სტატიები

თეოდორა კახიანის ისტორიული ოქრო და გზა წარმატებისკენ

12 ივნისს, თბილისში გამართულ ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრების წევრმა ხმლით ფარიკაობაში თეოდორა კახიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალური შეხვედრა მან უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. 23 წლის თეოდორა უკვე 12 წელია, რაც ფარიკაობს. თეოდორას ეს ოქროს მედალი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ამ დრომდე, ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი საქართველოს არ ჰყოლია.

თეოდორა კახიანი: ხმლით ფარიკაობა მწვრთნელ თამაზ კაკულიასთან დავიწყე. 12 წლის წინ, ხმლით მოფარიკავე გოგონების ნაკრები არ არსებობდა და ახალი დისციპლინა ყალიბდებოდა. ამიტომაც, ბავშვები ვარჯიშს რაპირით და დაშნით ფარიკაობაში იწყებდნენ. როდესაც ხმლით ფარიკაობის ნაკრები შეიქმნა, მე, ჩემი და და რამდენიმე გოგო ფარიკაობას ერთად შევუდექით.

როგორ ემზადებოდით ევროპის ჩემპიონატისთვის?

საწვრთნელი შეკრება მოსკოვში გავიარეთ, სადაც რუსეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ვვარჯიშობდით. ეს ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი მეჩვენებინა. აქ ისეთ ხალხთან ფარიკაობამ მომიწია, რომლებთანაც უკვე ნავარჯიშები ვიყავი და ვიცოდი, როგორ უნდა დამესახა ბრძოლა. ამიტომ, ეს შეკრება ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

დღეს საქართველოში ფარიკაობის სკოლა რა მდგომარეობაშია?

ფარიკაობაში სპორტსმენის აღზრდას ძალიან დიდი დრო სჭირდება. მე, მაგალითად, 12 წელია, რაც ვფარიკაობ. ადგილობრივი და საერთაშორისო შედეგები მქონდა, მაგრამ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატი არასოდეს მომიგია. ამიტომ, ძალიან დიდი ხანია იმისათვის საჭირო, რომ მოფარიკავე სრულ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს. ხშირად მეკითხებიან, საქართველოში აქამდე რატომ არ გვყავდა ჩემპიონები და ასე უცებ ამდენი მოფარიკავე საიდან წამოვიდაო. მე და სანდრო ბაზაძემ – ხმლით მოფარიკავე ბიჭებში ფავორიტმა – ერთად დავიწყეთ ფარიკაობა, მაგრამ შედეგები მხოლოდ ახლა გამოჩნდა. ამისთვის მინიმუმ 10 წელია საჭირო.

საქართველოში არის ისეთი საფარიკაო სკოლები, რომლებიც ბავშვებს ავარჯიშებენ. მეც აქ დავიწყე ფარიკაობა, 8 წლის მანძილზე მეც აქ ვვარჯიშობდი. ჩვენ არაჩვეულებრივი მწვრთნელები გვყავს, სკოლის ასაკის გოგონებს თამამად შეუძლიათ, აირჩიონ ფარიკაობა. მთავარია, გაერკვე, რომელი სახეობაში ფარიკაობა გინდა – ხმალი, დაშნა თუ რაპირა. ეს ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. მაგალითად, მე ისეთი ხასიათი მაქვს, რომ ხმლით ფარიკაობა მირჩევნია.

როგორც ქალი სპორტსმენი, კაცების მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს თუ შეხვედრიხართ?

იმ ხნის მანძილზე, რაც პროფესიულ სპორტში ვარ ჩართული, ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რად გინდა სპორტი, გოგოსთვის ცეკვა და მუსიკა არსებობსო. ასე ძალიან ბევრი ფიქრობს და ძალიან ბევრს ჰგონია, რომ გოგონებმა „ქალის საქმე უნდა აკეთონ“. რა თქმა უნდა, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც უხარია, არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცი. ბოლო 4 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ვვარჯიშობ. იქ არასოდეს უთქვამთ ჩემთვის, ქალი სპორტსმენი მიუღებელიაო. პირიქით, იქ ყველა კაცი აფასებს შენს შრომას და ყველა გვერდში გიდგას. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არაა. აქაური კაცები ქალის საქმეს და როლს სხვა რამეში ხედავენ. ქალების და გოგონებისთვის მიცემული ჩემი რჩევა ალბათ ასე ჟღერს: აკეთეთ ის, რაშიც თქვენს უნარებსა და მონაცემებს ყველაზე მეტად გამოავლენთ.

მომავალმა მეუღლემ კარიერისთვის თავის დანებება რომ გთხოვოთ?

ამერიკელი შეყვარებული მყავს, რომელიც არავითარ შემთხვევაში ასეთ რამეს არ მეტყვის. საბედნიეროდ, ჩემს კარიერულ წინსვლას მისი მხრიდან არაფერი ემუქრება.

ხშირად გვესმის, რომ საქართველოში წარმატებული სპორტსმენები ნაკლებად არიან დაფასებულნი. ამის გამო, არცთუ იშვიათია, როდესაც ქართველი სპორტსმენი სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ნატურალიზდება. თქვენ ამერიკაში ცხოვრობთ და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე თუ გიფიქრიათ?

ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოს სახელით რომ ვფარიკაობ. არ ვიცი, მომავალში ჩემი კარიერა როგორ განვითარდება, მაგრამ ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ერთმნიშვნელოვანი: ქართველი ვარ და საქართველოს სახელით ფარიკაობა მეამაყება.

მომავლისთვის რა გეგმები გაქვთ?

როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ჩემთვისაც მთავარია, ჯერ ოლიმპიადის კვალიფიკაცია გავიარო, შემდეგ კი თვითონ ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდე. ჩემი უახლოესი გეგმები ჯერ კიდევ შესადგენია.