დღესდღეობით, ვებკამინგი გლობალური პორნოგრაფიული ინდუსტრიის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. რუმინეთში ვიდეოჩეთების მოდელებად სტუდიებიდან ან პირდაპირ სახლებიდან ათასობით გოგონა მუშაობს. კლიენტების უკმარისობა ნამდვილად არ შეინიშნება – ისინი ინტერნეტში დღეღამის ნებისმიერ დროს უხვად არიან. მათი უმრავლესობა ვებგვერდზე დასავლეთევროპული ან ამერიკული IP მისამართებიდან შედის.
ბუქარესტის ცენტრი. დიდი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტროტუარზე გოგონები დგანან. ისინი საუბრობენ, სიგარეტს ეწევიან და კისკისებენ. დილის მზე მათ მაღალ ქუსლებს, მკვეთრ მაკიაჟსა და ღია სამოსს კიდევ უფრო კონტრასტულად აჩენს გამოვლელთა მოკრძალებული ჩაცმულობის ფონზე.
მრავალბინიანი სახლის პირველი და მეორე სართულები კომპანია Studio 20-ს ეკუთვნის. შენობის დერეფნები თეთრი პანელებითა და ქალების ფოტოებითაა გაფორმებული. დერეფნის ორივე მხარეს კარებია, სულ 40.
თუ კარი მიხურულია, ეს ნიშნავს, რომ შიგნით მუშაობენ – გოგონა ვებკამერის პირდაპირ ეთერშია. აქ მომუშავე გოგონები მთელი მსოფლიოდან შემოსულ კლიენტებთან რეალურ დროში მუშაობენ. ვიდრე ისინი ოთახებში მარტონი არიან, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლეგალურია. კიბერსექსისა და ვირტუალური ურთიერთობების სამყაროში, კამერის წინ მსხდომ ქალებს „მოდელები“ ეწოდებათ, ხოლო მათ მაყურებლებს – „კლიენტები“.
ლანა N8 ოთახში მუშაობს. ოთახის დიდი ნაწილი დიდ, ბალიშებიან, წრიული ფორმის საწოლს უკავია. იქვეა კარადა, სადაც ლანა თავისი ტანსაცმლის ნაწილს ინახავს. როგორც წესი, კაბებს, ტყავის ან მაქმანის საცვლებს იცვამს ხოლმე.
ოთახის კუთხეში დიდი მონიტორი და ძვირფასი კამერაა დამონტაჟებული, მის მიღმა კი – პროფესიონალი ფოტოგრაფის რამდენიმე სოფიტი. ვიდრე ლანა ოთახშია, მისი თვალყურის დევნება რამდენიმე ათეულ ადამიანს შეუძლია, ტრანსლაცია მიდის ზრდასრულებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ საიტებზე. მაგრამ, სანამ მაყურებელთაგან ვინმე ლანას „პრივატში შემოსვლას“ – პირისპირ საუბარში გადართვას – არ სთხოვს, იგი ფულს ვერ მიიღებს.
ლანას სამუშაო დღე 8-საათიანია. თვეში იგი დაახლ. 4000 ევროს გამოიმუშავებს – თითქმის ათჯერ მეტს რუმინეთში საშუალო ხელფასზე. თავის დამსაქმებელს – Studio 20-ს – იგი ასევე თვეში დაახლ. 4000 ევროთი ასარგებლებს. ამ პირამიდის მწვერვალზე ვებგვერდი LiveJasmin-ია მოქცეული, რომელიც სტუდიის კონტენტს ინტერნეტით გადასცემს და კლიენტებთან ფინანსურ საკითხებს აგვარებს. LiveJasmin ლანასგან დაახლ. 8000 ევროს – ორჯერ მეტ თანხას იგებს.
LiveJasmin მსოფლიოში ვებკამინგ მოდელების უმსხვილესი ჰოსტინგია. ყოველდღიურად, მასზე 35-დან 40 მილიონამდე მომხმარებელი შედის. ნებისმიერ წამს, საიტზე სულ ცოტა 2 მილიონი კლიენტია შესული. საერთო ჯამში, სულაც არაა ძნელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ ნახა 2016 წელს ვებკამინგ ინდუსტრიამ 2-3 მილიარდამდე მოგება.
ლანას უმაღლესი განათლება აქვს. ადრე, იგი უძრავი ქონების სფეროში მუშაობდა, მაგრამ 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, რუმინეთის ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდა. სწორედ მაშინ სცადა ბედი ლანამ ვებკამინგ მოდელის ამპლუაში. კამერის წინ გატარებული პირველი დღე მას დღესაც ახსოვს.
„ოთახში მარტო ვიყავი, მაგრამ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემ ირგვლივ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო. ვერც ვიაზრებდი, რას მეკითხებოდნენ ისინი, რაზე მესაუბრებოდნენ. ეს შოკი იყო. შემდეგ, ვისწავლე ამ ხალხში პოტენციური, ფულიანი კლიენტების ამოცნობა და სხვებთან უფასო ჩეთზე დროს აღარ ვკარგავ“, – ამბობს იგი.
რა ხდება „პრივატში“, როცა მოდელი და მისი ვირტუალური კლიენტი მარტონი რჩებიან?
„ძირითადად, ვსაუბრობთ. ზოგჯერ, როლურ თამაშებში ვერთვები, დროის მხოლოდ მცირე ნაწილი ეთმობა გახდასა და მასტურბაციას“, – ამბობს ლანა.
დროდადრო, კლიენტები ცდილობენ, იგი აიძულონ, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ სურს, მაგრამ ლანა სიტუაციაზე კონტროლს მუდამ ინარჩუნებს. „ქალი ვარ და მთავარი უნდა ვიყო. ეს ერთგვარ ძალაუფლებასაც მაგრძნობინებს“. „პრივატში“ მჯდომი მოდელის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს გადამხდელი კლიენტი.
„პირველი ათი წუთი შეგიძლია, საყვარელი და სექსუალური იყო, მაგრამ შემდეგ, უნდა ილაპარაკო, თორემ კლიენტი გაგექცევა“, – აღნიშნავს სტუდიის PR- მენეჯერი ანდრა კერნოჯანუ.
Studio 20-ს მოდელებს კლიენტებთან ურთიერთობას ინგლისური ენის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ასწავლიან. გოგონებმა გეოგრაფიაც კარგად უნდა იცოდნენ, რომ კლიენტებს მათ მშობლიურ ქვეყანაზე ესაუბრონ. რაც მეტ სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ წყვილები, მით მეტად კომფორტული იქნება მათი ურთიერთობაც.
Studio 20-ს რუმინეთში 9 განყოფილება აქვს. ერთ-ერთ მათგანში მხოლოდ კაცი მოდელები მუშაობენ, რომლებიც გეი კლიენტებს ემსახურებიან. კომპანიას ფილიალები აქვს კოლუმბიის ქალაქ კალიში, ბუდაპეშტსა და ლოს-ანჯელესში.
არსებობენ სტუდიის გარეთ მომუშავე მოდელებიც. სენდი ბელს ორი უნივერსიტეტის დიპლომი აქვს, მაგრამ ვებკამინგით მიღებულ შემოსავალზე უარს არ ამბობს. ამ საქმიანობით, იგი დღეში დაალოებით 100 ევროს გამოიმუშავებს, გარდა ძირითადი საქმიანობის, ინტერიერის დიზაინერობისა. დამოუკიდებლად მუშაობის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ სენდი კლიენტების მიერ გადახდილი თანხიდან მეტ წილს იღებს.
„ძირითადად, ეს სასიამოვნო ბიჭები არიან და არა – შეშლილი კაცები, – ამბობს სენდი კლიენტებზე, – აქ ბევრი სითბოს ეძებს, ურთიერთობას. მათ სურთ, რომ სახელით მივმართო, ან ვესაუბრო მაშინ, როცა ვცეკვავ ან ვიხდი. მათთან ყოველთვის პირნათელი ვარ. მათ იციან, რომ პარტნიორი მყავს და რეალურ ცხოვრებაში ჩემთან სექსის არანაირი შანსი არ აქვთ“.
სენდის პარტნიორი მასთან ერთად ცხოვრობს ბინაში, ბუქარესტის გარეუბანში. სენდის მშობლებისგან განსხვავებით, მან იცის, რაზე მუშაობს იგი. ვებკამ მოდელები ოჯახსა და მეგობრებს ხშირად უმალავენ თავიანთ საქმიანობას.
„რა უნდა დამიშავოს კლიენტმა? თუ ზედმეტებში გადავა და მეუხეშება, მე უბრალოდ მაუსს დავაწკაპებ და ჩვენი ურთიერთობა დასრულდება. გარდა ამისა, შემიძლია საიტის ადმინისტრატორთან ვიჩივლო და მისი IP-მისამართი ისე დაბლოკოს საიტიდან, რომ ამ მისამართიდან ვერასოდეს შევიდეს საიტზე, მაშინაც კი, თუ ანგარიშს შეიცვლის. ეს ადამიანები ჩემგან ათასობით მილის დაშორებით იმყოფებიან. ისინი არ მეხებიან, ქსელში მარტო შევდივარ და მარტო ვმუშაობ. ამას პროსტიტუციასთან საერთო არაფერი აქვს!“, – ამბობს სენდი.
შეიძლება თუ არა, სენდი ბელი მსხვერპლად აღვიქვათ? იგი ამბობს, რომ არა, თუმცა, ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
„აკეთებენ თუ არა ეს ქალები ამ ყველაფერს იძულებით? ნუთუ ეს მათი არჩევანია? იქნებ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რადგან არასტაბილურ ეკონომიკურ სიტუაციაში არიან ჩავარდნილნი? აქ ნამდვილად ბევრი ფაქტორი იყრის თავს, თუნდაც ის, რომ რუმინეთში მაღალია მოზარდ ასაკში დაფეხმძიმების სტატისტიკა, და რომ რუმინული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 30% სამსახურს ვერ პოულობს. ვებკამ ინდუსტრია ყველანაირად ცდილობს გოგონების მოზიდვას. სტუდენტ გოგონებს ფეისბუქის პირად შეტყობინებებში სწერენ და სამუშაოს სთავაზობენ“, – ამბობს ფემინისტი ირინა ილისეი (Irina Ilisei).
31 წლის ლანა ვებკამინგის საშუალებით იმდენს გამოიმუშავებს, რომ მარტოს შეუძლია თავისი გოგონას აღზრდა და საკუთარი ბიზნესის დაწყებაზეც ფიქრობს. ორ წელიწადში, იგი ვებკამინგთან სამუდამო დამშვიდობებას აპირებს.
თუმცა, ზოგიერთ ქალს ამის ფუფუნება არ აქვს. 28 წლის ოანა ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, რომ ვებკამინგ ინდუსტრიიდან წამოვიდა. 16 წლის ასაკში, არასრულწლოვანს, ახალგაზრდა კაცი შეუყვარდა, რომელმაც იგი ვებკამ მოდელად მუშაობის საჭიროებაში დაარწმუნა.
„მან მითხრა, რომ უბრალოდ საუბარი იყო საჭირო და მეტი არაფერი. მაგრამ, იგი ოთახში ჩემთან ერთად იყო და ჩვენ პორნოგრაფიას ვიღებდით. ვებკამინგში ქალის და კაცის სექსი რუმინეთში აკრძალულია, მაგრამ ამ კანონის დარღვევის შემთხვევების აღწერა შეუძლებელია“, – ამბობს ოანა.
ვებკამინგის შემდეგ, ოანა გერმანიაში სექს სამუშაოში ჩაერთო, მაგრამ, საკუთარ თავში ძალები იპოვა, დაბრუნდა ბუქარესტში და ცხოვრების თავიდან დაწყებას შეეცადა. ახლა იგი ახალგაზრდა ქალებს ესაუბრება და არწმუნებს, რომ ვებკამინგი სახიფათოა.
„არიან გოგონები, რომლებსაც ჰქონიათ, რომ კამერის წინ უბრალოდ ისხდებიან და ამაში ფულს აიღებენ. მაგრამ ის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, მათ ცნობიერებაში ილექება. ამის მომდევნო ნაბიჯი პროსტიტუციაა, ეს ნამდვილად კარგად ვიცი“, – დასძენს იგი.
ლანა მას არ ეთანხმება.
„ეს გონებით ვაჭრობაა და არა – სხეულით. ამ ყველაფერს პერფორმანსად, შოუდ აღვიქვამ. მაგრამ, ეს სამუშაო ყველასთვის არაა – ბევრი გოგონა რამდენიმე დღეს და კვირასაც ვერ უძლებს, რადგან ჰქონიათ, რომ სხეულს ჰყიდიან. მე ჩემი ჩარჩოები მაქვს და არ მგონია, რომ ჩემი ექსპლუატაცია ხდება“, – ამბობს იგი.
Studio 20-ის PR-მენეჯერი ანდრა კერნოჯანუ უარყოფს, რომ ვებკამ მოდელად მუშაობა ფსიქიკას ვნებს: „ფსიქიკას ანგრევს იცით რა? – 12-საათიანი მუშაობა ოფისში, მათხოვრული ანაზღაურების სანაცვლოდ“.
თუმცა, ის ფაქტი, რომ მოდელების უმრავლესობა თავის საქმიანობას ყველას უმალავს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ლანას და სენდის რომ საკუთარი სპეციალიზაციით შეძლებოდათ ფინანსური უზრუნველყოფა, საკითხავია, მოისურვებდნენ თუ არა ისინი ფრანკფურტელი, ლონდონელი და ნიუ-იორკელი კლიენტების წინაშე გაშიშვლებას?
წყარო: bbc.com