ისრაელში უქმრო ქალებს კანონმა უფლება მისცა, შესაბამისი სამედიცინო მონაცემების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ სუროგატი დედების დახმარებას.
იგივე უფლებით ვერ ისარგებლებენ მარტოხელა კაცები და ჰომოსექსუალი წყვილები.
აქამდე, ქვეყანაში 22 წლის მანძილზე მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმადაც, სუროგატი დედის მომსახურების გამოყენება მხოლოდ სხვადასხვა სქესის მქონე მეუღლეებს შეეძლოთ იმ შემთხვევაში, თუ ქალს ბავშვის დამოუკიდებლად გაჩენის უნარი არ გააჩნდა.
ახალმა კანონმა ადგილობრივი ლგბტ საზოგადოების ბობოქარი პროტესტი გამოიწვია. ნაციონალური გაფიცვის ფარგლებში, გუშინ, 19 ივლისს, იერუსალიმისა და თელ-ავივის ქუჩებში ასობით ადამიანი გავიდა. მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში გეი საზოგადოება ეროვნულ გაფიცვას კვირას პირველად ჩაატარებს. “ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციის გამო, საზოგადოების წევრები, ჩვენი მომხრეები და პარტნიორები სამსახურებში არ გავლენ და თავიანთ საწარმოებს დახურავენ”, – აცხადებენ პროტესტის მონაწილენი. ისრაელის აეროპორტების სამმართველომ განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა, კვირას ფრენები გადაიდოს, სამუშაო პერსონალის უკმარისობის გამო. აგრეთვე, თელ-ავივის Ichilov Hospital-მა და სასწრაფო დახმარება Magen David Adom-მა წინასწარ გამოაცხადეს, რომ თანამშრომლებს გაფიცვაში მონაწილეობის საშუალებას მისცემენ.
ამ ბობოქარი პროტესტების მთავარი ადრესატი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა (Benjamin Netanyahu), რომელიც აქამდე აცხადებდა, რომ მხარს დაუჭერდა სუროგატი დედის მომსახურების უფლების გავრველებას გეი წყვილებზეც, მაგრამ, საბოლოოდ, ამ პირობის წინააღმდეგ წავიდა, როგორც მედიაში ამბობენ, მისი კოალიციის ულტრამემარჯვენე წევრების ზეწოლის გამო.
“ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვის შემდეგ, ყველა პროტესტის დაიგნორებით, ქნესეთის პლენუმმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა “სუროგატული დედობის შესახებ კანონის” ჩასწორება”, – აცხადებს პარლამენტის პრესსამსახური.
ინიციატივა მიღებულ იქნა 59 დეპუტატის ხმით, 52-ის წინააღმდეგ. ისრაელის კანონმდებლების თქმით, მარტოხელა კაცებს სუროგატი დედის მომსახურების გამოყენების უფლებაზე იმიტომ ეთქვათ უარი, რომ გეი ქორწინება ქვეყანაში ოფიციალურად ნებადართული არაა.