საშუალო ასაკის კაცი სამსახურში მეგობრებთან ქილიკობს და ამბობს, რომ მამობა ძალიან მოსწონს, ორი შესანიშნავი ბავშვი ჰყავს… მაგრამ მისი ცოლი საერთოდ 3 შვილის დედაა. ჯგუფს შეუძლია, გაიცინოს და საუბარი განაგრძოს, მაგრამ, სინამდვილეში, ბევრი ქალი დღეს პარტნიორისგან სრულიად მარტოა მიტოვებული, ნაცვლად იმისა, რომ საოჯახო ცხოვრებაში მხარდაჭერა მიიღოს. სახლში შეფ-მზარეულის, დამლაგებლის, მძღოლის, მასწავლებლის, მედდის, ძიძის, სოციალური ღონისძიებების კოორდინატორის როლის შესრულებისას, ბევრი დედა გრძნობს, რომ გამოფიტულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას სახლს გარეთ სამსახურიც ელის.
სამწუხაროდ, დედობასთან დაკავშირებული სირთულეების პარალელურად, ბევრი ქალის სტრესის ხარისხს მისი ქმარიც ამწვავებს. 7000-ზე მეტი დედის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ დედების საშუალო რაოდენობა თავისი სტრესის ხარისხს 10 მაქსიმალური ქულიდან, 8,5-ით განსაზღვრავს, ქალების 46% კი ამბობს, რომ ქმარი გაცილებით მეტ სტრესს აყენებს, ვიდრე ბავშვები. მკვლევართა დასკვნის მიხედვით,
- დედები ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, რომ არ აქვთ საკმარისი დრო დღის მანძილზე, რათა ყველაფერი მოასწრონ, რისი გაკეთებაც საჭიროა;
- პარტნიორთან ერთად მცხოვრები ყოველი 4 დედიდან 3 ამბობს, რომ ბავშვების აღზრდასა და საშინაო საქმეებთან დაკავშირებული ვალდებულებების უდიდეს ნაწილს თავად ასრულებს.
- 5-დან 1 დედა ამბობს, რომ პარტნიორისგან არასაკმარისი დახმარების არქონის გამო, ყოველდღიური სტრესის ქვეშ იმყოფება.
უფრო მეტიც: პადუის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახლახან დაასკვნეს, რომ პარტნიორების დაშორების შემდეგ, სხვადასხვაგვარად ვითარდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა: მაშინ, როდესაც ქმარი კარგავს ცოლს, მისი ჯანმრთელობა უარესდება, ხოლო როდესაც ქალი კარგავს ქმარს, იგი ჯანსაღდება და სტრესსა და დეპრესიას უკეთ უმკლავდება. მკვლევართა ვარაუდით, ეს იმას უკავშირდება, რომ კაცები მეტად ეყრდნობიან თავიანთ ქალ პარტნიორებს, ვიდრე – პირიქით.
ერთი მხრივ, ოჯახზე ზრუნვის საკითხში, დედები პარტნიორებისგან თანასწორ მხარდაჭერას ელიან, მაგრამ იმ ოჯახებშიც კი, სადაც ორივე მშობელი სრულ განაკვეთზე მუშაობს, ოჯახის საქმეებით ქალი გაცილებით მეტადაა გადატვირთული, ვიდრე კაცი.
როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?
თუ თქვენ და თქვენს პარტნიორს სახლის საქმეების გადანაწილებული არ გაქვთ, დაელაპარაკეთ მას ამის შესახებ. ეცადეთ, შეადგინოთ ყველა წვრილმანის სია, რისი გაკეთებაც ყოველკვირაა საჭირო. სცადეთ, გააკეთოთ საერთო კალენდარი მობილურებში ან კომპიუტერებში.
ამბავს ყოველთვის აქვს ორი მხარე. ადვილია პარტნიორის დადანაშაულება იმაში, რომ სახლის საქმეების გაძღოლაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მაგრამ, მას ხშირად ძალიან უნდა, იყოს საუკეთესო მამა და ქმარი. ხანდახან, პრობლემა იმაშია, რომ დედები ბოლომდე არ ენდობიან თავიანთ პარტნიორებს, ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ საქმეს ხარისხიანად მხოლოდ თავად გააკეთებენ.
ამის გამოსწორება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: შეებრძოლეთ ცდუნებას! ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი დრო უნდა დააფასოთ, საკუთარ თავზე იზრუნოთ. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბავშვები გარეთ შეუსაბამოდ ჩაცმულნი გავლენ, დაე იყოს ასე!
ურთიერთობას ცოტაოდენი ცეცხლოვანება არ აწყენდა
როდესაც მშობლობის ჭაპანი იწყება, თქვენი ურთიერთობების უკანა პლანზე გადანაცვლება ადვილდება. მაგრამ, ეს ასე არაა. თქვენ არა მხოლოდ მშობლები ხართ, არამედ – პარტნიორებიც, და ადამიანებიც. თქვენ შორის სასიყვარულო ურთიერთობების წრთობა სამყაროს გაამრავალფეროვნებს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ყველაფერი უნდა იღონოთ იმისათვის, რომ კვირის მანძილზე, ერთმანეთს დროის გარკვეული მონაკვეთი დაუთმოთ: ბავშვების, სამსახურის, ყურადღების გამფანტავი ფაქტორების გარეშე. ურთიერთკავშირის გამყარება მოგეხმარებათ, შეეწინააღმდეგოთ იმ რთულ დღეებს, როდესაც ტირილი, ყვირილი ან კარგ საჭმელთან ერთად კარადაში დამალვა გინდათ. სიმართლე იმაშია, რომ თქვენც, თქვენი პარტნიორიც და ბავშვებიც მოგებულნი რჩებით იმ ოჯახში ცხოვრებით, რომელიც მყარ პარტნიორობას ეფუძნება.
წყარო: healthy-holistic-living.com