პოლიტიკაshe

იდა ბახტურიძე: მისასალმებელია გაეროს ფორუმზე გენდერული თანასწორობის საკითხის პრიორიტეტულობა

11 ივლისს, ნიუ-იორკში, გაეროს მდგრადი განვითარებისადმი მიძღვნილი მაღალი დონის ფორუმი გაიხსნა. ფორუმის დღის წესრიგში მონაწილე ქვეყნების მიერ მდგრადი განვითარების 17 ახალი მიზნის მიღწევა იდგა. ფორუმის მონაწილეებმა ერთობლივად შეაფასეს კაცობრიობის წინაშე უახლოესი 5 წლის მანძილზე მდგარი გამოწვევები. ფორუმში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 22-მა ქვეყანამ მიიღო, რომელთა შორის საქართველოც იყო. ქალთა მოძრაობის აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე ფორუმზე გაჟღერებული მნიშვნელოვანი მესიჯების შესახებ გვესაუბრება.

იდა ბახტურიძე: გაეროში ჩატარდა მდგრადი განვითარების მიზნების პირველი მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა, რომელზეც 22-მა ქვეყანამ წარადგინა ნებაყოფლობითი პირველი ანგარიში. მათ შორის ერთ-ერთი იყო საქართველო. ფორუმზე საუბარი იყო როგორც ახლო, ასევე შორეული პერსპექტივის გეგმებზე – 2030 წლისთვის გლობალურად რა უნდა განხორციელდეს, რომ მდგრად განვითარებას მივაღწიოთ. ქვეყნები წარადგენდნენ სექტემბრის შემდგომი პერიოდის ანგარიშს.

საქართველოდან ეს საკითხი მთავრობამ წარადგინა – პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ, სამინისტროებთან ერთად. არასამთავრობო სექტორს მხოლოდ ჩრდილოვანი ანგარიშის წარდგენა შეუძლია. ფორუმზე ჩემი ორგანიზაციის სახელით ვიყავი. გაეროში სხვადასხვა ჯგუფები არსებობს, რომლებმაც აქტიური როლი უნდა შესრულონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. 9 ძირითად ჯგუფს შორის ერთ-ერთია ქალთა ჯგუფი, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად ადგილობრივ დონეზეც მუშაობს. საქართველოს ანგარიში გვიან გამოქვეყნდა და მისი გაცნობა ვერ მოვასწარი. ამიტომ, ჩვენი შენიშვნები საქართველოს დელეგაციას გავაცანით, რომელიც შედგებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან (მთავარი წარმდგენები). 5-7 წლის ვადის მანძილზე, ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე, უნდა აირჩეს პრიორიტეტები. მთლიანობაში, არსებობს მდგრადი განვითარების 17 მიზანი. მათ შორის საქართველომ 14 აირჩია. მათ შორისაა გენდერული თანასწორობაც. თითო მიზანს ქვემიზნები გააჩნია. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშში ქვემიზნების სახით არ არის მოცემული ქალების პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება და შინ შრომის გადანაწილების საკითხები, ანუ ე.წ. „ზრუნვის სამუშაო“. ქვეყანა პრაქტიკულად გენდერული თანასწორობის, გენდერული ძალადობის, ქალთა მკვლელობების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაუმჯობესებას და მოგვარებას, ყოველ შემთხვევაში ამ ანგარიშისა და პრიორიტეტების მიხედვით, ქალების პოლიტიკური მონაწილეობისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარეშე ხედავს. ეს მთავარი საკითხი დავსვით პირდაპირ ანგარიშის წარდგენის შემდეგ საჯაროდ, სესიის დროს. ამაზე ქართულმა დელეგაციამ გვიპასუხა, რომ ეს არ არის დოკუმენტის საბოლოო ვერსია, ეს არის სამუშაო ვერსია, ანუ პრიორიტეტები საბოლოოდ განსაზღვრული არ არის, და რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მხარეებს შეთავაზებების შეტანის შესაძლებლობა გვექნება. მთავრობის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ მხოლოდ ჩვენი შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ დაიდება დოკუმენტის საბოლოო ვერსია. ანუ, სექტემბერში სხვადასხვა ჯგუფებთან მოხდება სამთავრობო უწყებებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა. მთავარ კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღეს დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა, გვიპასუხეს, რომ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების პროცესის დაწყებას აქტიურად აპირებენ უკვე სექტემბრის თვეში.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავდაპირველ პრიორიტეტებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ეკონომიკური გაძლიერების საკითხების შეტანას შევძლებთ. ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, ყველა დამეთანხმება, რომ ამ პრიორიტეტების გარეშე შეუძლებელია გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და რეალური ცვლილებების მიღწევა. მისასალმებელია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ჩვენი წინადადებების მიმართ მზაობა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანა ძალიან დაინტერესებულია ქალების პოლიტიკური მონაწილეობითა და გენდერული თანასწორობით. სხვათა შორის, ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ქვეყნისთვის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე საუბარს. მისასალმებელია, რომ ამდენ პრიორიტეტსა და სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხი ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

– თუმცა, სერიოზული პრობლემებია უკვე მიღებული დოკუმენტების იმპლემენტაციისას…

– დიახ, ჩვენ გვაქვს ბევრი ამგვარი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და პრაქტიკაში არ ხორციელდება. ერთია მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო და მეორე – მისი პრაქტიკაში განხორციელების პრობლემა. მთავრობა ძირითადად საუბრობს დოკუმენტებსა და კანონმდებლობაზე. ამაზე ბევრი მუშაობაა საჭირო. ამ მომენტში კი, პირველი შთაბეჭდილება ის არის, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, ეს თემები პირველივე წლების პრიორიტეტად შევიტანოთ დოკუმენტში და ველოდები სექტემბერში დანიშნულ სამუშაო შეხვედრებს.

ida1– როგორც ვიცი, ფორუმზე ყველაზე აქტიურმა ქალთა ჯგუფმა მინი აქცია მოაწყო…

– გაეროს ამ ჯგუფში, ე.წ. ქალთა ჯგუფში, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების ქალთა და ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები. დასახელებული ჯგუფი გაეროს საკმაოდ სტრუქტურირებულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ორგანიზებულია. აქ თუნდაც აქტივისტური და კრეატიული ელემენტების შეტანა საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს ამ ქალებმა მოახერხეს და საკმაოდ დიდი დისონანსი შემოვიტანეთ. ჩვენი აქციის არსი შემდეგში მდგომარეობდა: იმ აქტივისტი ქალების ფოტოები დავიკავეთ (უბრალოდ ჩუმად ავდექით და დავდექით ერთ-ერთი სესიის დროს, ხელი არავისთვის შეგვიშლია და სიტყვა არ შეგვიწყვეტინებია), ვინც მოკლეს და ვინც აქტივიზმს შეეწირა. ფორუმზე ყველა ინტერვენცია წინასწარ შეთანხმებული და დაგეგმილია. ამიტომ, ამ დაუგეგმავ აქციას არავინ ელოდა. საინტერესო იყო გამოხმაურება: პირველ ჯერზე უარყოფითი რეაქცია და გაფრთხილებები უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან – მთელი ჯგუფს მოგხსნითო. თუმცა, მოგვიანებით ჩვენი ჯგუფის წევრებმა საკმაოდ დიდი კომპლიმენტები მიიღეს და ინოვაციურ-მეამბოხე ჯგუფად გვაღიარეს. გაეროს მიღებული აქვს ქალი უფლებადამცველების რეზოლუცია. ჩემი აზრით, ქალი უფლებადამცველების საკითხის შეტანა და ქალების სახელები იმ ფორუმზე აუცილებლად უნდა გაჟღერებულიყო. მოგვიანებით დაგვპირდნენ, რომ შემდგომში ასეთ პოლიტიკურ ფორუმებზე ცალკე დრო და სივრცე დაეთმობა ქალ აქტივისტებს. ერთი სიტყვით, ამ აქციის ჩატარება გაეროში მოგვიანებით საკმაოდ პოზიტიურად იქნა აღქმული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მსგავს ფორუმებზე მომავალშიც იქნება შეუთანხმებელი, სპონტანური აქციები და ამის სივრცე ყოველთვის უნდა გვეთმობოდეს.

– რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა საკითხების მუდმივი ლობირება თუნდაც ჩვენი მთავრობის წინაშე, რომელიც ამ კუთხით ძალიან ნელი ნაბიჯით მიიწევს წინ?

– ხანდახან ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იქაც იგივე პროცესი მიდის – მათ მუშაობაზე გავლენას ახდენ მუდმივი კომუნიკაციისა და ზოგჯერ მუდმივი დისკომფორტის შექმნის გზით. მთავრობის წარმომადგენლებიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან: პირველად ძალზე რადიკალური რეაქცია აქვთ და შეიძლება არ მოგისმინონ, მეორედ უკვე შეიძლება დაფიქრდნენ და მესამედ უკვე შეხვედრაზეც წამოვლენ. ამ თანამიმდევრული ნაბიჯებით, ცნობიერება ნელ-ნელა იცვლება.

– ანუ ქალთა მოძრაობის მიერ დღის წესრიგში შემოტანილი საკითხები ნელ-ნელა მეინსტრიმ პოლიტიკაში შედის?

– იმ გამოცდილებამ, რაც ბოლო წლებში ქალთა მოძრაობას დაუგროვდა, ერთი რამ მასწავლა: ცვლილებები ძალზე ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. გაეროში ფოტოების აწევის ეს აქცია არც კი მეგონა, რომ რაიმე დისონანსს შეიტანდა. მე, რა თქმა უნდა, ამ აქციაში დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე, მაგრამ განსაკუთრებულ რეზონანსს ამაზე არ ველოდი. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაგვიჭირდა ქალთა თემების დღის წესრიგში შეტანა, ამით მედიის, პოლიტიკური პარტიების დაინტერესება, მაგრამ ახლახან გამოქვეყნებულმა პარტიულმა სიებმა დაადასტურა, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ჩვენს ძალისხმევას გარკვეული გავლენები აქვს. ქალების პოლიტიკური მონაწილეობა და კვოტები იმდენად მძიმე თემა იყო, რომ თავდაპირველად სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, მაგრამ დისკუსიები ძალიან გასერიოზულდა და ყველა სივრცეში შეაღწია. ფემიციდის ფაქტები იმდენად მომრავლდა, რომ ხელისუფლება თვალს ვეღარ აარიდებდა. ისეთი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა აქტივისტების მხრიდან შესაძლოა აღარც დასჭირდებოდა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თემა არის ის საკითხი, რომლის დღის წესრიგში შემოტანაც აქტივისტებმა და ქალთა ჯგუფებმა წარმატებით შევძელით. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ გავლენა იქონია პოლიტიკურ პარტიებზე. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ყველა საუბრობს იმაზე, რომ ქალების პოლიტიკური მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, დღეს პარტიულ სიებში იდეალური მდგომარეობა არ იყოს, მაგრამ არსებულ მდგომარეობას ვერც კი შევადარებთ წინა წლებში მიმდინარე პროცესებს; ამაზე არც არავინ საუბრობდა, არც დღის წესრიგში განიხილებოდა და არც არავინ იბოდიშებდა. დღეს ის პარტიები, რომლებსაც სიებში არასაკმარისი ქალები ჰყავთ, იბოდიშებენ და თავს იმართლებენ ამის გამო. შესაძლოა, ეს საქმეს არ შველის, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ თავიანთ პარტიებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გამო დისკომფორტი შეექმნებათ. ეს მათ იმიჯზე უარყოფითად აისახება და ამის გამო იძულებულნი არიან, ახსნა-განმარტებები გააკეთონ. ეს უკვე გარკვეული გავლენების მანიშნებელია. ის, რომ აქტივიზმს გავლენა აქვს და პროცესებს ცვლის, ჩემთვის ცხადია.

– ქალთა მოძრაობა საკმაოდ მასშტაბური გაერთიანებაა და სრულიად განსხვავებულ წევრებს იტევს. რადგანაც მოძრაობა ცოცხალი ორგანიზმია, ბუნებრივია, არსებობს ხარვეზებიც. უკვე შეიძლება თუ არა ახალფეხადგმული აქტივიზმის შედეგებზე საუბარი?

– რასაკვირველია, აქტივისტებსაც და მოძრაობაში ჩართულ ადამიანებსაც გვაქვს შეცდომები. შესაძლოა, ხშირად მონდომებისა და ერთსულოვნების დეფიციტსაც განვიცდიდეთ, მაგრამ იმის დასადასტურებლად, რომ აქტივიზმს რეალური შედეგები მოაქვს, საკმარისზე საკმარისი არგუმენტი დაგროვდა. წინა წლებში ეს რთულად წარმოსადგენი იყო, რადგან მასშტაბური აქტივიზმის გამოცდილება მწირი გვაქვს. მაშინ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ქუჩაში გამოსვლას და პროტესტის რადიკალურ ფორმებს, რადგან ქალთა ორგანიზაციები ადრე ბრძოლის სტრატეგიის სხვა მეთოდებს ირჩევდნენ. კარს მიღმა მოლაპარაკებები, რაღა თქმა უნდა, დღესაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ როდესაც ეს მეთოდი არ ამართლებს, უფრო ეფექტურად მუშაობს ხმამაღალი და რადიკალური მეთოდები. ვგონებ, ამაში ის ადამიანებიც დარწმუნდნენ, რომლებიც მანამდე ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებდნენ.

ესაუბრა შორენა გაბუნია