სტატიები

იოკო ონო ქალების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ პროექტში გვიწვევს

ავანგარდულმა მხატვარმა იოკო ონომ რეიკიავიკის ხელოვნების მუზეუმთან ერთობლივ ახალ არტ პროექტში «Arising — A Call», მსოფლიოს ყველა ქალს მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.

იოკო ონომ მიმართვა-წერილი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ყველა ქალს თავის ახალ ჩანაფიქრში ჩართვისკენ მოუწოდა: „ყველა ასაკისა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ქალებო, გთავაზობთ, მოგვწეროთ ყველა იმ წყენის შესახებ, რომელიც მხოლოდ იმის გამო მოგაყენეს, რომ ქალები ხართ. თქვენი აღსარება მშობლიურ ენაზე დაწერეთ, თქვენივე სიტყვებით, გულწრფელად, ისე დაწერეთ, როგორც გსურთ. შეგიძლიათ, თქვენი სახელი მიუთითოთ სრულად ან არასრულად. არ დაგავიწყდეთ თქვენი თვალების ფოტოს გამოგზავნა. თქვენი ფოტო რეიკიავიკის ხელოვნების მუზეუმში იქნება გამოფენილი ამა წლის 7 ოქტომბრიდან, 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებთ“.

იოკო ონოს ზემოთხსენებული ღონისძიების ფეისბუქ გვერდზე მითითებულია ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ჩვენი წერილისა და ფოტოს გაგზავნა შეგვიძლია: arising@reykjavik.is

რაც უფრო მეტი ქალი ისაუბრებს ხმამაღლა დისკრიმინაციის საკუთარი გამოცდილების შესახებ, მით უფრო მეტი ადამიანი მიაქცევს ამ პრობლემას ყურადღებას. ამის გამო სურს იოკო ონოს, რომ მთელი მსოფლიოს ქალებმა, განურჩევლად მათი რასის, ეროვნებისა და აღმსარებლობისა,  თამამად აღიმაღლონ ხმა გამოვლილი წყენისა და დამცირების შესახებ.