სტატიები

კვლევა: ბავშვის დაბადების შემდგომი დეპრესია მამებსაც ემართებათ

ყველასათვის ცნობილია, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ახალგაზრდა დედებს ახასიათებთ, თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსი რამ მამებშიც აღინიშნება.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (University of Southern California) მკვლევართა გუნდმა, დარბი საქსბის (Darby Saxbe) ხელმძღვანელობით, დაასკვნა, რომ ბავშვის დაბადების შემდგომი დეპრესიის აღმოცენება კაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის ცვლილებებს უკავშირდება. კვლევა 1 სექტემბერს გამოქვეყნდა ჟურნალში „ჰორმონები და ქცევა“ (Hormones and Behavior). მისი შედეგების თანახმად, კაცებს მამობაზე ბიოლოგიური რეაქციები აქვთ. მეცნიერების აზრით, ჩვილების მამებში გაჩენილი „ჰორმონული რყევა“, ტესტოსტერონის დონის ცვალებადობა, პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის მდგომარეობასა და ოჯახში არსებულ ფსიქოლოგიურ სიტუაციასთან. შესაბამისად, ქალებში, რომელთა პარტნიორებსაც ბავშვის დაბადების შემდგომ ტესტოსტერონის დაბალი დონე აღენიშნებოდათ, ბავშვის დაბადებიდან 15 თვის განმავლობაში დეპრესიის ნაკლები სიმპტომები გამოვლინდა. ბავშვზე ზრუნვაში ჩაბმული მამების სოციალური მხარდაჭერის შედეგად, მშობიარობის შემდგომი დეპრესია დედებსაც ნაკლებად აწუხებდათ.

სამაგიეროდ, საპირისპირო შედეგები აღინიშნა იმ მამებში, რომლებსაც ტესტოსტერონის მაღალი დონე აღმოაჩნდათ. კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის მაღალი დონე ახასიათებთ კაცებს, რომლებმაც ბავშვის აღზრდის პროცესისგან დიდი სტრესი მიიღეს. ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, ტესტოსტერონის მაღალი დონის მქონე კაცები განსაკუთრებით მოწყვლადნი აღმოჩნდნენ ჰორმონული და ფსიქოლოგიური რყევების მიმართ. შემთხვევათა 5%-ში, ტესტოსტერონის მაღალი დონის მქონე კაცებს კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. ასეთი კაცები პარტნიორების მიმართ მეტ ემოციურ, სიტყვიერ და ფიზიკურ აგრესიას გამოხატავდნენ.

თუ მამების ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე მაღალი არ იყო, თავად კაცები ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ნაკლებ შფოთვიანობას განიცდიდნენ, მათი პარტნიორები კი მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ნაკლებ იტანჯებოდნენ. მეცნიერების აზრით, ასეთი კაცები, სიტუაციის პრობლემურობის გაცნობიერებისას, კონცენტრირდებიან სამსახურზე, სპორტზე, პარტნიორს ბავშვის მოვლაში ან სხვა სოციალური სახის საქმიანობაში ეხმარებიან.

მეცნიერების კვლევაში მონაწილეობა 149 წყვილმა მიიღო. ექსპერიმენტის ჩატარების დროს, ახალნამშობიარები ქალების ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობდა. კვლევაში მონაწილე მამების 95% ბავშვების დედებთან ერთად ცხოვრობდა.

წყვილებს ორი წლის მანძილზე აკვირდებოდნენ: ბავშვის დაბადებიდან 2,9 და 15 თვის შემდეგ, ტესტოსტერონის დონის შესამოწმებლად, მამებისგან ნერწყვის ნიმუშებს იღებდნენ. ასევე, კაცები პასუხობდნენ შეკითხვებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული დეპრესიული სიმპტომების, სტრესის, პარტნიორის მხრიდან აგრესიისა და ურთიერთობებით კმაყოფილების შესახებ.

„კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვილების მამებს, და იმის ახსნა, თუ რატომ არის ბავშვის აღზრდის პროცესში ინტენსიურად ჩართული მამების ერთი ნაწილი, მაშინ, როდესაც სხვა მამებს ეს ინტერესები საერთოდ არ გააჩნიათ“, – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი.

კვლევის მონაწილეებს დეპრესიის სიმპტომების შესახებ კითხვებს ედინბურგის პოსტნატალური დეპრესიის (the Edinburgh Postnatal Depression) ფართოდ გამოყენებული სკალის მიხედვით უსვამდნენ. ისინი აგრეთვე საუბრობდნენ თავიანთი ურთიერთობებით კმაყოფილების, სტრესული დაძაბულობისა და ინტიმურ საკითხში პარტნიორის მიმართ აგრესიის შეგრძნების შესახებ. გამოკითხვაში მიღებული მაღალი ქულები დეპრესიის მაღალ დონეზე, დიდ სტრესზე, დაუკმაყოფილებლობასა და აგრესიაზე მიუთითებდა.

კაცებისთვის ბავშვის დაბადების შემდგომი დეპრესიისგან თავის დაღწევის გზა ძალზე მარტივია. მეცნიერების აზრით, სპორტით დატვირთვა ან სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობა მნიშვნელოვნად დააქვეითებს გარე ფაქტორების მიმართ მგრძნობელობას და ნაწილობრივ მაინც მოხსნის დაძაბულობას, ჯანმრთელი ძილი კი ჰორმონული ფონის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში, ტესტოსტერონის დონის დასარეგულირებელი საშუალებების მიღება საჭირო არაა. მისი მერყეობა შეიძლება იყოს მხოლოდ „ადაპტაციური“, დროებითი, ხოლო მშობლის ამპლუის გათავისების შემდეგ, ჰორმონის კონცენტრაცია თავისთავად წესრიგდება.

წყარო: neurosciencenews.com