ლგბტქი

თბილისში ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი 31 მარტი ლგბტ აქტივისტებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღსანიშნი გახდა; წინა წლებში ტრაგიკულად გარდაცვლილ საბისა და ბიანკას უკვე ზიზის სახელიც შეემატა. გარდა ამისა, ექსტრემისტულად განწყობილმა პირებმა დღეისთვის ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობაში“ დაგეგმილი ტრანსგენდერი ადამიანების სილამაზის კონკურსი ჩაშალეს.

ქართველმა აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა გადაწყვიტეს, დღეს, 31 მარტს, ტრანსფობიას შეწირული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეები დაერგოთ. ხეხილის ხის ნერგები აქტივისტებს პარტიზანმა მებაღეებმა მიაწოდეს.

„დღეს, ჩვენ არ მოგვცეს საშუალება იმისა, რომ ოფისში, რომელიც სილამაზის კონკურსის ჩასატარებლად „თანასწორობის მოძრაობამ“ ტრანსგენდერ ადამიანებს დაუთმო, ეს ღონისძიება ჩაგვეტარებინა. პრაქტიკულად, „შემოგვივარდნენ სახლში“ და დახურულ სივრცეში ჩვენი აქტივობის განხორციელება ჩაგვიშალეს. პროტესტის ნიშნად, ჩვენ გარეთ გამოვედით და ამ ადამიანებს ვაჩვენეთ, რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენც გვიყვარს ჩვენი ქალაქი და ჩვენც ვზრუნავთ მასზე“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქტივისტი ნიკოლო ბარტი.

გარდა ხეხილის ხეებისა, აქტივისტებმა სკვერში სიმბოლურად სამი ძირი ვარდი დარგეს – გარდაცვლილი საბის, ბიანკასა და ზიზის სახელზე.