ბოლო პერიოდში, ჩვენს საზოგადოებაში ლამის სიმპტომატური სახე მიიღო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებამ და ამით მოქალაქეების შანტაჟის შემთხვევებმა. ეს შემაშფოთებელი ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები კვლავ იყენებენ უკანონო წვდომას კავშირგაბმულობის ოპერატორებთან და მოქალაქეებს შორის ნებისმიერი სახის კომუნიკაციასთან. ამ ვითარებაში, დიდი საფრთხე ექმნება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და ქვეყნაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას. გარდა ამისა, ამით მნიშვნელოვანწილად ფერხდება საქართველოში თავისუფალი საზოგადოების განვითარების პროცესი.
ამ საგანგაშო ტენდენციის გაპროტესტების მიზნით, დღეს კამპანია „ეს შენ გეხებაში” მონაწილე ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. ფილარმონიიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობის სახით, აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ერთხმად გამოუცხადეს პროტესტი ადამიანის პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ჩარევას.
აქციაში მონაწილეობა მიიღო კავშირმა „საფარმა“, რომელიც „ეს შენ გეხებას“ აქტიური წევრია.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიებისა და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, აქციის მონაწილეებმა შემდეგი მოთხოვნები დააყენეს:
- კადრების გადამღებთა, მომპოვებელთა და გამავრცელებელთა გამოვლენა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა. ეს ეხება როგორც წლების მანძილზე გამოუძიებელი საქმეების, ასევე ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტების გამოძიებას;
- კანონის გამკაცრება უკანონო თვალთვალის პრევენციის მიზნით;
- დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა, რომელიც იქნება ძალოვანი სტრუქტურებისგან ცალკე მდგომი ორგანო, გამოიძიებს სამართალდამცავთა დანაშაულებს და ექნება უფლებამოსილება, განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
შეგახსენებთ, რომ კამპანია „ეს შენ გეხება” 2012 წლის თებერვალში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივად დააარსეს. კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები და მოქალაქეები არ გამოხატავენ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს და არ არიან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესების გამტარებლები. კამპანია მიზნად ისახავს მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორშიც გაიმართა.