მთარგმნელისგან
ოჯახისა და ახლო ურთიერთობების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, ხშირ შემთხვევაში, იდეალურია. ოჯახი აღქმულია, როგორც კომფორტის, დაცულობის, სიმშვიდისა და ზრუნვის ოაზისი. სამწუხაროდ, ხშირად, ოჯახია სწორედ ის ადგილი, სადაც ადამიანებს მძიმე გამოცდილების მიღება და წლების განმავლობაში, აღნიშნული გამოცდილებების თანაზიარობა უწევთ. სტატიაში მიმოხილულია დისფუნქციური ურთიერთობების და ოჯახების მახასიათებლები და თანადამოკიდებულების ცნება, როგორც აღნიშნული გამოცდილებებით გამოწვეული მდგომარეობა.
თანადამოკიდებულება
თანადამოკიდებულება არის დასწავლილი ქცევა, რომელიც, შესაძლოა, თაობიდან თაობას გადაეცეს. ეს არის ქცევითი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა, სადაც ორივე მხარე კმაყოფილია. ის ასევე ცნობილია, როგორც “ურთიერთობაზე დამოკიდებულება”, რადგან თანადამოკიდებულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ხშირად აყალიბებენ ან ინარჩუნებენ ურთიერთობას, რომელიც არის ცალმხრივი, ემოციურად დამანგრეველი და/ან ძალადობრივი. ზემოთხსენებული მდგომარეობა მრავალწლიანი კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულთა ოჯახებში ინტერპერსონალური ურთიერთობების შესწავლას ისახავდა მიზნად. თანადამოკიდებული ურთიერთობა იმ ოჯახის წევრებზე დაკვირვებითა და იმიტაციით დაისწავლება, რომლებიც მსგავს ქცევას ავლენენ.
ვისზე ახდენს გავლენას თანადამოკიდებულება?
თანადამოკიდებულება უმეტესად უვითარდება ალკოჰოლზე ან ნივთიერებაზე დამოკიდებული პირის მეუღლეს, მშობელს, და-ძმას, მეგობარს, ან შესაძლოა თანამშრომელსაც კი. თანადამოკიდებულება, როგორც ტერმინი, თავდაპირველად ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანების პარტნიორების (მათთან მცხოვრები ან ურთიერთობაში მყოფი პირების) აღსაწერად გამოიყენებოდა. მოგვიანებით, იდენტური სიმპტომოკომპლექსი გამოვლინდა იმ ადამიანებში, რომლებიც ურთიერთობაში იმყოფებიან ქრონიკული დაავადებების ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან. დღესდღეობით, ტერმინის მნიშვნელობა გაფართოებულია და თავის თავში მოიცავს თანადამოკიდებულების ყველა ფორმას, რომელიც მიბმულია დისფუნქციურ ოჯახურ გამოცდილებაზე.
რა არის დისფუნქციური ოჯახი და როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს თანადამოკიდებულება?
დისფუნციური ოჯახი არის ის, რომელშიც ოჯახის წევრები იტანჯებიან შიშის, ბრაზის, ტკივილის ან სირცხვილის განცდებით, და ეს განცდები იგნორირებული ან უარყოფილია. დისფუნქციური ოჯახის პრობლემები, შესაძლოა, მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს:
- ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, ურთიერთობაზე, სამსახურზე, საკვებზე, სექსზე ან თამაშზე დამოკიდებული ოჯახის წევრის არსებობა;
- სექსუალური, ფიზიკური ან ემოციური ძალადობის არსებობა ოჯახში;
- ქრონიკული ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ოჯახის წევრის არსებობა.
დისფუნქციური ოჯახები ვერ აცნობიერებენ პრობლემის არსებობას. ისინი არ საუბრობენ და არ უპირისპირდებიან პრობლემას. შედეგად, ოჯახის წევრები სწავლობენ ემოციების დათრგუნვას და უგულებელყოფენ საკუთარ მოთხოვნილებებს. ისინი ხდებიან “გადარჩენილები”, ავითარებენ ქცევებს, რომლებიც ეხმარება მათ მძიმე ემოციების უარყოფაში, იგნორირებასა და თავიდან არიდებაში. ისინი არ საუბრობენ. ისინი არ ეხებიან. ისინი არ უპირისპირდებიან. ისინი არ გრძნობენ. ისინი არ ენდობიან. დისფუნქციური ოჯახის წევრების იდენტობა და ემოციური განვითარება ხშირად შეფერხებულია. მთელი ყურადღება და ენერგია ფოკუსირებულია ოჯახის იმ წევრზე, რომელიც არის დაავადებული ან დამოკიდებული. თანადამოკიდებული ადამიანი, როგორც წესი, საკუთარ საჭიროებებს სწირავს იმისთვის, რომ იზრუნოს იმ ადამიანზე, ვინც არის ავად. როდესაც თანადამოკიდებული ადამიანები სხვა ადამიანის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას საკუთარის წინ აყენებენ, მათ, შესაძლოა, დაკარგონ კავშირი თავიანთ საჭიროებებთან, სურვილებთან და საკუთარი თავის რეალურ აღქმასთან.
როგორ იქცევიან თანადამოკიდებული ადამიანები?
თანადამოკიდებულ ადამიანებს აქვთ დაბალი თვითშეფასება და საკუთარი თავის გარეთ ეძებენ რაღაცას, რამაც შეიძლება თავი უკეთ აგრძნობინოთ. მათ უჭირთ, “იყვნენ ისინი, ვინც არიან”. ზოგიერთი მათგანი ცდილობს, თავი უკეთ იგრძნოს ალკოჰოლის, ნარკოტიკების და ნიკოტინის საშუალებით და რის შედეგადაც შესაძლოა განუვითარდეთ დამოკიდებულების პრობლემები. სხვებს, შესაძლოა, განუვითარდეთ კომპულსიური ქცევა, როგორიცაა ვორკაჰოლიზმი (მუშაობაზე დამოკიდებულება), გემბლინგი (თამაშზე დამოკიდებულება) და განურჩეველი სექსუალური ქცევა (უხვი, განურჩეველი პარტნიორების ყოლა).
თანადამოკიდებულ ადამიანებს აქვთ კარგი განხრახვა. ისინი ცდილობენ, იზრუნონ იმ ადამიანზე, ვინც განიცდის სირთულეებს, მაგრამ მათი ზრუნვა ხდება აკვიატებული და პროცესები კრახით სრულდება. თანადამოკიდებული ადამიანები ხშირად ირგებენ “წამებულის” როლს და ხდებიან საჭიროების მქონე ადამიანების “მფარველები”. ცოლი, შესაძლოა, ხელს აფარებდეს თავის ალკოჰოლზე დამოკიდებულ ქმარს. დედამ, შესაძლოა, გაამართლოს თავისი უქნარა შვილი ან მამამ შეიძლება, სიტუაცია საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანოს, რათა შვილი საკუთარი დელიქვენტური ქცევის შედეგებისგან დაიცვას.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული განმეორებითი სამაშველო ქმედებები საჭიროების მქონე ადამიანს საშუალებას აძლევს, განაგრძოს თვითდამანგრეველი ქცევა და გახდეს მეტად დამოკიდებული “მფარველის” არაჯანსაღ ზრუნვაზე. მსგავსი დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, თანადამოკიდებულ ადამიანში ვითარდება დაჯილდოებულობისა და “საჭიროდ ყოფნის” განცდით კმაყოფილება. როდესაც ზრუნვა ხდება სავალდებულო, თანადამოკიდებულ ადამიანს უჩნდება შეგრნება, რომ მას არ აქვს სხვა არჩევანი და უვითარდება უსუსურობის განცდა, მაგრამ არ შეუძლია, შეწყვიტოს ქცევები, რომლებიც კვლავ აწარმოებს აღნიშნულ ციკლს. თანადამოკიდებულები საკუთარ თავს მსხვერპლად განიხილავენ და იზიდავთ მსგავსი სისუსტე, სიყვარულსა და მეგობრულ ურთიერთობებში.
თანადამოკიდებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია:
- გადამეტებული პასუხისმგებლობის განცდა სხვა ადამიანების ქცევების გამო;
- ტენდენცია, ერთმანეთში აურიონ სიყვარულისა და სიბრალულის განცდები, “შეიყვარონ” ის ადამიანები, რომელთა შეცოდებასა და გადარჩენას შეძლებენ;
- ტენდენცია, ადამიანებისთვის გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა;
- ტენდენცია, თავი იგრძნონ ცუდად, როცა ადამიანები არ აღიარებენ მათ ძალისხმევას;
- არაჯანსაღი დამოკიდებულება ურთიერთობაზე. თანადამოკიდებული ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, რათა შეინარჩუნონ ურთიერთობა იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ მიტოვებულობის განცდა;
- მიღებისა და აღიარების ექსტრემალური საჭიროება;
- დანაშაულის განცდა საკუთარი მოთხოვნების წარმოჩენის დროს;
- სხვების კონტროლის დაუძლეველი სურვილი;
- საკუთარ თავსა და სხვებზე მინდობის სირთულე;
- მიტოვებისა და მარტოობის შიში;
- ემოციების იდენტიფიცირების სირთულე;
- რიგიდულობა/ცვლილებასთან შეგუების სირთულე;
- ინტიმურობისა და საზღვრების დაცვის პრობლემა
- ქრონიკული ბრაზი;
- ტყუილი/არაგულწრფელობა;
- ღარიბი კომუნიკაცია;
- სირთულეები გადაწყვეტილების მიღებისას.
კითხვარი თანადამოკიდებულების ნიშნების ამოსაცნობად
შესაძლოა, აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდეს სხვადასხვა ხარისხით. გახსოვდეთ: ყველა, ვისაც აღნიშნული სიმპტომები აწუხებს, არ იტანჯება თანადამოკიდებულებით.
- ჩუმდებით, რათა აირიდოთ კონფლიქტი?
- მუდამ შფოთავთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები?
- ოდესმე გიცხოვრიათ ადამიანთან, რომელსაც ჰქონდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა?
- ოდესმე გიცხოვრიათ ადამიანთან, ვინც გცემდათ ან გამცირებდათ?
- თქვენთვის სხვების მოსაზრებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი?
- გიჭირთ თუ არა ოჯახში ან სამსახურში მომხდარ ცვლილებებთან შეგუება?
- თავს უარყოფილად გრძნობთ, როდესაც მნიშვნელოვანი ადანიანები დროს ატარებენ მეგობრებთან?
- ეჭვი გეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში, იყოთ ის, ვინც გინდათ?
- გექმნებათ დისკომფორტი ემოციების ღიად გამოხატვისას?
- ოდესმე გიგრძვნიათ, რომ არასრულფასოვანი ხართ?
- თავს “ცუდ ადამიანად” გრძნობთ, როცა შეცდომას უშვებთ?
- გაქვთ კომპლიმენტებისა და საჩუქრების მიღების სირთულე?
- თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ, როცა თქვენი პარტნიორი ან შვილი შეცდომას უშვებს?
- ფიქრობთ, რომ ახლობელი ადამიანები “დაიღუპებიან” თქვენი მუდმივი დახმარების გარეშე?
- ხშირად გიჩნდებათ სურვილი, რომ ვინმე საქმეების მოგვარებაში დაგეხმაროთ?
- გაქვთ ავტორიტეტის მქონე ადამიანებთან საუბრის პრობლემა? (მაგ. თქვენს უფროსთან, პოლიციასთან და ა.შ.)
- გრძნობთ დაბნეულობას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ხართ ან საით მიდის თქვენი ცხოვრება?
- გიჭირთ უარის თქმა, როცა დახმარებას გთხოვენ?
- გიჭირთ დახმარების თხოვნა?
- თქვენ ირგვლივ იმდენი რამ ხდება, რომ არ შეგიძლიათ არც ერთი მათგანის სწორად შეფასება?
თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან უმრავლესობაზე დადებითად უპასუხეთ, უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით ან თქვენი ურთიერთობით, სასურველია, მიმართოთ პროფესიონალს. დიაგნოსტიკური შეფასებისთვის, შეგიძლიათ, მიმართოთ ფსიქოლოგს, ვისაც აქვს თანადამოკიდებულების მკურნალობის გამოცდილება.
თანადამოკიდებულების მკურნალობა
თანადამოკიდებულება, როგორც წესი, ადამიანის ბავშვობიდან იღებს სათავეს. ამიტომ, მისი მკურნალობა გულისხმობს ადრეული ბავშვობის საკითხების გამოკვლევასა და მათი კავშირის დადგენას მიმდინარე დამანგრეველი ურთიერთობის სქემასთან. მკურნალობა მოიცავს ფსიქოგანათლებას, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ თერაპიას, რომელშიც თანადამოკიდებული ადამიანი თავიდან აღმოაჩენს საკუთარ თავს და ახდენს თვითდამანგრეველი ქცევის სქემის იდენტიფიცირებას. მკურნალობა ასევე ეხმარება პაციენტს ბავშვობაში დამარხულ ემოციებთან დაკავშირებაში და ოჯახური დინამიკის რეკონსტრუქციაში. მკურნალობის მიზანია, საშუალება მიეცეთ პაციენტებს, თავიდან განიცადონ ემოციების სრული სპექტრი.
როცა თანადამოკიდებულება ოჯახს ემუქრება
პირველი ნაბიჯი არაჯანსაღი ქცევის შეცვლაში არის გაგება, თუ რატომ ხდება აღნიშნული. მნიშვნელოვანია, თანადამოკიდებულმა ადამიანმა და მისი ოჯახის წევრებმა მიიღონ ინფორმაცია ადიქციის ციკლისა და რაობის შესახებ, თუ როგორ ახდენს გავლენას აღნიშნული მდგომარეობა ურთიერთობებზე.
ძალიან ბევრი ცვლილება და ზრდა არის საჭირო თანადამოკიდებული ადამიანისა და მისი ოჯახის წევრებისთვის. ნებისმიერი სახის ზრუნვა, რომელიც უფლებასა და შესაძლებლობას აძლევს ძალადობას, გაგრძელდეს ოჯახში, საჭიროებს გაცნობიერებასა და შეჩერებას. თანადამოკიდებულებაში მყოფმა ადამიანმა უნდა მოახდინოს საკუთარი ემოციებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და მათთან დაახლოება. აღნიშნული მოიცავს უარის თქმის სწავლას, საუთარი თავის მიღებას და შეყვარებას, საკუთარ თავში დარწმუნებულობას. გამოჯანმრთელების პროცესში, ადამიანები ჰპოვებენ თავისუფლებას, სიყვარულს და მშვიდობას.
იმედი დგას მეტის შემეცნებასა და გაცნობიერებაზე. რაც უფრო მეტი გესმით თანადამოკიდებულებაზე, უკეთესად შეგიძლიათ მის ეფექტებთან გამკლავება. ინფორმაციისა და პროფესიული დახმარების ძიება დაგეხმარებათ, იცხოვროთ მეტად ჯანსაღად და სავსე ცხოვრებით.
© Copyright Mental Health America (14.11.2017)
თარგმანი ანა ჭიღვარიასი