ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ მუსლიმთა ე. წ. “მყისიერი განქორწინების” პრაქტიკის გაუქმების დადგენილება გამოიტანა. სასამართლომ დასახელებულ პრაქტიკას კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსული მოვლენა უწოდა. მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ქალთა უფლებების აქტივისტები იბრძოდნენ.
ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც მუსლიმ კაცებს ცოლთან განქორწინება რამდენიმე წუთში შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ… სიტყვა “ტალაქის” (არაბულად – განქორწინება) სამჯერ წარმოთქმა. ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში, მსგავსი პრაქტიკა აკრძალულია.
სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ჩვეულების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების საფუძველზე მიიღო. სარჩელი შეიტანეს მსგავსი განქორწინების გამოცდილების მქონე ხუთმა მუსლიმმა ქალმა და ორი უფლებადამცველი ჯგუფის წარმომადგენლებმა.
“ინდოელი მუსლიმი ქალები ბოლო 70 წლის განმავლობაში უკიდურესად იტანჯებიან. ეს დღე ჩვენთვის ისტორიულია, მაგრამ არა – ჩვენი ისტორიის დასასრული. სიტყვებით ვერც გადმოვცემ, რამდენი ინდოელი ქალი გვიჭერდა მხარს ამაში”, – აცხადებს ინდოელი აქტივისტი ზაკია სომანი (Zakia Soman).
ბოლო წლებში, ინდოეთში ტალაკის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. ქმრის მიერ ცოლისთვის სამჯერ ნათქვამი მაგიური სიტყვის გაჟღერება არა მხოლოდ ცოცხლად, არამედ წერილით, სმს-ით, WhatsApp-ით, Skype-ით ან სატელეფონო ზარითაც იყო შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ სამჯერად ტალაკს არ ვხვდებით არც ყურანში და არც შარიათში, ამ პრაქტიკას საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ზოგიერთ ისლამურ სახელმწიფოში, მაგალითად ეგვრიპტეში, შრი-ლანკაზე, მალაიზიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, პაკისტანსა და ბანგლადეშში, სამჯერადი ტალაკი აკრძალულია, მაგრამ ინდორთში ეს პრაქტიკა ყვავის, რადგან ქვეყანაში ოჯახისა და ქორწინების შესახებ ერთიანი კანონმდებლობა არ არსებობს, რომელიც ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იქნებოდა.
ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამჯერადი ტალაქის პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდიოდა “ისლამის მთავარ პრინციპებსა და ქვეყნის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რომელიც თანასწორობის გარანტია”.