"საფარის" საქმეები / სიახლეები

ე.წ. ავტოსტოპის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

sapari

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. ავტოსტოპის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ტრაილერის მძღოლს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  დაზარალებული ქალის ინტერესებს “საფარის” იურისტი, თამარ ლუკავა იცავს.

შემთხვევა 2020 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი გურიიდან თბილისში ავტოსტოპით მიდიოდა. გზაში მას ტრაილერმა გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა. ქალი იხსენებს, რომ პირველი 1-1,5 საათის განმავლობაში მასსა და მძღოლს შორის კეთილგანწყობილი კომუნიკაცია იყო და საფრთხე არ უგრძვნია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მძღოლმა წლის საყიდლად გააჩერა, თუმცა მის ნაცვლად ლუდი იყიდა და ქალსაც შესთავაზა. ქალის ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ დაიწყო კაცისგან სექსუალური შინაარსის საუბარი, ხუმრობები და უხამსი შეთავაზებები უხეში და მისთვის დამამცირებელი ფორმით. ქალმა მას ტრაილერის გაჩერება სთხოვა, თუმცა კაცმა სიჩქარეს უფრო მოუმატა. ქალი იხსენებს, რომ რამდენჯერმე სცადა მოძრავი ტრაილერის კარის გაღება, თუმცა ის ჩაკეტილი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ქალმა მოახერხა მალულად მიეწერა მეგობრისთვის და დახმარება ეთხოვა. ქალის მეგობარმა პოლიცია გამოიძახა. მას შემდეგ, რაც კაცი დარწმუნდა, რომ პოლიცია მისი ქცევის შესახებ ინფორმირებული იყო, ტრაილერი გააჩერა და ქალი მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვა. რამდენიმე წუთში ქალს პოლიციის ეკიპაჟმა მიაკითხა და განყოფილებაში გადაიყვანეს.

„12 საათი ვიყავი პოლიციაში. ძალიან რთულად გავიარე ის პერიოდი, თუმცა თამარი ტელეფონით იყო ჩემთან კონტაქტზე და პირველივე დღეს ძალიან ბევრი რჩევა მომცა. დეტალურად ამიხსნა, რისი უფლება მქონდა, როგორ უნდა დამეცვა თავი და რა შეიძლებოდა მომეთხოვა. გარდა ამისა, თამარი მთელი ამ ხნის განმავლობაში ემოციურად მედგა გვერდით და მამხნევებდა ისე, როგორც ოჯახის წევრს“, – იხსენებს დაზარალებული ქალი.

ქალი იხსენებს, რომ თავდაპირველად პოლიციელები მას გულგრილად და არაკეთილგანწყობილად ექცეოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგეს რომ მის ინტერესებს “საფარი” იცავდა, მათი დამოკიდებულება შეიცვალა.

„სამი საათის განმავლობაში ვიყავით მოსაცდელში და ველოდებოდი პროკურორს ისე, რომ არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. გარდა ამისა, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მომეჩვენა და ბიჭს ციხისთვის ტყუილად ვიმეტებდი. შეურაცხმყოფელად, დამამცირებლად, ძაან ცუდად მელაპარაკებოდნენ. როგორც კი ჩემმა მეგობარმა ახსენა „საფარი“, იმ წამსვე შემიყვანე თბილ ოთახში, დამსვეს, მომიტანეს წყალი, მაშინვე შეცვალეს დამოკიდებულება. „საფარის“ იურისტის სახელის ხსენების შემდეგ ისე მექცეოდნენ, როგორც მართლა უნდა მოექცე მსხვერპლს“.

“საფარის” მოთხოვნის საფუძველზე ქალს დაზარალებულის სტატუსი მალევე მიანიჭეს, თუმცა კაცს ბრალდება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით წარუდგინეს. გარდა ამისა, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თამარ ლუკავას არაერთი მცდელობის შემდეგ კაცს ბრალდება გადაუკვალიფიცირეს – 2021 წლის აგვისტოდან საქმეზე მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით გაგრძელდა, რაც პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას გულისხმობს.

საბოლოოდ, 2023 წლის 31 იანვარს, სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამ საქმეში დაზარალებული, თუმცა უკვე გამარჯვებული ქალი სხვა ქალებს გამბედაობას უსურვებს და ბრძოლისკენ მოუწოდებს:

“ძალიან მინდა, რომ ყველა ქალმა იგივე გააკეთოს და იჩივლოს. მე ვიცი, რომ ყველაზე რთული ამ შემთხვევაში არის საკუთარ თავში ძალის პოვნა. პირველ რიგში იმისთვის, რომ საფრთხეს თავი დააღწიო და გადარჩე. მეორე, პოსტფაქტუმ ისეთი პრობლემები იწყება –  ბულინგი საზოგადოების მხრიდან, დაშინება, შეურაცხყოფა ა.შ. ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ შენ არ იტყუები და მართლა მსხვერპლი ხარ. მაგრამ როგორც კი ერთ წვეთ ძალად დავინახავთ საკუთარ თავში, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ”.