სოციალურ ქსელებში პატარების იმიტირებული ქორწილის ამსახველი ვიდეოს გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 65-ე ბაღში გადაღებულ ვიდეოში, მენდელსონის „საქორწინო მარშის“ თანხლებით, პატარები ზრდასრულების ქორწილის დეტალურ იმიტაციაში მონაწილეობენ. საზოგადოების რისხვის ადრესატად, ბაღის კონკრეტული პედაგოგი იქცა, რომელმაც პატარები ამ ცერემონიაში ჩართო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „ქორწილის“ რიტუალის თემა ბაღების მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოშია მოცემული, სახელწოდებით „სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისთვის“. სასწავლო პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტების ნაკრებს წარმოადგენს, რომელიც საგანგებოდ 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის შემუშავებული და ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული პედაგოგი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან გაფრთხილებას მიიღებს.
ბავშვი თამაშით შეიმეცნებს სამყაროს, თამაში მისთვის მომავალი ცხოვრების, ქცევის მიკრომოდელია. თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია ამ დროს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბავშვის აღზრდაშია ჩართული, საფარის ბავშვთა ფსიქოლოგი ანკა ჟღენტი გვესაუბრება.
ანკა ჟღენტი: ხშირად, ბავშვები თავად თამაშობენ ისეთ თამაშებს, სადაც ზრდასრული ადამიანების როლს ირგებენ; ისინი ამ თამაშებს თვითონ ირჩევენ და ეს სრულიად ნორმალურია. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ ვხედავთ, რომ ზრდასრული ადამიანები ცდილობენ, ბავშვებს თავს მოახვიონ ისეთი როლი, რომელიც მათ ასაკს, სტერეოტიპებით გაჯერებულობის გამო, არ შეეფერება. მე ვნახე ბაღის პედაგოგებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ის გვერდი, სადაც დეტალურადაა გაწერილი, როგორი უნდა იყოს ეს ინსცენირებული ქორწილი – დაწყებული მონაწილეების ჩაცმულობით, დამთავრებული ცერემონიის ატრიბუტიკით. ეს ბავშვებისთვის სტერეოტიპების „ზემოდან“ თავსმოხვევაა. მით უმეტეს, თუ იმაზეა საუბარი, რომ ეს ყველაფერ სახელმძღვანელოში წერია; სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელო ისეთი თამაშებით უნდა იყოს დატვირთული, რომელიც ამ ასაკის ბავშვის განვითარებისკენაა მიმართული, შეესაბამება მის ასაკსა და განვითარების დონეს. არა მგონია, ქორწილის იმიტირება ამ ასაკის ბავშვის განვითარებისთვის საჭირო იყოს. ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
თან ამ პროცესში ჩართულია ყველა ბავშვი, და ყველას თავ-თავისი როლი აქვს…
გუნდური თამაში ამ ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელი და მისასალმებელია, მხოლოდ იგი უნდა იყოს მიზანმიმართული და მათი ასაკისა და განვითარებისთვის ადეკვატური, ხელს უწყობდეს მათ განვითარებას. ეს თამაში არანაირ „საჭიროებას“ არ წარმოადგენს და პირიქით, ეს არის გარკვეული სტერეოტიპებისა და ზრდასრულის როლის ძალით თავსმოხვევა, რისთვისაც ამ ასაკის ბავშვი მზად ნამდვილად არ არის. ზრდასრულები უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები გარკვეულ ჩარჩოებში არ მოვაქციოთ და ხელი შევუწყოთ ლაღი და სტერეოტიპებისგან გათავისულებული თაობის გაზრდას, ხოლო თამაშები უნდა იყოს მათ გონებრივ და სოციალურ განვითარებაზე მიმართული.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღის ასაკის პედაგოგებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში ეს თემა მოცემულია, როგორც ჩანს, იგი სხვა პედაგოგებს არ გამოუყენებიათ. რამდენად ეკისრება თუნდაც ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე პასუხისმგებლობა პედაგოგს?
პირველ რიგში, მე ვიტყოდი, სახელმძღვანელოში არ უნდა იყოს ასეთი ტიპის თამაშები, რომლებიც ამ ასაკის ბავშვისთვის უსარგებლოა და პირიქით, ზიანის მომტანი შეიძლება იყოს. როდესაც მასწავლებელი ამგვარ რამეს გადააწყდება, მან კითხვა მაინც უნდა დასვას, რას ემსახურება ამგვარი ინსცენირება. აქ შესაძლოა საუბარი იყოს მასწავლებლის კვალიფიკაციაზე, მაგრამ ვიდრე საბავშვო ბაღებში მოხვდებოდა, ამ სახელმძღვანელოს ალბათ ბევრი ეტაპი აქვს გავლილი და ჩემთვის გაუგებარია, მსგავსი შინაარსით აქამდე როგორ მოვიდა. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს: თუ მსგავსი სხვა შემთხვევა არ გამოვლენილა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ მომხდარა. შესაძლოა, გუშინდელი შემთხვევა იმიტომ გახმაურდა, რომ იგი პედაგოგმა განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაატარა და გადაიღო. ამიტომ, თუ ეს რიტუალი სახელმძღვანელოში გაწერილია, არ არის გამორიცხული, რომ სხვა ბაღებშიც იგივეს აკეთებენ. თუმცა, ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს სახელმძღვანელოს სერიოზული პრობლემაა და არა – მასწავლებლების, – მთელი სახელმძღვანელო გადასახედია. სახელმძღვანელოში სკრუპულუზურადაა გაწერილი მთელი ცერემონიის დეტალები – როგორ უნდა ეცვას პატარძალს, როგორ უნდა გამოიწვიოს ბიჭმა გოგო, ტორტი და ა.შ. ანუ, თავად ცერემონიის ჩატარების ინტერპრეტირების საშუალებაც კი არაა. ჩემი აზრით, მთლიანად სახელმძღვანელოა გადასახედი. ზოგადად, სკოლამდელი პერიოდი ბავშვის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და იგი დატვირთული უნდა იყოს განვითარებაზე მიმართული და არა ზიანის მომტანი სავარჯიშოებით.
ქართველ მშობლებში ძალზე პოპულარულია ე.წ. „ბავშვების სილამაზის კონკურსები“. ისინი არ იშურებენ დროსა და ძალისხმევას, რომ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები ამგვარ კონკურსებში ჩართონ. ამ შემთხვევაში, მშობელი ვეღარავისკენ გაიშვერს ხელს – იგი თავად არის საკუთარი შვილის ფსიქიკისთვის დამაზიანებელი პროცესის ინიციატორი. რამდენად სარისკოა ბავშვისთვის ამგვარ „ღონისძიებებში“ მონაწილეობა?
რა თქმა უნდა, ძალზე სარისკოა. ჩვენ შესაძლოა სერიოზული ზიანი მივაყენოთ ბავშვს, მის თვითშეფასებას, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრება დამღად გაჰყვეს. ამ ბოლო დროს, საქართველოში ამგვარი „სილამაზის კონკურსების“ ჩატარების ამბავი არ გამიგია, ვიცი, რომ ეს პრობლემა აშშ-ს სერიოზულად აწუხებს. ეს ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, იმდენად სტრესის ქვეშ არიან ბავშვები. ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევა, რომ მის გარეგნობას ვიღაც ადამიანები აფასებენ. ეს უზარმაზარ გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, მომავალში მოქმედებს მის თვითშეფასებაზე, სოციალურ ურთიერთობებზე და ა.შ.
ერთი შეხედვით ამ „უწყინარ თამაშებზე“ უფროსებს მეტი დაკვირვება მართებთ?
ნამდვილად. როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა ამის გარეშეც გადაჭედილია უთვალავი, ადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის საზიანო სტერეოტიპით, უკიდურესად საფრთხილოა ასეთი ინსტიტუციონალიზებული, ხელოვნურად შექმნილი, ზიანის მომტანი „თამაშები“.
ესაუბრა შორენა გაბუნია