ლგბტქი / სექსუალობა

კვლევა: ორგაზმს ყველაზე იშვიათად ჰეტეროსექსუალი ქალები განიცდიან

ამის შესახებ მასშტაბური კვლევის შედეგები მეტყველებს, რომელიც ინდიანას, ჩეპმენისა და კლერმონტის უნივერსიტეტების მკვლევართა ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა.

კვლევაში მონაწილეობა აშშ-ის 52600-მა მოქალაქემ მიიღო. მეცნიერები იმის დადგენას ცდილობდნენ, თუ რამდენად ხშირად განიცდიან ორგაზმს ჰეტეროსექსუალი, ბისექსუალი ქალები, ლესბოსელები, ასევე ჰეტეროსექსუალი, ბისექსუალი და ჰომოსექსუალი კაცები.

კვლევის თანახმად, ორგაზმს რეგულარულად განიცდის:

  • ჰეტეროსექსუალი ქალების 65%;
  • ბისექსუალი ქალების 66%;
  • ლესბოსელების 86%;
  • ბისექსუალი კაცების 88%;
  • გეების 89%;
  • ჰეტეროსექსუალი კაცების 95%.

„ბევრ ჰეტეროსექსუალ ქალს ორგაზმის მიღწევა გაცილებით უფრო ხშირად შეუძლია, თუ ხშირად მიმართავს ორალურ ალერსსა და სასქესო ორგანოების მანუალურ (ხელით) სტიმულაციას“, – აღნიშნავენ მეცნიერები. ისინი პირდაპირ კავშირს ხედავენ ორალური სექსის სიხშირესა და განცდილი ორგაზმების რაოდენობას შორის. მათი აზრით, ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა სხვა ჯგუფის სექსუალური დაკმაყოფილების საკითხში. თუმცა, გამონაკლისი აქაც არის – ერთადერთი ჯგუფი, რომელშიც ამგვარი კორელაცია არ შეინიშნება, ჰეტეროსექსუალი კაცების ჯგუფია.

მეცნიერების აზრით, ორგაზმების სიხშირეში ამგვარი სერიოზული განსხვავება განპირობებულია როგორც სოციალური, ასევე ევოლუციური ფაქტორით.

მაგალითად, რიგ კულტურებში, ქალისთვის საკუთარი სექსუალური სურვილების გამოვლენა დღემდე სირცხვილად მიიჩნევა, მაშინ, როცა კაცები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი პარტნიორი ქალი ორგაზმს მხოლოდ ტრადიციული პენეტრაციული (შეღწევითი) სექსის შედეგად აღწევს.

რაც შეეხება ემოციურ პერსპექტივას, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, კაცის და ქალის ორგაზმებს იმთავითვე სხვადასხვა მოლოდინები გააჩნია. კაცის ორგაზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ეაკულაცია (თესლდანთხევა) და გვარის გაგრძელებაა, მაშინ, როდესაც ქალის ორგაზმი „რომანტიკულ პარტნიორთან ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებას უწყობს ხელს“.

ამერიკელი მეცნიერების კვლევის შედეგების სრულად ხილვა ჟურნალ Archives of Sexual Behaviour-ში შეგიძლიათ.