8 აპრილს, ასპინძაში, ქმარმა ცოლს გულმკერდის არეში დანით 8 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ორი შვილის დედა ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, ბრალდებული თავისი მეგობრის მოსაკლავად გაემართა. იგი მის სახლში შეიჭრა, მაგრამ როდესაც მეგობარი შინ ვერ ნახა, ამ უკანასკნელის მამას თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ზოგიერთ ნიუსში ნათქვამი იყო, რომ ზემოთხსენებული მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რაც საზოგადოებაში მსხვერპლის მიმართ წინასწარგანწყობილი დამოკიდებულებების საფუძველია.
„მკვლელობის მსხვერპლს ვიცნობდი. საკმაოდ პატარა ასაკში გაჰყვა ცოლად მკვლელს (მაშინ მე ბავშვი ვიყავი). ზოგადად, ასპინძაში ქალები ძალიან დაჩაგრულები არიან, მაგრამ ეს გოგონა – განსაკუთრებით: არ ჰქონდა პროფესია, მოწყდა განათლებას, გააჩინა შვილები და ქმრის და შვილების მოვლა-პატრონობით იყო დაკავებული.
ასპინძაში ყველა თვლის, რომ ქალი უნდა გაჩუმდეს, რომ კაცი ყოველთვის დამნაშავეა. შესაბამისად, ეს გოგოებს/ქალებს დაუცველობის და უსუსურობის განცდას უჩენს. მსხვერპლს უშუალოდ დახმარებისთვის არავისთვის მიუმართავს, გარდა მკვლელობის საღამოსი, როდესაც მან მეზობელს სთხოვა სახლში შეეშვა. როდესაც მეზობელმა იგი უარით გაისტუმრა, ამ დროს მიაყენა მკვლელმა ჭრილობა, ქუჩაში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ. სხვათა შორის, მსხვერპლი რამდენიმე თვის წინ დაშორდა მეუღლეს ცოტა ხნით, მაგრამ, როგორც მისი ნათესავი გოგონა ამბობს, მხოლოდ იმიტომ, რომ რაიონში უარყოფითი საუბრებისგან და ,,განათხოვარის” სახელისგან დაეცვა თავი, ქმარს ისევ დაუბრუნდა.
რა თქმა უნდა, ფაქტით ყველა შეძრულია, მაგრამ საზოგადოება თითქოს გაყოფილია ბევრ ნაწილად: ზოგს მკვლელი ეცოდება და თვლის, რომ ქალმა უბიძგა დანაშაულისკენ, ზოგი ამბობს, – რომ ისეთი ცუდი ცხოვრება ჰქონდა, პირიქით, სიკვდილი შვება იყოო. ზოგიც მსხვერპლს ვიღაცასთან ურთიერთობას აბრალებს და ცდილობს, ამით გაამართლოს მისი მკვლელობა. არიან გულწრფელად აღშფოთებულებიც (თუმცა, ისინი მხოლოდ გოგონას ახლობლები და ნათესვები არიან). დამნაშავედ არავინ თვლის თავს და არც პროტესტის გრძნობა უჩდებათ”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნინო ლეკიშვილი.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.