ლგბტქი

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ლგბტქი მებრძოლთა დანაყოფი ჩაერთო

სირიაში, რაქაში, ლგბტქი თემის აქტივისტებმა ტერორისტული დაჯგუფების, “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, საგანგებო დანაყოფი შექმნეს. დანაყოფს „ქვიარ ამბოხებულთა განმათავისუფლებელთა არმია“ (The Queer Insurrection and Liberation Army, TQILA) დაარქვეს. ისინი “საერთაშორისო რევოლუციურ-სახალხო პარტიზანულ ძალებთან“ (International Revolutionary People’s Guerrilla Forces, IRPGF) ერთად იბრძვიან, რომელიც “თავისუფლების საერთაშორისო ბატალიონის“ შემადგენლობაში შედის. უცხოელ ბოევიკთაგან დაკომპლექტებული ეს ანარქისტული მოძრაობა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქურთების მილიციის (YPG) მხარდამხარ იბრძვის.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, TQILA-ში მოხალისეები ფაშიზმის, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ. დანაყოფის ლოგოტიპი ვარდისფერ ფონზე გამოსახული კალაშნიკოვის ავტომატია (AK47).

როგორც თავად ამბოხებულები აცხადებენ, რომ მათ რიგებში არა მხოლოდ ლგბტქი აქტივისტები იბრძვიან, არამედ ის ადამიანებიც მრავლად არიან, ვისთვისაც მიუღებელია გენდერული ბინარულობა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ადამიანთა დევნა-შევიწროება.

TQILA აცხადებს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქვიარ საზოგადოების უამრავი წარმომადგენელი დახოცა იმ მიზეზით, რომ ისინი ავადმყოფები არიან და მათი არსებობა ბუნებას ეწინააღმდეგება“. ახლადჩამოყალიბებული დანაყოფის წარმომადგენელი ჰევალ როჯჰილატი (Heval Rojhilat) TQILA-ს რიცხოვნებას არ ამხელს. „ბევრი ჩვენი მეგობარი ლგბტქი საზოგადოების წევრია. ჩვენ რაქაში უკვე ვიბრძვით“,- აცხადებს იგი. როგორც ცნობილია, გარდა ამისა, დანაყოფებში საკმაო რაოდენობით ქალი მებრძოლებიც ჰყავთ.

ISIS მართლაც განსაკუთრებული სისასტიკით სჯის ჰომოსექსუალებს. სოციალურ ქსელებში რამდენიმე ვიდეორგოლია გავრცელებული, სადაც თვალახვეულ გეებს მაღალი შენობებიდან ყრიან. ვინც ცოცხალი გადარჩა, ქვებით ჩაქოლეს. არის ინფორმაცია, რომ ISIS სიკვდილით დასჯილი ჰომოსექსუალების საკონტაქტო ინფორმაციასაც აგროვებს, რათა სხვა გეებსაც მიაგნოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ათეულობით გეი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.