ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა კვლევის შედეგები წარადგინეს, რომლის თანახმადაც, ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებში სქესის კორექციის მიზნით ჩატარებული ოპერაციები დადებითად მოქმედებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მეცნიერებმა გააანალიზეს აშშ-ში ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების 2015 წლის გამოკითხვა, რომელში მონაწილეობაც დაახლოებით 2 000-მა რესპონდენტმა მიიღო. მონაწილეებს ეკითხებოდნენ, გაუკეთებიათ თუ არა ოპერაციები და სურდათ თუ არა გაკეთება. ოპერაციების სია მოიცავდა: მკერდის აუგმენტაციურ პლასტიკას, ორქიექტომიას, ვაგინაპლასტიკას/ლაბიოპლასტიკას, სახის მაფემინიზებელ ოპერაციას, ასევე ტრაქეისა და სახმო იოგების ოპერაციებს.
მეცნიერებმა გამოავლინეს იმ ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებში, რომლებსაც ოპერაციები აქვთ გაკეთებული, სტრესის დაქვეითება 42%-ით, სუიციდური აზრებისა კი -44%-ით, მათთან შედარებით, ვისაც ოპერაციები არ გაუკეთებია, მაგრამ მათი გაკეთება სურდა. კვლევის შედეგების თანახმად, ისინი, ვისაც ოპერაციების გაკეთება სურდა და გაიკეთა კიდეც, შედეგად 30%-ით იშვიათად ეწეოდნენ. ასევე, კვლევამ დაადგინა, რომ იმ ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებში, ვინც სასურველი ოპერაციები გაიკეთა, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება გაცილებით ინტენსიურად აღინიშნებოდა, ვიდრე მათში, ვისაც ოპერაციების მხოლოდ ნაწილი ჰქონდა გაკეთებული.
“ჩვენ სასიამოვნოდ გაგვაოცა იმ ურთიერთკავშირებმა, რომლებიც მართლაც რომ შთამბეჭდავია და, ჩვენი აზრით, მეტყველებენ ქირურგიის, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თერაპიის მნიშვნელოვნებაზე იმ ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც ოპერაციების გაკეთება სურთ”, – განუცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა ენტონი ალმაზანმა The Harvard Gazette-ს.