სექსუალური შევიწროება

ინგლისსა და უელსში ქალებისთვის კაბის ქვეშ ფარული გადაღება დასჯადი გახდა

ბრიტანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც, ქალებისთვის კაბის ქვეშ ფარული ფოტო/ვიდეოგადაღება (აპსკერტინგი) ინგლისსა და უელსში ამიერიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

იანვარში ლორდთა პალატამ მესამე მოსმენის შემდეგ მიიღო კანონი სექსუალური ხასიათის დევნის შესახებ, და იგი უკვე ძალაში შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, სხვა ადამიანის სამოსის ქვეშ “მოწყობილობით ოპერირება”, მისი გენიტალიების, უკანალის ან ქვედა საცვლის ფოტო/ვიდეოგადაღების მიზნით, აღიარებულია ვუაიარიზმის ნაირსახეობად და ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

აპსკერტინგი (ინგლ. upskirting – სიტყვასიტყვით “კაბის აწევა”) სმარტფონების გამოჩენასთან ერთად სერიოზულ პრობლემად იქცა. ამიტომაც, სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობაში მისი დასჯის შესაბამისი მუხლებიც ახლახან გაჩნდა, თუმცა, ასეთი ქვეყნები ჯერჯერობით ბევრი არაა.

ინგლისში აპსკერტინგის კანონით დასჯის მოთხოვნით ლონდონელი ჯინა მარტინი (Gina Martin) ჯერ კიდევ 2017 წლიდან გამოდის. 2017 წლის ზაფხულში, იგი ჰაიდ-პარკში ჩატარებულ კონცერტზე უტიფარი, დემონსტრაციული აპსკერტინგის მსხვერპლი გახდა. პოლიციელები დაელაპარაკნენ ადამიანს, რომელიც მას გადაეკიდა და კაბის ქვემოდან ფოტოებს უღებდა, და გადაღებული ფოტოების წაშლა მოსთხოვეს. ეს მაქსიმუმი იყო, რისი გაკეთებაც მაშინ სამართალდამრღვევის მიმართ იყო შესაძლებელი. ჯინამ შეურაცხმყოფელის დასჯა გადაწყვიტა.

“დავადგინე, რომ ერთადერთი კანონი, რომლის მიხედვითაც ჩივილი შემეძლო, – იყო ძველი კანონი ზნეობრიობის საჯაროდ შეურაცხყოფის შესახებ. ამ კანონის თანახმად, რაღაც ამაზრზენი და უღირსი უნდა მომხდარიყო საჯარო სივრცეში, და ამის მოწმე სულ ცოტა ორი ადამიანი უნდა ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში საქმე ექსჰიბიციონისტებს ეხებათ. ანუ, იმ ერთადერთი კანონის ავტორები, რომელიც ინგლისსა და უელსში მსხვერპლს აპსკერტინგისგან იცავს, დარდობენ იმას, თუ რა დაინახა საზოგადოებამ, და საერთოდ უგულებელყოფენ ადევნების მსხვერპლს”, – ამბობდა ჯინა 2017 წელს. მან ჰაიდ-პარკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კამპანია ააგორა, შესაბამისი კანონის მიღების მოთხოვნით, რომელიც წელიწადნახევარში წარმატებით დასრულდა.

სისხლის სამართალში, ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, გაერთიანებული სამეფოს შემადგენელი ნაწილები ავტონომიით სარგებლობენ. შოტლანდიის კანონში აპსკერტინგის შესახებ ჩანაწერი უკვე 2011 წლიდან მოქმედებს, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი მსგავსი კანონი დღემდე არ მიუღიათ.

ჯინა მარტინის ონლაინ პეტიციამ ათობით ათასი ხელმოწერა შეაგროვა – როგორც აღმოჩნდა, აპსკერტინგის მსხვერპლი უამრავი ქალი ხდება. “ვერც კი ვიჯერებ, რომ აპსკერტინგი სექსუალური შევიწროების ან დანაშაულის კატეგორიაში არ ირიცხება. ეს პირად სივრცეში შემოჭრაა. დაუშვებელია, მსგავსი ქმედება გაუვიდეს ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ კანონში შესაბამისი რეგულაცია არ არსებობს”, – აცხადებდა კანონის მიღებამდე ბიბისის ერთ-ერთი რესპონდენტი.

აპსკერტინგი დანაშაულად მიიჩნევა შემდეგ ქვეყნებში:

ავსტრალია – სამართალდარღვევადაა აღიარებული ყველა შტატში.

ახალი ზელანდია: სხეულის ინტიმური ნაწილების ფარული ფოტო/ვიდეოგადაღება, მსგავსი მასალების შენახვა/გავრცელება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ინდოეთი: სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება იგივე ქმედება.

აშშ: სხეულის ინტიმური ნაწილების ფარული ფოტო/ვიდეოგადაღება დასჯადია ზოგიერთ შტატში.

წყარო: bbc.com