სექსუალობა / სტატიები

კლიტორის 3D გამოსახულება სექსუალური რევოლუციის დასაბამს გვამცნობს

საფრანგეთში, სკოლის მოსწავლეებს სექსუალური განათლების კლასებში კლიტორის ანატომიური მოდელის ხილვა უკვე შეუძლიათ. ამის გასაკეთებლად ყველა სამედიცინო, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების გამოყენებას დიდი დრო დასჭირდა; კლიტორის, ანუ სავნებოს სამგანზომილებიანი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგები მხოლოდ 2009 წელს გახდა ხელმისაწვდომი.

მაგრამ, ეს ცდად ნამდვილად ღირდა. როგორია, როდესაც მთელი ძალებით ცდილობ, სიამოვნება მიიღო იმისგან, რისი არსებობაც არ იცი? 2016 წელს, როგორც იქნა, ქალებმა შეიტყვეს, თუ როგორ გამოიყურება მათი სასქესო ორგანო. ბევრს იგი ასეთად არც კი წარმოედგინა.

ოქსფორდის ლექსიკონის თანახმად, კლიტორი „ქალის გარე სასქესო ორგანოს (ვულვა) წინა ნაწილში მოთავსებული მცირე, მგრძნობიარე, ერექციული ნაწილია“. სამგანზომილებიანი ხედით, იგი ფლერ დე ლისს (fleur-de-lys, ჰერალდიკური შროშანი) წააგავს.

მაგრამ, მთავარი აქ ის არის, თუ როგორ ააშკარავებს იგი საუკუნეების განმავლობაში გავრცელებულ მითს, რომელიც ქალის სექსუალობას ახშობდა. გარდა ამისა, ლექსიკონებში ვკითხულობთ, რომ კლიტორი თითის წვერის ზომისაა, ანუ საკმაოდ პატარა. ახლა კი, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ სავნებო ორი ფრთისგან შედგება, რომელთა სიგრძეც დაახლოებით 10 სანტიმეტრია. ანუ, კლიტორის ზომა სინამდვილეში გაცილებით დიდია, ვიდრე ამას თვალი აღიქვამს. ამ ვიზუალური მოდელის მიხედვით, ახლა უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ერტყმის გარს იგი საშვილოსნოს და შეღწევითი (პენეტრაციული) სექსის დროს როგორ იწვევს ორგაზმს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალის ორგაზმის შესახებ არსებული დისკუსიები ერთხელ და სამუდამოდ დემისტიფიცირებულია.

მოკლედ, კლიტორი ორგანოა, რომელიც ქალის ერექციული ქსოვილის პირამიდას ქმნის. მისი ფუნქცია ეროტიკული სიამოვნების წარმოქმნაა – სავნებო მხოლოდ და მხოლოდ ქალის სიამოვნების მიღებას ემსახურება. მისი ანატომია გვიჩვენებს, რომ არსებობს ორგაზმის მხოლოდ ერთი ტიპი, რომელიც კლიტორის პირდაპირი ან ირიბი სტიმულირებით მიიღწევა. მართალია, მთელი ჩვენი სხეული ეროგენულ პოტენციალს ფლობს, მაგრამ კლიტორის სტიმულირებას სიამოვნება და ორგაზმი ახლავს თან.

გარდა ამისა, კლიტორის 3D მოდელი გვიჩვენებს, რომ სქესობრივი აღზრდის, პოპ-კულტურისა თუ პორნოგრაფიის მიერ ქალის სხეულის აღქმა უბრალოდ ბრიყვულია. ასევე, სრული შეცდომაა პენისის ქალურ ეკვივალენტად საშოს (ვაგინა) და არა კლიტორის დასახელება.

ფემინისტები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ კლიტორი ქალის სასქესო სისტემაში გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ეს უროლოგმა ჰელენ ო’ტულმა (Helen O’Toole) 1998 წელს მონიშნა. თუ ქალებს ეცოდინებათ, თუ როგორ გამოიყურება მათი პირველადი ანატომიური სასქესო ორგანო, ეს მათ სექსუალურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვანწილად გააფართოებს.

წარმოიდგინეთ, როგორი თავდაჯერებულები გახდებიან კაცები, როდესაც ისინი იმ სიცრუისგან გათავისუფლდებიან, რომლის თანახმადაც, ქალის სექსუალურად დაკმაყოფილება ლატარიის მოგებაა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვეცოდინება, რა უნდა ვუპასუხოთ ცნობისმოყვარე ბავშვებს, რომლებსაც აინტერესებთ, თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან ჯეინის და ჯონის გენიტალიები: რა თქმა უნდა, კლიტორი შინაგანი პენისია, პენისი კი – გარეგანი კლიტორი.

ასე რომ, სავნებოს ამ 3D პროექციის წყალობით, ეს ცვლილებები ჩვენს მცდარ წარმოდგენებში არათუ შესაძლებელი, არამედ გარდაუვალიცაა, და მართალია, 3D ბეჭდვა მესამე ინდუსტრიულ რევოლუციად გამოცხადდა, მაგრამ იგი გვამცნობს ასევე სექსუალური რევოლუციის მოახლოებასაც.

წყარო: theguardian.com