თავის პირველ რომანში „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი“, ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი სულისშემძვრელ ისტორიებს წარმოგვიდგენს, რომელიც ძირითადად ძალადობასა და მასთან დაკავშირებული ძალაუფლებრივი იერარქიის შესახებ გვიამბობს. ისტორიები ავტორმა სხვადასხვა დროს ნამდვილად მომხდარი ამბებისგან აკინძა. „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქის“ პოპულარობამ თამარს გადააწყვეტინა, კიდევ ერთი რომანი, „მატერიკონი“ შეექმნა, რომელშიც ავტორი კვლავ უბრუნდება ქალზე კულტურული ძალადობის პრობლემას.
თამარ თანდაშვილი: ჩემს რომანში, სახელწოდებით „მატერიკონი“, ბევრი პარალელური სიუჟეტია, მაგრამ ერთ-ერთი სიუჟეტი არის სექსუალური მონობის ფენომენზე. სექსუალური მონობა ისეთი რამ არის, თავად თუ არ გადააწყდი, ვერ ხვდები, რაზე გელაპარაკებიან, ტრეფიკინგი ჰქონიათ. ტრეფიკინგია, როდესაც ადამიანების, უმეტესწილად ქალების ჯგუფს წაიყვანენ რომელიმე ქვეყანაში, ან ქალაქიდან ქალაქში, პასპორტს წაართმევენ და მათ იძულებულს ხდიან, მონებივით ემსახურონ სექსუალურად იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებმაც ისინი ამ მდგომარეობაში ჩააგდეს.
სექსუალური მონობის შემთხვევაში, ყველაფერი იწყება იმით, რომ ძალიან ახალგაზრდა გოგოს სექსი აქვს ბიჭთან (შეიძლება, ეს ბიჭი შეყვარებული ან პარტნიორი იყოს). ამის შემდგომ, ბიჭი თავს ვალდებულად თვლის, რომ გოგონათი თავის საძმაკაცოს „გაუმასპინძლდეს“. ანუ, მისთვის ეს გოგო ადამიანის, „ღირსეული ქალის“ ღირებულებას კარგავს და „გამასპინძლების“ ერთ-ერთ საშუალებად იქცევა, როგორც, მაგალითად, კარგი ღვინო ან კარგი სუფრა. ამის შემდგომ, ამ გოგოსთან სექსი აქვს რამდენიმე მის მეგობარს. მაგრამ, ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა, ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.
სექსუალური მონობის ყველაზე გრძელი ისტორია, ჩემი პაციენტის გამოცდილებით, რომელზეც „მატერიკონში“ ვწერ, 6 წელი გრძელდებოდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა 14 წლის იყო, და გაგრძელდა მის სტუდენტობამდე. ამ ჯოჯოხეთს მან შემთხვევით დააღწია თავი – ჯგუფში ერთ-ერთი მოძალადე გარდაიცვალა, ზოგი კი საზღვარგარეთ წავიდა. ჯგუფი თავისთავად დაიშალა, თორემ მსხვერპლმა მისგან თავის დაღწევა, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა. გოგონას მონობისგან თავის დაღწევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აშანტაჟებდნენ, რომ მის მშობლებს და ოჯახის წევრებს „ყველაფერს გააგებინებდნენ“. მას მუდმივად ახსენებდნენ, ვერავის დაარწმუნებ, რომ 6 ადამიანი გაუპატიურებდა და საშველად არავის უხმე, ე. ი. ყველაფერს შენი ნებით აკეთებდიო. ეს იმდენად დამთრგუნველი არგუმენტი იყო, რომ მსხვერპლი მიხვდა: მონა იყო და იქნებოდა მანამ, სანამ თავს არ დაანებებდნენ.
რა განაპირობებს იმას, რომ საზოგადებამ სექსუალური მონობის ფენომენის შესახებ ან ძალზე ცოტა რამ, ან საერთოდ არაფერი იცის?
მე თვითონ ბავშვობაში ასეთი ისტორია არავისგან მსმენია, არავის უამბნია ჩემთვის, ამ ფენომენს ზრდასრულ ასაკში გადავაწყდი. ძალიან დამაინტერესა: როდესაც აღვირახსნილ ძალადობას აქვს ადგილი, როგორ შეიძლება, ის შენს ყურამდე მოვიდეს? როგორც ჩანს, კაცები ფლობენ ინფორმაციას, რომელიც ქალის ყურამდე არასოდეს მიდის, თუ იგი თავად მსხვერპლი არაა. საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა ქალიშვილობის „არალეგიტიმურად“ დაკარგვის შემდეგ, გოგონას ბიჭების ჯგრო „თავზე დაადგეს“, – გოგონა უკვე „ნაშაა“, რომელსაც სექსი ბევრ ბიჭთან ექნება. ცნება „ნაშა“, „პასტაიანკა“, „უბნის ბოზი“ უკვე იარლიყია და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ამ იარლიყის მატარებელი ქალი სექსზე თანახმაა, თუ აიძულებენ. ის იქცევა ქალად, რომელთანაც თითქმის ყველას შეუძლია სექსი, თუმცა, „პროსტიტუტს“ ვერ დაარქმევ, რადგან „ფულზე არ მუშაობს“.
აქ ორი რამ შეიძლება დავასკვნათ: პირველი, სექსუალური მონობა კულტურული ფენომენია. ასეთი ძალადობა კულტურის მიერ წახალისებული, პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებული, ქალზე ძალადობის ჟანრია.
მეორე: ძალადობის ამ ფორმას ადამიანები უცქერენ და ვერ ხედავენ. მრავალი კაცის გამასპინძლების ფაქტი ისე ლაზათიანად არის შეფუთული, რომ იმ ადამიანებს, რომელთა თვალწინ ძალადობის ფაქტი ხდება, მსხვერპლი სექსს მოწყურებული, გზას აცდენილი ქალი ჰგონიათ. კულტურული სააზროვნო ფილტრები რეალობას წარმატებულად ნიღბავს და ვერც კი ხვდები, რომ ადამიანის აბუჩად აგდებასთან გაქვს საქმე.
რა თქმა უნდა, როდესაც ძალადობის ისტორიას კონკრეტული ადამიანისგან ისმენ, მოვლენისთვის სახელის დარქმევა აღარ გიჭირს. დამონება, დაშინება, ფიზიკურად გასწორება – ხელის დარტყმით, წიხლქვეშ გაგდებით, მუქარით, შანტაჟით და ა. შ. – ასე გრძელდება წლების განმავლობაში, სანამ მოძალადეს მსხვერპლი არ ბეზრდება.
როგორც ვიცი, კოლეგებს შორის პირველი ხარ, ვინც სექსუალური მონობა კულტურულ ფენომენად განიხილა…
არ არის გამორიცხული, რომ ძალადობის შემთხვევები სხვამაც ახსენა. მაგრამ სექსუალურ მონობას, როგორც ქალზე ძალადობის ცალკე ჟანრს, მე გადავაწყდი.
რადგან სექსუალური მონობის ამჟამინდელი შემთხვევების შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი, უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ იგი დროთა განმავლობაში აღარ არსებობს? თუ ისევ ხდება და უბრალოდ ჩვენ არ ვიცით?
სექსუალური მონობის ცხრა შემთხვევა შემიძლია დავითვალო. ეს ბნელ 90-იანებში ხდებოდა, საბჭოთა კავშირის მშვიდობიან ცხოვრებაშიც და ამჟამადაც მრავლად არის. მსხვერპლის მხრიდან ძალადობის ფაქტის დამტკიცება რთულია: პოლიციაში მისულმა ქალმა რა უნდა თქვას? გამარჯობა, 5-6 ადამიანთან მქონდა სექსი ამდენი თვის განმავლობაშიო? პირველი კითხვა იქნება: ალბათ ნებაყოფლობით, ხომ? ადამიანებს ხშირად გაუპატიურების პროცესი ასე ესახებათ: მსხვერპლი ხმამაღლა ყვირის და შველას ითხოვს. არსებობს იძულების ფორმები, რომელსაც შეუძლია, წლების განმავლობაში გაგაჩუმოს, რადგან ყვირილის მცდელობა შენთვის სასიკეთოდ არ დამთავრდება; ჩემი ერთი პაციენტი, რომლის შესახებაც „მატერიკონში“ ვწერ, სიცოცხლისთვის იბრძვის, რადგან მის სიცოცხლეს ემუქრებიან. დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, ერთხელაც ეს გოგონა გადაწყვეტილებას იღებს და მოძალადეებს უარს ეუბნება. ეს ამბავი ცხოვრებაში ასე დამთავრდა – სალომეს სადარბაზოში დახვდნენ და ფიზიკურად საშინლად გაუსწორდნენ, მის დებს კი მკვლელობითა და „სახელის გაფუჭებით“ დაემუქრნენ. ფაქტიურად, სალომეს ჯანყი ძირშივე ჩაახშეს, თან ისეთი დაუნდობელი ფორმებით, რომ ამ მას შებრძოლების სურვილი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აღარ გასჩენია.
მხედრიონის თარეშის დროს ძალზე ხშირად გამიგია, რომ მისი წევრები (და არა მხოლოდ), ნებისმიერ თვალში მოსულ გოგონას სექსუალურ კავშირს იარაღის ძალით აიძულებდნენ…
კი, ამ დროს მსხვერპლი „ნებდება“ და თითქოს გაუპატიურების აქტიც არსად ჩანს… ჩვენ ირგვლივ ძალადობის ბევრი ფორმაა, რომლის ამოცნობაც და დაჯერებაც გვიჭირს. როდესაც „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი“ დავწერე, ბევრმა ადამიანმა გულწრფელად მკითხა, ეს რეალობაში არ ხდება და შენი ფანტაზიის ნაყოფიაო. მე ვუპასუხე, რომ ჩვენი თბილისური და ქართული ყოფის ავს აღვწერდი. მარტო შენ გესმოდა, თუ ხდებოდა? აბა ჩვენ რატომ ვერაფერი გავიგეთო?, – მკითხეს. ეს ერთგვარად „თვალის ამხელი“ კითხვა იყო. მთელი ბავშვობა და ზრდასრული ასაკის დიდი ნაწილი მეც გაუცნობიერებელი ვიყავი ძალადობის საკითხებში და რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი სექსუალური მონობის შესახებ, სანამ პაციენტებმა არ მიამბეს. რა თქმა უნდა, ყური მქონდა მოკრული, რომ უბანში იყო ქალი/გოგონა, რომელიც სექსუალური სერვისებით სხვადასხვა მამაკაცს უმასპინძლდებოდა. მასთან დაკაკუნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კაცს შეეძლო. მაგრამ, არასოდეს დავფიქრებულვარ, ეს რა იყო – ძალადობის აქტი თუ ნებაყოფლობითი არჩევანი, რადგან კულტურულად ბრმა ვიყავი.
საიდან გაჩნდა თქვენი პროფესიული გამოცდილების მხატვრული ფორმით გადმოცემის იდეა?
ბლოგპოსტსა და სტატიას ადამიანები წაიკითხავენ და გვერდზე გადადებენ, როგორც მორიგ ინფორმაციას. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ ისტორიებისთვის მხატვრული ფორმა მიმეცა. მხატვრულ ლიტერატურას კი აქვს ისეთი ძალა – გულამდე აღწევს. „ბაბუაწვერას“ გრაფიკული სცენები სრულიად მიზანმიმართულია: ძალადობა დაუნდობელი, უხეში, როყიო და პირდაპირია. ნაწარმოებში მისი შელამაზება ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია. ტკივილი არ არის ლამაზი. ის დამამცირებელი და ამაზრზენია. თუ ასეთი ლიტერატურული ტექსტი ვინმეს მიწვდა, მას გაცილებით დიდი აუდიტორია ეყოლება, ვიდრე ბლოგპოსტს ან სტატიას შეიძლება ჰყავდეს. გამიხარდა, როდესაც მართლა ასე მოხდა და უამრავმა ადამიანმა მომწერა. ამ უკუკავშირით მივხვდი, რომ მათთვის ნაცნობ გამოცდილებებზე ვსაუბრობ.
ახალ წიგნს „მატერიკონი“ რატომ ჰქვია?
„მატერიკონი“ წმინდა ქალების ცხოვრებას ნიშნავს. ეს წიგნი ქალებისა და სამყაროს ურთიერთმიმართებაზე მოგვითხრობს; ჩვენთან ხომ „სანაქებო ქალი“ მოწამეობრივი ცხოვრების მქონე ქალია. წიგნის ამოსავალი წერტილიც ესაა: როდესაც ძალიან ბევრს იტანჯები, ძალიან ბევრ უბედურებას გადიხარ და თავს დახრი, ჯილდოს ნიშნად არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქიის გვირგვინი დაგადგან. თეოლოგიური თვალსაზრისით, მოწამეობრივ გზას სხვა დატვირთვა აქვს, თუმცა, როდესაც შენს ქვეყანაში რელიგია ისე ბობოქრობს, რომ ყველა სხვა დისკურსს ფარავს, საყოფაცხოვრებო შრეებში თეოლოგიურ-ქრისტიანული არსი იკარგება და ქალის მოწამეობა შინაარსგამოცლილ მოთხოვნად იქცევა. ეკლესია გეუბნება, რომ ქალი ხარ და უნდა მოითმინო – ეს არის შენი ჯვარი, რომელიც ბოლომდე უნდა ზიდო ქრისტეს სიყვარულისთვისო. ეს პატრიარქალური სისულელეა. ადამიანის მთავარი ატრიბუტი არის ღირსება. მასში ღირსების ჩაკვლა მისი განადგურების დასაწყისია. სხვისი პრივილეგიის წინაშე „თავის დახრა“ მისასალმებელი ქცევა ვერ იქნება, თუმცა პატრიარქალური საზოგადოების მიერ საკუთარი კომფორტის მოწყობას მშვენივრად ემსახურება.
ქრისტიანობის ისტორიაში ადამიანები რწმენისთვის ეწამებოდნენ. მათი მიზანი ჭეშმარიტების სამსახური და უპირობო სიყვარულის ქადაგება გახლდათ. უპირობოს სიყვარული კი არჩევანია. მას საერთო არაფერი აქვს ქრისტეს სახელით მამაკაცის ფეხების დასუფთავებასთან. „მატერიკონის“ პერსონაჟი ქალების ეგზისტენციალური განზომილება არაფრით ზარალდება იმის გამო, რომ ვიღაცისთვის „თავის დახრის“ და მონური მსახურების არჩევანი არ გააკეთეს. პირიქით, ისინი საკუთარი და საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციონერები არიან. ცვლილებებს ისინი დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად ახორციელებენ და სწორედ ისე იქცევიან, როგორც თავად თვლიან საჭიროდ. „მატერიკონის“ ქალები ძლიერი, ავთენტური მსოფლმხედველობის მატარებელნი არიან. მათი ცხოვრებისეული ფილოსოფია ადამიანის სიყვარულით საზრდოობს. მათ ქცევას ყველა ცოცხალი არსების ღირსების, როგორც ცივილიზაციის ძირითადი ღირებულების, დაცვა განაპირობებს.
„მატერიკონში“ ტრანსგენდერ ქალსაც შეხვდებით. ჩემთვის ამ გმირთან მუშაობა ძალზე საინტერესო იყო, რადგან ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში ყველაზე ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენენ. მათ ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ. ტრანსგენდერი ადამიანები სრულიად სხვა ფოკუსით გვიჩვენებენ არსებობას, სამყაროს, გენდერს, სქესს, სექსს და კიდევ ბევრ საკითხს, რომელიც მანამდე გვეგონა, რომ ვიცოდით. მათი არსებობა ჩვენს სამყაროს თავდაყირა აყენებს.
„სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქში“ არის მომენტი, რომელიც ხაზგასმულად თვალშისაცემია: ადამიანის დამოკიდებულება უჯიშო და ავადმყოფი ცხოველის მიმართ. მართლაც: ჩვენი დამოკიდებულებები ჩვენზე უმწეოთა მიმართ ხომ თითქოს ლაკმუსის ქაღალდივითაა და ეს ყველაფერი თავად ჩვენზე ბევრ რამეს მეტყველებს?
როდესაც პაციენტში ფსიქოპათიის ან სოციოპათიის ნიშნებზე გაქვს ეჭვი, ბავშვსაც და მშობელსაც, ბიოგრაფიულ კითხვას შემდეგი ფორმულირებით უსვამ: ბავშვობაში ცხოველებს ხომ არ აწამებდა? ასეთი ბავშვები უმწეო არსებებს ესხმიან თავს. პატრიარქალური საზოგადოება ამაზრზენი ბევრი ფაქტორის გამო შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ის არის, რომ ის ქალს ნაკლულ ადამიანად აღიქვამს, რომელიც არა თავისთავადი ღირებულების მქონე ავტონომიური პიროვნებაა, არამედ სხვა, უფრო ღირებული ფენომენის უფასო დამატება – ცოლი, შვილი, რძალი, დედა; ქალი პატრიარქიისთვის მოხმარების საგანი და ფუნქციურად დაქუცმაცებული ოპერაციული სისტემაა. პატრიარქია, თავისი იერარქიულობის გამო, სიცოცხლის სხვა ფორმებსაც ქალის მსგავსად ექცევა: ცხოველი მისი მოხმარებისა და გართობის საჭიროების დაკმაყოფილების წყაროა.
სამწუხაროდ, ჩვენ ცხოველები, როგორც ასეთი, არ გვიყვარს. შეიძლება გვიყვარდეს ჰასკი, რომელიც შინ გვყავს, მაგრამ მის სიყვარულს ვერ ვაზოგადებთ ქუჩის ძაღლებზე. ჰასკი ჩვენი ოჯახის ღირსების გაგრძელებაა – ჩვენ მასსავით ჯიშიანები“ ვართ. ჰასკი უხდება ჩვენს ავეჯს, პრესტიჟს, მანქანას, ჩვენს შვილებს. ქუჩაში გადაგდებული, მიტოვებული და ავადმყოფი ძაღლები და კატები სხვისი საზრუნავია. სიცოცხლის ფენომენისადმი პატივისცემისა და თანაგრძნობის არქონა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი.
რა თქმა უნდა, ჩვენში არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოველები უპირობოდ უყვართ. თუმცა, ცხოველების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება მაინც კულტურული ფენომენია, რომელსაც განათლებით უნდა ვებრძოლოთ. ბავშვებს ცხოველები უნდა შევაყვაროთ. მათ უნდა ვუთხრათ, რომ სიცოცხლე უნიკალური მოვლენაა. ამ ეტაპზე, ჩვენს ცივილიზაციას ორგანული სიცოცხლის შექმნა არ შეუძლია. სიცოცხლეს უპირობოდ პატივსაცემია. ამის გათავისებას კი ადრეული ასაკიდანვე სამოქალაქო თვითშეგნების განვითარება სჭირდება.
ესაუბრა შორენა გაბუნია