კამპანია #MeToo-მ გვიჩვენა, რომ სექსუალური შევიწროება გაცილებით ხშირად გვხვდება, ვიდრე ადრე წარმოგვედგინა. კამპანია ადამიანებს თავიანთი ნეგატიური გამოცდილების შესახებ საუბრის სიმამაცეს ანიჭებს, რადგან ისინი ხედავენ, რომ მათ მეგობრებსა და ნაცნობებს ამგვარი სიმამაცე აღმოაჩნდათ.
ჰეშთეგ #Metoo-ს წყალობით, არა მხოლოდ ქალები, არამედ სულ უფრო და უფრო ხშირად კაცებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სექსუალური შევიწროების საკუთარ ისტორიებს გვიზიარებენ. ჰეშთეგი აშშ-ში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჰოლივუდელი მაგნატი ჰარვი ვაინშტაინი და მსახიობი კაცები ქალმა მსახიობებმა სექსუალურ ზეწოლაში ამხილეს. ჰეშთეგს ადრე აქტივისტი ტარანა ბერკი (Tarana Burke) იყენებდა, ტვიტერში კი იგი პოპულარული მსახიობმა ალისია მილანომ გახადა. მან ქალებს მოუწოდა, სექსუალური ძალადობისა და დაშინების თავიანთი გამოცდილების შესახებ საჯაროდ ესაუბრათ, რათა ეჩვენებინათ, თუ რამდენად ფართოდაა გავრცელებული მსგავსი შემთხვევები.
ამ ჰეშთეგის გამოყენებამ 85-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. 24 საათის მანძილზე, იგი ტვიტერზე 500 000-ზე მეტად გამოიყენეს, ხოლო ფეისბუქზე მას 4,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიმართა, 12 მილიონზე მეტ პოსტში. აშშ-ში, ამ კამპანიის შედეგად, ჰოლივუდის ისეთი გავლენიანი ფიგურები დაემხო, როგორებიცაა ჰარვი ვაინშტაინი და კევინ სპეისი. მას მოჰყვა ნიდერლანდები, სექსუალურ შევიწროებასა და თავდასხმებში ბევრი ცნობილი და არაცნობილი პირის მხილებით.
რატომ მოიხვეჭა ასეთი დიდი პოპულარობა ამ კამპანიამ და რატომ გადაწყვიტეს ადამიანებმა ზოგჯერ მრავალი წლის წინ გადამხდარი დამცირებისა და ძალადობის ისტორიებზე საუბარი? ყველა გამოცდილება ინდივიდუალურია, და კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, ხშირად სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას განიცდიან. მსხვერპლის დადანაშაულების შესახებ არსებული ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, ფართო ტენდენცია არსებობს, რომელიც დანაშაულების ან უკანონო ქმედებების მსხვერპლებს აიძულებს, მთლიანად ან ნაწილობრივ აგონ პასუხი მათთვის მიყენებულ ზიანზე. თუ ადამიანებმა ამ ნეგატიური შედეგების შესახებ იციან, მაშ რატომ ზიარდება ტვიტი #metoo ამდენჯერ?
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტეს ადამიანებმა კამპანია #metoo-ს მეშვეობით საუბარი, იმაში მდგომარეობს, რომ პირებს, ვისთანაც საკუთარ თავს ვაიგივებთ – მაგალითად, ჩვენი მეგობრები და ნაცნობები ფეისბუქზე, ეყოთ სიმამაცე თავიანთი პირადი ინფორმაციის საჯაროდ გაზიარებისა. ის ფაქტი, რომ გარშემომყოფები, რომლებსაც იგივე გამოუვლიათ, მხარს გიჭერენ, თქვენ განიჭებთ სიმამაცეს, ისაუბროთ თქვენს მოწყვლადობაზე. მეორე ასპექტი ისაა, რომ მართალია, შევიწროების ბევრი მსხვერპლი თავს მარტოსულად გრძნობს თავისი ისტორიის სხვა მსხვერპლებთან გაზიარებისას, მაგრამ ისინი მას ნეგატიურ შედეგებთან და ემოციებთან გამკლავებაში ეხმარებიან. მსგავსი მხარდაჭერა თვალნათელია სიმსივნით დაავადებულთა ჯგუფების კვლევის დროსაც. კამპანია #metoo მსგავსი გამოცდილებების გაზიარების საშუალებას იძლევა.
კამპანიის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მას ჩვენში სიძულვილის, რისხვისა და სევდის გრძნობების დიდი დოზით განახლება შეუძლია. შესაძლოა, მან მსხვერპლებს ძველი ჭრილობები განუახლოს ან ის ნეგატიური მოვლენები თავიდან განაცდევინოს, რაც ადრე გადაუტანიათ. იმისდა მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა ამ კამპანიას, მეჩვენება, რომ მისი დადებითი შედეგი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების შემცირებას უკავშირდება, საკითხის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას როგორც მსხვერპლებში, ასევე არამსხვერპლებში, და იმის გამოჩენას, რომ თავდასხმები გაცილებით ხშირია, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ.