თანასწორობის პოლიტიკა / ლგბტქი / სტატიები

კეიტლინ ჯენერის გზანი წამებისანი – როგორ ართმევდნენ ტრანსგენდერ ჩემპიონს ოლიმპიურ მედალს

1976 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბრიუს ჯენერმა (Bruce Jenner), 2015 წელს გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალი იყო.

65 წლის კეიტლინ ჯენერმა თავისი გენდერული იდენტობის შესახებ ABC-ის წამყვან დაიან სოიერთან (Diane Sawyer) მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა, დაახლოებით 40 წლის შემდეგ, რაც მსოფლიო რეკორდით მოიპოვა ოლიმპიური ოქრო დეკატლონში (მძლეოსნური ათჭიდი). ამ მოვლენამ ჯენერს „მსოფლიოს უდიდესი სპორტსმენის“ არაოფიციალური ტიტული შესძინა.

ინტერვიუს დასაწყისში, სოიერის შეკითხვაზე, „ქალი ხართ?“, ჯენერმა უპასუხა: „დიახ, მე ყველა გაგებით ქალი გახლავართ“.

„ადამიანები სხვანაირად მიყურებენ – დასძინა ჯენერმა, – ისინი ჩემში მაჩო კაცს ხედავენ, მაგრამ ჩემი გული, სული და ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებ, ქალური მხარეა ჩემში. მე სწორედ ეს ვარ“.

ჯენერი, რომელიც უმცროსი თაობისათვის ცნობილია, როგორც კარდაშიანების რეალური შოუების კლანის პატრიარქი, ABC-ის გადაცემა “20/20”-ს ესტუმრა, რათა წერტილი დაესვა მის გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სპეკულაციებისთვის.

ჯენერის განცხადება ემთხვევა ამერიკულ საზოგადოებაში ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის ზრდის პროცესს. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰოლივუდმა, რომელიც გვაცნობდა სიუჟეტებს ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ. მაგალითად, მსახიობი ლავერნ კოქსი (Laverne Cox), სატელევიზიო შოუდან Orange Is the New Black, 2014 წელს ჟურნალ Time-ის ყდაზე გამოჩნდა, სიუჟეტში „ამერიკის სამოქალაქო უფლებების შემდგომი გამოწვევების შესახებ“.

ემოციურმა ჯენერმა თქვა, რომ ბევრი წელი იცდიდა ქამინგ აუთამდე, რადგანაც არ სურდა, „იმედი გაეცრუებინა ადამიანებისთვის“.

სამგზის დაქორწინებულმა და განშორებულმა ჯენერმა, რომელიც 6 ბიოლოგიური და 4 ნაშვილები ბავშვის მშობელია, თქვა, რომ ის არაა გეი და არასდროს ჰქონია სექსი მამაკაცთან.

მისმა პირველმა ორმა ცოლმა ჯენერის მხარდასაჭერი მესიჯები გაუგზავნეს სოიერს, მაშინ როცა მის ახლანდელ ცოლს, კარდაშიანების დედასა და მენეჯერს ვარსკვლავებისა  E! Entertainment’-ის შოუსი Keeping Up with the Kardashians, კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯენერისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ქამინგ აუთამდე დაახლოებით 18 თვის წინ იდგა, როცა ჟურნალისტები მას ელოდნენ, როდესაც ფარისებრი ხრტილის ზომას უმცირებდნენ, რაც ქალად ტრანზიციის ნიშანი იყო. ერთი პერიოდი იგი თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა, რომ სენსაციის მადევარი მედიისათვის ასე მაინც დაეღწია თავი.

მიუხედავად ამისა, ამ სიახლის შესახებ მისი ოჯახისთვის თქმა საკმაოდ უმტკივნეულო  აღმოჩნდა და ჯენერის უფროსმა ბავშვებმა კამერების წინ გამოხატეს მამის მხარდაჭერა.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მამის განახლებული ვერსია მივიღე“, – თქვა მისმა შვილმა ბრენდონ ჯენერმა (Brandon Jenner).

ჯენერის გერი, კიმ კარდაშიანი, აღმოჩნდა „ყველაზე უფრო მიმღები ადამიანი, რომელთან საუბარიც ძალიან მარტივი იყო“, – თქვა ჯენერმა. მისი თქმით, კიმ კარდაშიანმა გაამხნევა იგი სიტყვებით: „გოგონი, მაგრად უნდა შეუბერო და კარგად უნდა გამოიყურებოდე!“.

ხლოე კარდაშიანს (Khloe Kardashian), ასევე გერს, ძალიან გაუჭირდა ამ ამბავთან შეგუება, „რადგანაც მას ბევრი დანაკარგი განუცდა ამ ცხოვრებაში“, – განაცხადა ჯენერმა.

ჯენერის ქამინგ აუთს მხარი დაუჭირეს კენდალ და კაილი ჯენერებმა, მისმა უმცროსმა ქალიშვილებმა. „ერთადერთი, რაც მისთვის გვსურს, ბედნიერებაა. თუკი ის ბედნიერია, -ჩვენც ბედნიერები ვართ“, – განაცხადეს მათ.

ჯენერი 1970-იანების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სპორტსმენი გახდა მას შემდეგ, რაც მან მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა ათჭიდში 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე.

ჯენერის ქამინგ აუთს საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სახელზე: კონკურსის გენდერული წესების დარღვევის გამო, ისინი ჯენერისთვის ოლიმპიური ჩემპიონობის ჩამორთმევას მოითხოვდნენ.

„ახლახან დადგინდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ბრიუს ჯენერი სინამდვილეში ტრანსგენდერია და საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს. მან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესები დაარღვია, რომელიც ქალებისა და კაცების სპორტი ითვალისწინებს“, – ნათქვამია იყო პეტიციაში.

თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა განაცხადა, რომ ოლიმპიურ ასპარეზობაში კაცის სტატუსით გამოსული ჯენერის სპორტული მიღწევები გადახედვასა და შეცვლას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, მისი ოქროს მედალი ძალაში დარჩა.

თარგმანი: ერეკლე გრიგოლია