კოალიცია თანასწორობისთვის

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ განცხადება მირანდა ფაღავას მიმართ განხორციელებულ ტრანსფობიურ ძალადობაზე

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება ტრანსგენდერი ქალის მირანდა ფაღავას მიმართ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ფაქტს[1] და სამართალდამცავ ორგანოებს ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მირანდა ფაღავას განცხადებით, მას, 28 იანვარს, დილის 4-დან 5 საათამდე დროის მონაკვეთში, თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა მისთვის უცნობი პიროვნება და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდასხმის შედეგად ქალს აქვს სხეულის დაზიანებები, მათ შორის ჭრილობა სახეზე. მისი განმარტებით, თავდამსხმელმა გამოიყენა ტრანსფობიური სიძულვილის ენაც. მირანდა ფაღავა აღნიშნავს, რომ თავდასხმის შემდეგ დახმარებისთვის მიმართა გამვლელებს, მათ შორის კერძო დაცვის თანამშრომლებს, მაგრამ მათ უარი უთხრეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის გამოძახებაზე.

საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური წინასწარგანწყობები – ნეგატიური დამოკიდებულება ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს ზიზღის, სიძულვილის, აგრესიული ქცევის სახით – განსაკუთრებით მაღალია საქართველოში,[2] რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ძალადობრივი დანაშაულების მიმართ და აწყდებიან ბარიერებს მართლმსაჯულების მისაწვდომობის კუთხით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს „ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.“ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია სათანადოდ ვერ ასახავს დანაშაულის სიმძიმეს და მსხვერპლის მიერ განცდილ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს, რაც გამომდინარეობს ტრანსგენდერი ქალების განსაკუთრებული მოწყვლადობისა და გარიყულობისგან ნებისმიერ სხვა ჯგუფთან შედარებით. მირანდა ფაღავას მიმართ ჩადენილი ქმედება შესაძლოა დაკვალიფიცირდეს სსკ 1443 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.“ სსკ 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ხოლო 1443 მუხლი იცავს როგორც ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ისე მის პატივსა და ღირსებას.

ამასთანავე, მირანდა ფაღავას ძალადობისგან დასაცავად უარი ეთქვა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე.[3] ამჟამად საქმე გამოძიების ეტაპზეა.

მიგვაჩნია, რომ მირანდა ფაღავას მიმართ ჩადენილ დანაშაულში არსებითია ტრანსფობიური სიძულვილის მოტივის გამოკვლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.[4] ცალკეულ საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევა მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეფექტიანი ანტიდისკრმინაციული პოლიტიკის გატარების,[5] სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ძირეული მიზეზების იდენტიფიცირებისა და მათი ზოგადი პრევენციის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას:

  • მიიღონ ყველა სათანადო ზომასაქმეში ტრანსფობიური სიძულვილის მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესაგროვებლად და დანაშაულის დასაკვალიფიცირებლად მისი სიმძიმის შესაბამისად;
  • დროულად მოახდინონ მირანდა ფაღავას დაზარალებულად ცნობა და ბრალდებული პირის იდენტიფიკაცია;
  • თუ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არ მოხდება, განახორციელონ დაზარალებულის დაცვის ღონისძიებები;
  • შეიმუშაონ ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სტრატეგია, რომლის მიზანიც ამგვარ დანაშაულზე რეაგირებასთან ერთად იქნება მის ძირეულ მიზეზებთან ბრძოლა და პრევენცია.

 

[1] იხ. „ლიბერალის“ 2018 წლის 28 იანვრის სტატია: http://liberali.ge/news/view/33918/transgenderi-qali-atskhadebs-rom-vakis-parktan-gamteniisas-tavs-daeskhnen

[2] იხ. WISG-ის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევა „წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე“. ავტ. ე. აღდგომელაშვილი. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://women.ge/publications/87/

[3] ვინაიდან ტრანსგენდერ ქალთა აბსოლუტურ უმრავლესობას ამაზე ხელი არ მიუწვდება ძვირადღირებულ სამედიცინო პროცედურებზე, მათი გენდერის სამართლებრივი აღიარება ვერ ხერხდება იდნეტიფიკაციის დოკუმენტებში. შესაბამისად, ისინი სხვა ქალების თანასწორად ვერ სარგებლობენ ძალადობისგან დაცვის მექანიზმით.

[4] იხ. Identoba and others v. Georgia, no. 73235/12, 12.05.2015; Nachova and Others v Bulgaria, no. [GC] – 43577/98 and 43579/98 6.7.2005 [GC].

[5] იხ. Identoba and others v. Georgia, no. 73235/12, 12.05.2015