ლგბტქი

კომპანია Mars ლგბტ სიამაყის თვეს კრეატიულად აღნიშნავს

ვის არ უყვარს კომპანია Mars-ის მიერ წარმოებული პროდუქცია?

ლგბტ სიამაყის თვის – ივნისის აღნიშვნაში, კომპანიამ თავისი წვლილი შეიტანა.

Mars-მა სოციალურ ქსელებში გამოსახულება გაავრცელა, რომელზეც M&M’s-ის  ნაირფერი დრაჟეებით ცისარტყელა დროშა იყო აწყობილი. კერძოდ, ფოტოზე ვერ ვნახავთ ყავისფერ დრაჟეებს, სამაგიეროდ, არის იისფერები. სხვათა შორის, იისფერ დრაჟეებს კომპანია 1950-იან წლებამდე უშვებდა. ფოტოს აღწერილობაში დაზუსტებული არ არის, განახლდება თუ არა მასობრივად ამ ფერის დრაჟეების წარმოება.

ცისარტყელა დროშად აწყობილი M&M’s-ის ფოტოს თან ახლავს სლოგანი: „ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ! გვიყვარს ის, რაც შიგნითაა…“. რა თქმა უნდა, შიგნით შოკოლადია.

გასულ თვეში, იგივე ფირმა Mars-მა დიდ ბრიტანეთში Snickers-ის ბატონები გამოუშვა, რომლის შეფუთვაც ცისარტყელას დროშის ზოლებით იყო დამშვენებული. ეს სპეციალური გამოშვება გეი პრაიდის მონაწილეთათვის იყო განკუთვნილი.

გარდა ამისა, ლგბტ სიამაყის თვე კორპორაცია Mars-მა ასევე დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთი პროდუქტით აღნიშნა. Skittles-ის ფერადი კანფეტები მან მთლად თეთრი შეფერილობით გამოუშვა. თეთრი დრაჟეების მახლობლად, მაღაზიაში განთავსებული რეკლამა გვაუწყებს: „გეი პრაიდის დროს, მნიშვნელობა მხოლოდ ერთ ცისარტყელას აქვს. ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად, ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს ცისარტყელაზე“.

პროდუქტის ყოველი გაყიდული შეფუთვიდან ორი პენი ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.