თანასწორობის პოლიტიკა / სექსუალური შევიწროება

ვიდეოთამაშების კომპანია Activision Blizzard-ს ხელისუფლება ქალთა დისკრიმინაციის გამო უჩივის

ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, ამერიკული Activision Blizzard, დიდ სკანდალში გაეხვა. ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ვიდეოთამაშების სამყაროში არსებული ქალთა ექსპლუატაციისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის პრობლემები.

კალიფორნიის შრომითი და საცხოვრისის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სარჩელი შეიტანა Activision Blizzard-ის წინააღმდეგ, სამუშაო ადგილზე ქალთა დისკრიმინაციის გამო.

დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ Activision Blizzard ახალისებს „საძმოების ბიჭების“ კულტურას. სლენგზე ასე უწოდებენ კაცებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, თავებს სხვებზე უკეთესებად მიიჩნევენ, რადგან დახურულ საზოგადოებებს მიეკუთვნებიან. მსგავსმა სიტუაციამ, მოსარჩელის თანახმად, ქალების დისკრიმინაციისა და შევიწროების მრავალწლიანი პრაქტიკა შექმნა.

დეპარტამენტი Activision Blizzard-ის საქმიანობას ორ წელზე მეტია, შეისწავლის. მან დაადგინა, რომ კომპანიაში ქალების დაწინაურების სერიოზული ბარიერები არსებობს, რომ მათი კარიერული წინსვლა გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე – კაცებისა, თუმცა მათ ათავისუფლებენ გაცილებით ხშირად. ასევე, ქალი ხელმძღვანელების ხელფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე – იგივე პოზიციაზე მომუშავე კაცებისა.

დეპარტამენტის სარჩელში ვკითხულობთ, რომ ზემოთხსენებული კომპანიის თანამშრომელი კაცები, მათ შორის უმაღლესი ხელმძღვანელობაც, სამუშაო ადგილზე იყენებენ ალკოჰოლს, ეკიდებიან ქალებს, დასცინიან მათ გარეგნობას, აბუჩად იგდებენ გაუპატიურების თემებს. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, კომპანიაში აუტანელი პირობებია შექმნილი ბავშვებიანი ქალებისთვის – მათ სხვადასხვა სახით აკრიტიკებენ, ჩაგრავენ და კომპანიის შეკრებებს აშორებენ. ასევე, სარჩელში აღწერილია შემთხვევა, როდესაც კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა სამსახურეობრივი შვებულების დროს, როდესაც მასთან ერთად მისი ზემდგომი თანამშრომელი კაციც იყო, სიცოცხლე თვითმკვლელბით დაასრულა. როგორც ირკვევა, იგი ოფისშიც იყო შევიწროებისა და აბუჩად აგდების მსხვერპლი, ერთ-ერთ კორპორაციულ საღამოზე კი კოლეგებმა მას ინტიმური ფოტოები გაუსაჯაროეს.

კალიფორნიის ხელისუფლება Activision Blizzard-ს უმოქმედობასა და სამუშაო ადგილზე თანამშრომელ ქალთა შევიწროებასთან დაკავშირებული საჩივრების იგნორირებაში ადანაშაულებს. შექმნილი ვითარების გამო, დაზარალებულებს არ სურთ, კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას დაუკავშირდნენ, რადგან აქაც მსგავსი სიტუაციაა და ამ განყოფილების თანამშრომლებიც მრავალჯერ არიან მხილებულნი დარღვევებში.

bloomberglaw.com