მორიგი აქცია, ქალთა უფლებების საკითხების მიმართ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ვაშინგტონში 21 იანვარს ჩატარდება. რიგითი ამერიკელი ქალების მხარდამხარ, მასში მონაწილეობას ცნობილი ქალებიც მიიღებენ: სკარლეტ იოჰანსონი (Scarlett Johansson), კეტი პერი (Katy Perry), ოლივია ვაილდი (Olivia Wilde), ჯულიან მური (Julianne Moore), შერი (Cher), ემი შუმერი (Amy Schumer), უზო ადუბა (Uzo Aduba), პატრისია არკეტი (Patricia Arquette), ზედნაია (Zendaya), ჯესიკა ჩესტეინი (Jessica Chastain), დანიელ ბრუქსი (Danielle Brooks), ფრენსის მაკდორმანდი (Frances McDormand) და სხვ.
აქციაში მონაწილეობის მოტივის კომენტირებისას, სკარლეტ იოჰანსონმა აღნიშნა: „მე ქუჩაში გავდივარ იმის გამო, რისიც მწამს, და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ხმა ყველას მისწვდეს. ახალ ადმინისტრაციას ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ქალთა საჭიროებებზე. მკაფიოდ გაჟღერდა, რომ ისინი ქალთა სამედიცინო დახმარებასა და რეპროდუქციულ უფლებებზე წვდომის შეზღუდვას აპირებენ. ჩვენს მომავალ პრეზიდენტს ხმა უნდა მივაწვდინოთ, რომ მის გადაწყვეტილებებს უხმოდ კი არ დავემორჩილებით, არამედ აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩვენი სხეულისა და არჩევანის დასაცავად“.
წინასწარი გათვლებით, ქალთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ მსვლელობაში ასი ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ინაუგურაციის შემდგომი პროტესტი მილიონზე მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს, მით უფრო, რომ პარალელური დემონსტრაციები მთელი ქვეყნის ქალაქებში ჩატარდება, მათ შორის ნიუ-იორკშიც.
ამერიკაში ქალთა მოძრაობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩაისახა. თავდაპირველად, იგი ქალებისთვის საარჩევნო ხმების მოპოვებისთვის ბრძოლით დაიწყო.
აშშ-ში ახლა აბორტების თემა ძალზე აქტუალურია. ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, რომ იგი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის წინააღმდეგია. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი პრეზიდენტი ძლივს შეურიგდა ქვეყანაში არსებულ ლგბტ მოძრაობას, აბორტების აკრძალვაზე უარის თქმას, სავარაუდოდ, იგი არ გეგმავს. მისი ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი, ქალთა აქციის წინა დღით.