ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რესტორანმა გუშინ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ alt-right-ს – თეთრკანიან ნაციონალისტთა მოძრაობას, უმასპინძლა, რომლის მონაწილეებმაც ხოტბა შეასხეს… არც მეტი, არც ნაკლები… ჰიტლერს.
პარასკევს, Maggiano’s Little Italy-ში გამართული სადილი ნაციონალური პოლიტიკის ინსტიტუტმა მოაწყო (National Policy Institute) – თეთრკანიანების ნაციონალისტურმა ორგანიზაციამ, რომელმაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის აღსანიშნავად, კონფერენცია გამართა. მართალია, პარასკევის სადილის გამპროტესტებლები მის ჩაშლას ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა.
გუშინ, რესტორანმა Maggiano-მ მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ რესტორანი ნაციონალების თავყრილობის ადგილად შემთხვევით დასახელდა. „რესტორანში ჯავშანი უკანასკნელ მომენტში განხორციელდა, სხვა პერსონის სახელით, პარასკევს დღისით, და ამიტომაც, ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ ყველაფრის უკან ნაციონალური პოლიტიკის ინსტიტუტი იდგა“, – რესტორნის ფეისბუქ გვერდზე განაცხადა რესტორნების 51 ქსელის მფლობელმა სტივ პროვოსტმა (Steve Provost). მან ტვიტერში „ზიგ ჰაილ“ მისალმებაზეც ისაუბრა, რომელსაც ღონისძიებების მონაწილეებს მოსაწვევებად დაეგზავნათ. „ჰიტლერის მხარდაჭერის ეს გამოხატულება ჩვენთვის განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელია, რადგან ჩვენი რესტორანი მეგობრულია ყველა რასის, რელიგიისა და კულტურული ტრადიციის მქონე ადამიანების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, Maggiano-ს რესტორნების ქსელის მფლობელი, ტეხასის შტატში მდებარე კომპანია Brinker International, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარასკევს რესტორნის მოგებას, $10000-ს კოლომბიას ოლქში მდებარე ანტიდიფამაციური ლიგის (Anti-Defamation League) ანგარიშზე ჩარიცხავს, რომელიც ათწლეულების მანძილზე იმისათვის მუშაობს, რომ მშვიდობისა და ურთიერთთანხმობის პირობებში ადამიანების თანაცხოვრებას შეუწყოს ხელი.