სტატიები

თანამედროვე რეკლამის რასისტული, სექსისტური და ჰომოფობიური ჩაფლავებები

კომპანია Pepsi-ს სარეკლამო რგოლს მოდელისა და რეალითი შოუს ვარსკვლავის კენდალ ჯენერის (Kendall Jenner) მონაწილეობით უკმაყოფილების ნამდვილი ქარბორბალა დაატყდა თავს.

კომპანია იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა და ბრუნვიდან ამოეღო ვიდეორგოლი, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, აშშ-ში ახლახან ჩავლილი საპროტესტო აქციების პროფანაციად იქცა.

ვიდეორგოლის სიუჟეტის თანახმად, ფოტოსესიაში მონაწილეობის შემდეგ, ჯენერი გადასაღებ მოედანს ტოვებს, რათა დემონსტრაციას შეუერთდეს. აქცია პოლიციის გაძლიერებული კორდონების თანხლებით მიმდინარეობს. დემონსტრაციის მოდელის გარეგნობის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა მატულობს და პიკს აღწევს. ამ დროს, ჯენერი პოლიციელს პეპსის ქილას უწვდის. მომწიფებული კონფლიქტი მყისვე განიმუხტება და საყოველთაო აღტაცებით იცვლება.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Pepsi-ს სერიოზული საკითხების ქარაფშუტული გადაწყვეტის ამოცანა მიზნად არ დაუსახავს.

ბოლო ორი წლის მანძილზე, აშშ-ში პერიოდულად იფეთქებს ხოლმე პროტესტები, რომელიც ძირითადად აფროამერიკელების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგაა მიმართული.

Pepsi-მ, ამ რეკლამის მეშვეობით, იმ კორპორაციების გრძელი სია შეავსო, რომლებიც უტაქტო, ხანდახან კი შეურაცხმყოფელი კონტექსტის რეკლამებს ქმნიან საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ.

კოსმეტიკის გერმანელი მწარმოებელი Nivea ასევე იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა დეზოდორანტის ფეისბუქით გაშვებული რეკლამისთვის (ჩანაწერი უკვე წაშლილია), სადაც ნათქვამია: „თეთრი ფერი სიწმინდის ნიშანია“. ამის გამო, კომპანიას მაშინვე რასობრივ უტაქტობაში დასდეს ბრალი.

დიდ ბრიტანეთში, „აგრესიული სექსიზმის“ გამო, აქტივისტებმა სუპერმარკეტების ქსელი Co-op გაკიცხეს: შოკოლადის სააღდგომო კვერცხების რეკლამაში, მშობლებისთვის გამიზნული მოწოდების თანახმად, მათ თავიანთი „გოგონა უნდა დაეჯილდოებინათ იმის გამო, რომ ჭურჭელი დარეცხა“.

ყველა ეს სარეკლამო რგოლი ახლა „ცუდი რეკლამის პანთეონში“ განისვენებს, რომელიც რეგულარულად ახლდება სარეკლამო სტანდარტების ბრიტანული სამმართველოს (ASA) მიერ. უახლოეს წარსულში, ამგვარი მარკეტინგული ჩავარდნები სხვა კომპანიებსაც ჰქონიათ.

შოკოლადის ბატონ „სნიკერსის“ სატელევიზიო რეკლამა, ცნობილი ამერიკელი შავკანიანი მსახიობის მისტერ ტის (Mr T) მონაწილეობით, გეი ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს.

ამ რგოლში მისტერ ტი შოკოლადის ბატონს სპორტული სიარულით დაკავებული ყვითელშორტებიანი კაცისკენ იშვერს და მას უყვირის: „შენ კაცთა მოდგმის სირცხვილი ხარ. დროა, ირბინო, როგორც ნორმალური კაცები დარბიან!“.

კორპორაცია Mars-მა, რომელსაც ბრენდი Snickers ეკუთვნის, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ვიდეორგოლი იუმორისტული ხასიათით იყო ჩაფიქრებული, მაგრამ იუმორი უკიდურესად სუბიექტური რამაა“.

აშშ-ისა და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, მსგავსი პლაკატი მყისვე აღშფოთებასა და რასიზმში დადანაშაულებას გამოიწვევდა, მაგრამ ტაილანდში დანკინ დონატსის „ნახშირივით შავი ფუნჩულას“ რეკლამაში, გოგონას პორტრეტს შავად შეღებილი სახითა და მკვეთრი ვარდისფერი ტუჩსაცხით დიდი გაოცება არ გამოუწვევია.

ტაილანდური ფრანშიზის ხელმძღვანელმა, რომელიც ბრენდ Dunkin’ Donuts-სთან მუშაობს, ამ პოსტერის მოდელად საკუთარი გოგონა აარჩია. „საერთოდ არაფერი მესმის, რის გამო ატყდა ეს აურზაური? რა იქნებოდა მაშინ, პროდუქტი რომ თეთრი ფერისა ყოფილიყო, მაინც რასიზმად შეფასდებოდა?“.

მიუხედავად ამისა, სათაო კომპანიის პრესმდივანს რეკლამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია.

აშშ-ში რასობრივი სეგრეგაციის დროს, შავკანიანებს ისეთ პრესტიჟულ პროფესიებამდე არ უშვებდნენ, როგორიც თეატრისა და კინოს მსახიობობა იყო, შავკანიანთა როლს კი თეთრი არტისტები ასრულებდნენ გრიმით.

დღეს, ეს ხერხი დასავლეთში შეურაცხმყოფელად მიიჩნევა. ამავდროულად, ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში იგი კვლავ გამოიყენება. შარშან, ჩინეთში, ერთ-ერთმა კომპანიამ იგი სარეცხი ფხვნილის რეკლამაში გამოიყენა.

ამერიკული ავტოკონცერნი ფორდი იძულებული გახდა, საჯარო ბოდიში მოეხადა სარეკლამო პლაკატის გამო, რომელზეც მანქანის საბარგულში პირში ჩვარჩაჩრილი სამი გოგონა იყო გამოსახული. მანქანის საჭესთან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი იჯდა, რომელიც გოგონებს დასცინოდა და ორ აწეულ თითს უჩვენებდა.

ახალი Ford Fido-ს რეკლამა ინტერნეტში მას შემდეგ განთავსდა, რაც ინდოეთში ქალზე ძალადობის კანონი მიიღეს, რასაც წინ მსხვერპლის სიკვდილით დამთავრებული ჯგუფური გაუპატიურება უძღოდა.

სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ მიმართულმა ამ სოციალურმა რეკლამამ უამრავი საქილიკო თემა წარმოშვა. იგი 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს ეძღვნებოდა. მასზე გამოსახული იყო ბიჭი, რომელიც მეგობრებთან წუწუნებდა, რომ მამამ მისი ყველა დანაზოგი გერმანიის მოგებაზე დადო. რეკლამის მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემპიონი ამ წელს მართლაც გერმანია გახდა. სინგაპურის ხელისუფლებამ რეკლამა ჩაასწორა, მაგრამ ამაზე უკვე მთელი მსოფლიო იცინოდა.

2010 წლის სააგიტაციო კამპანიამ, რომელიც მოზარდებში მოწევასთან ბრძოლისკენ იყო მიმართული, ზნეობაში უკიდურესად თავისუფალი ფრანგებიც კი გააოცა. გამოსახულებაში აშკარა მინიშნება იყო ორალურ სექსზე. კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ამგვარი გულახდილი სექსუალური ალუზიები საზოგადოების ცნობიერებაში არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციაზე მინიშნების მიბმასაც ემსახურებოდა.

მას შემდეგ, ანტინიკოტინური პროპაგანდა უპირატესად მოწევისგან დაზიანებული ადამიანის ორგანოების გამოსახულებებს შეიცავს.

Benetton-ის სარეკლამო კამპანია Unhate („სიძულვილისგან გათავისუფლება“), გაშვების მომენტში, 2011 წელს, ყველაზე კეთილი ზრახვებით იყო განწყობილი. თუმცა, ერთ-ერთ სარეკლამო პლაკატში ტანსაცმლის მწარმოებელმა იტალიურმა სარეკლამო ფირმამ აშკარად ფოტოშოპის გამოყენება გადაამლაშა.

მას შემდეგ, რაც მასზე რომის პაპი ბენედიქტ XIV გამოსახეს, რომელიც ეგვიპტის იმამს კოცნის, ვატიკანმა სარეკლამო პოსტერი სრულიად მიუღებლად გამოაცხადა და სასამართლო სარჩელით დაიმუქრა. „ეს რეკლამა ლახავს არა მხოლოდ პაპისა და კათოლიკე ეკლესიის ღირსებას, არამედ მორწმუნეთა გრძნობებსაც“, – ნათქვამი იყო განცხადებაში.

Benetton იძულებული გახდა, ეს კონკრეტული გამოსახულება სარეკლამო აქციიდან ამოეღო, რომელიც დღემდე გრძელდება.

ასევე, კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს ბრიტანეთში საკვები დანამატების მწარმოებელი ფირმის Protein World რეკლამას, რომელზეც ტანწერწეტა გოგონა იყო გამოსახული, სლოგანით: „თქვენი სხეული მზადაა პლაჟის სეზონისთვის?“.

პლაკატის გამპროტესტებლებმა აღნიშნეს, რომ იგი ბოდიშეიმინგის (ადამიანის დამცირება მისი არასრულყოფილი ფიგურის გამო) კლასიკური ნიმუში იყო. ამის გამო, ლონდონის მერმა სადიქ ხანმა (Sadiq Khan) მერიას დაქვემდებარებულ ყველა სივრცეში ნახევრად შიშველი სხეულების გამოსახულებებიანი რეკლამები აკრძალა, რომლებიც „მნახველებს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ არაჯანსაღ და არარეალურ მოლოდინებს უყალიბებს“.

ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც რასობრივ, გენდერულ და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან არაკორექტული მიდგომა განვითარებულ საზოგადოებებში დიდ უარყოფით რეზონანსს იწვევს. რა შესაძლებლობები გააჩნია კომპანიას, რომელიც ერთი მხრივ ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მეორე მხრივ კი არავის გრძნობები არ უნდა შელახოს?

დევიდ მეიკლე (David Meikle), მარკეტინგის სფეროში საკონსულტაციო ფირმა Salt-ის დამაარსებელი, ეჭვობს, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში Pepsi თავის წარუმატებელი რეკლამის გამო დაზარალდეს. „როგორც ჩანს, Pepsi სკანდალს შესანიშნავად გაუმკლავდა – მან ვიდეორგოლი გაიწვია და ბოდიშიც მოიხადა, – ამბობს იგი, – ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სისწრაფე და პრინციპულობაა, რომლითაც კომპანიამ რეკლამაზე გამოიჩინა“.

მარკეტინგის სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი საიმონ კემპი (Simon Kemp) ადასტურებს, რომ Pepsi მართლაც კარგად გაუმკლავდა ამ ჩავარდნას, თუმცა კომპანიას აფრთხილებს, რომ ყველა მზერა უკვე მისი მომავალი სარეკლამო აქციისკენაა მიპყრობილი.

„ვიმედოვნებ, რომ Pepsi-მ მრავალი წლის მანძილზე ყოვლად კეთილსაიმედო კომპანიის იმიჯი შეიქმნა და მისი ერთგული მომხმარებლები მას ამ ჩაფლავებას აპატიებენ. ამავე დროს, გამორიცხული არაა, რომ ამას ისე ადვილად არავინ დაივიწყებს, როგორც ეს ფირმას უნდოდა. ამ მხრივ, ნამდვილი გამოცდა იქნება კომპანიის მომდევნო სარეკლამო კამპანია. ამჯერად, Pepsi მას უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს“, – აცხადებს ექსპერტი.

წყარო: bbc.com