელს შეგიწყობთო, თუმცა ჩვენში გაბატონებული ტრადიციის შესაბამისად, ახალდაქორწინებულებს ქორწილიდან 9 თვეში უკვე პირველი ბავშვიც გაუჩნდათ. ბავშვისთვის ახალგაზრდა დედას უნდა მოევლო, ქმარს მსგავს რამეებში დახმარება ისედაც „არ ეკადრება“. ამიტომ, სწავლის დაწყება ბავშვის წამოზრდამდე გადაიდო. ამასობაში, მეორედ დაორსულდა, მეორე შვილიც უნდა წამოზრდილიყო და უსასრულოდ გადაიდო მისი უნივერსიტეტში ჩაბარება, ბოლოს კი თვითონ ეს ოცნებაც კი ნელ-ნელა დასამარდა.

სულ რაღაც 15 წლის წინ კი, ჩემი ნაცნობის თქმით, გაცილებით უარესი ამბებიც ხდებოდა. თურმე, ბავშვებს ლამის აკვანიდანვე ნიშნავდნენ. მათი სიცოცხლის დასაწყისშივე, ოჯახები წყვეტდნენ, თუ ვისთან შექმნიდნენ ოჯახს და ვისთან გაატარებდნენ მთელ ზრდასრულ ცხოვრებას. მამაკაცს ყოველთვის მაინც ჰქონდა თემში საყოველთაოდ მიღებული ალტერნატივა, რომ ცოლის პარალელურად საყვარელიც ჰყოლოდა, თუ აკვნიდან დანიშნულ მეუღლეზე გული მაინცდამაინც არ მიუვიდოდა. მაგრამ, თუკი ადრეული ბავშვობიდანვე დანიშნული გოგონა სხვას შეუყვარდებოდა, მასზე ქორწინება მხოლოდ მოტაცების გზით იყო შესაძლებელი.

მოტაცების თავიდან ასაცილებლად, ოჯახები შემდეგნაირად იქცეოდნენ: როგორც კი გოგონა სქესობრივად მომწიფდებოდა, მას დანიშნულ მომავალ მეუღლესთან აწვენდნენ, შემდეგ კი თეთრეულს საჯაროდ გამოფენდნენ, რომ ყველას, მათ შორის პოტენციურ მომტაცებლებსაც გაეგოთ, რომ გოგონა დანიშნულია და ქალწულიც კი აღარ არის. ამას იმისთვის აკეთებდნენ, ბავშვობაშივე დანიშნულ გოგონაზე ქორწინება რომ სხვას აღარავის მოენდომებინა. ამგვარი იძულებითი სქესობრივი აქტის დროს რამდენი წლის შეიძლებოდა ყოფილიყო გოგონა? 12–ის, 14–ის, 11–ის, 13–ის? დანიშნული საქმრო? ის შეიძლებოდა, სრულწლოვანიც ყოფილიყო უკვე იმ დროისთვის, გოგონაზე თუნდაც 10, 12 წლით უფროსი. გოგონას ცხოვრებაში არავითარ არჩევანს არ უტოვებდნენ. მას აიძულებდნენ იმ კონკრეტულ ადამიანზე გათხოვებას, რომელიც მის გარეშე შეარჩიეს! ზეწრების მსგავსი გამოფენების შემდეგ, საზოგადოებაში თავისი რეპუტაციის აღსადგენად, გოგონა იძულებული იყო, რაც შეიძლება მალე გათხოვილიყო.

ეს ამბები ხდება და ხდებოდა არა რომელიმე ისეთ ქვეყანაში, ჩვენ რომ „განუვითარებელს“, „ჩამორჩენილს“ ან „ტოტალიტარულს“ ვეძახით, არამედ საქართველოში, თანაც ჩემი თაობის პერიოდში.