კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავმა ქალებმა გენდერული თანასწორობის საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს: კეიტ ბლანშეტმა, კრისტენ სტიუარტმა, სალმა ჰაიეკმა და სხვებმა. საერთო ჯამში, ხალიჩაზე 82 ქალი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი გამოვიდა.
გამპროტესტებელთა რიცხვი შემთხვევითი როდია. აქციის თითოეული მონაწილე 82 ქალი რეჟისორიდან ერთ-ერთს განასახიერებდა. ქალების რეჟისორობით, სწორედ ამდენი ფილმი ექიშპებოდა ერთურთს კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მისაღებად, 1946 წლიდან დღემდე. შედარებისთვის, იმავე პერიოდში (1946−2018), ფესტივალზე კაცი რეჟისორების 1700 ფილმი იყო წარმოდგენილი.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი სამუშაო ადგილები იყოს მრავალფეროვანი და სამართლიანი, რათა საუკეთესო ფორმით აისახოს სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ“, – წერია 89 წლის ლეგენდარული ფრანგი რეჟისორის ანიეს ვარდას განცხადებაში, რომელიც კეიტ ბლანშეტმა წაიკითხა.
ოსკარის ორგზის მფლობელმა განაცხადა, რომ საჭიროა „სამყარო, რომელიც ყველა ჩვენგანს კამერის როგორც წინა, ასევე უკანა მხარეს, კოლეგა კაცებთან ერთად მხარდამხარ მუშაობის საშუალებას მისცემს“.
ფესტივალის სასახლის კიბეზე ასვლისას, ვარსკვლავები შუა გზაზე ჩერდებოდნენ, რათა ის დაბრკოლებები განესახიერებინათ, რაც ზოგადად ქალებს კინოინდუსტრიაში ხვდებათ ხოლმე.
„ჩვენი ინდუსტრიის კიბე ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მოდით, ავიდეთ მასზე!“, – დასძინა ბლანშეტმა.
აქცია ევა ჰასონის (Eva Husson ) „მზის გოგონების“ (Girls on the Sun) პრემიერის წინ შედგა. ჰასონი ერთ-ერთია სამი რეჟისორი ქალიდან, რომლებიც წელს ერთმანეთს ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოლებენ (საერთო ჯამში, რეჟისორების რიცხვი 21-ს უტოლდება).
„მზის გოგონების“ სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც ბედი ერთმანეთს სრულიად სხვადასხვაგვარ ქალებს ახვედრებს. სურათის მთავარი პერსონაჟი ბაჰარი – ქალთა ქურთული ბატალიონის, სახელწოდებით „მზის გოგონების“, მეთაურია, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა – მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.
კინოინდუსტრიის ქალების ამგვარმა აქტივობამ კანში ბევრს ჰარვი ვაინშტაინის ამბავი გაახსენა, ვისთან დაკავშირებულმა სკანდალმაც მოძრაობა #MeToo წარმოშვა. კინოინდუსტრიაში მომუშავე ქალები მზად არიან, თავიანთი ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მისაღწევად კვლავაც გაიღონ.